Thumbnail
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • ზაზა ფაჩულიამ და დეტროიტმა საკუთარ მოედანზე კლივლენდი დაამარცხეს
  • რასელ ვესტბრუკის დაბრუნებამ ოკლაჰომას საკრამენტოსთან ვერ უშველა
  • კემბა უოკერმა ბოლო ორ შეხვედრაში 103 ქულა მიითვალა   

ზაზა ფაჩულიას გუნდმა დეტროიტ პისტონსმა (8-6) საკუთარ მოედანზე კლივლენდ კავალიერსი (2-13) მიიღო და ანგარიშით 113:102 დაამარცხა. 

გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლით ანდრე დრამონდი და ბლეიკ გრიფინი გამოირჩნენ. დეტროიტის მთავარმა ცენტრმა 23 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, მძიმე ფორვარდმა კი 21 ქულას 12 მოხსნა მიამატა. 21 ქულა იყო რეჯი ბალოკის ანგარიშზე. კლივლენდში 18 ქულით ახალწვეული კოლინ სეკსტონი გამოირჩა.

რაც შეეხება დეტროიტელთა ქართველ ცენტრს, ფაჩულიამ მოედანზე 9:20 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა, მისი სამივე ორქულიანი ტყორცნა კი არაზუსტი აღმოჩნდა. ფაჩულია სამჯერ დაჯარიმდა. 

ზაზა ფაჩულია მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 12:55 წუთს თამაშობს 

ზედიზედ მეორე მოგების შემდეგ, დეტროიტს 14 მატჩში 8 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 22 ნოემბერს, სტუმრად ჰიუსტონში ელის.

ვესტბრუკმა ოკლაჰომას ვერ უშველა

სათამაშო დღის დასკვნით მატჩში საკრამენტო კინგსმა (9-8) საკუთარ მოედანზე ოკლაჰომა სიტი თანდერი (10-6) ანგარიშით 117:113 დაამარცხა. მოედანზე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტუმართა რიგებში ტრავმის შემდეგ დაბრუნებული რასელ ვესტბრუკი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა - 29 ქულა, 13 მოხსნა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.  

მატჩის ერთ ეპიზოდში ოკლაჰომას გამთამაშებელი კალიფორნიელთა ცენტრ უილი კოლი-სტაინს დაუპირისპირდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ვესტბრუკმა კოლი-სტაინს წესების დარღვევით დაუფარა. დაპირისპირებულ კალათბურთელებს შორის დროულად ჩადგა ტანდერის ცენტრი სტივენ ადამსი და კონფლიქტი მალევე ამოიწურა. 

საკრამენტოში, რომელმაც ბოლო ხუთი თამაშიდან მეორედ მოიგო, 25 ქულა ბადი ჰილდის ანგარიშზე იყო. 

ემბიიდი, ბატლერი და აივერსონი

შინ მოიგო ფილადელფია სიქსერსმა (12-7), რომელმაც ფინიქს სანსი (12-7) დაამარცხა - 119:114.  გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლით ჯოელ ემბიიდი (33 ქულა, 17 მოხსნა) და ბენ სიმონსი (19 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი) გამოირჩნენ. ფინიქსში 37 ქულა დევინ ბუკერს ჰქონდა.

ემბიიდის კურიოზი

16 ქულა ჩააგდო ფილადელფიას ახალწვეულმა ჯიმი ბატლერმა, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ მოედანზევე გუნდის ლეგენდარულ გამთამაშებელს ალენ აივერსონს შეხვდა და გადაეხვია. მოგვიანებით, გასახდელში ბატლერმა და აივერსონმა მაისურიებიც გაცვალეს.

სიმაღლე მთავარი არაა!  

შარლოტ ჰორნეტსის გამთამაშებელი კემბა უოკერი NBA-ს ისტორიაში მეექვსე მოთამაშე გახდა, ვინც მინიმუმ 40 ქულა მიითვალა მას შემდეგ, რაც წინა მატჩის აქტივში 60 ქულა ჰქონდა. ასეთი რამ უწინ მხოლოდ უინ ჩემბერლენს, პიტ მარავიჩს, მაიკ ჯორდანს, ტრეისი მაკგრეიდისა და კობი ბრაიანტს გაუკეთებიათ.

რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, უოკერის გუნდმა შარლოტ ჰორნეტსმა (8-8) საკუთარ მოედანზე ბოსტონ სელტიკსი (9-8) დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 117:112 დაამარცხა. ძირითადი დროის დასრულებამდე 9:30 წუთით ადრე "კელტებს" 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს. თამაშის გმირი კი სწორედ კემბა უოკერი გახდა, რომელმაც 43 ქულა ჩააგდო. 

შეგახსენებთ, რომ 185 სმ სიმაღლის კემბამ წინა შეხვედრაში, რომელიც ჰორნეტსმა შინ ფილადელფიასთან დათმო (119:122), 60 ქულა ჩააგდო და გახდა მეორე მოთამაშე NBA-ში, ვისი სიმაღლეც 185 სმ-ს არ აღემატება და ერთ თამაშში 60 ქულით გამოირჩა. მანამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ ალენ აივერსონს (183 სმ) ჰქონდა.

სხვა მატჩები

მოგებათა ოთხმატჩიანი სერია აქვს მემფის გრიზლისს (11-5), რომელმაც შინ დალას მავერიკსს (7-9) მოუგო - 98:88. გამარჯვებულებს 28 ქულით მაიკ კონლიმ ულიდერა, ორმაგი დუბლი კი (17 მოხსნა, 15 მოხსნა) მემფისელთა ცენტრ მარკ გაზოლს ჰქონდა. დალასელთა რიგებში ორმაგი დუბლი ცენტრ დეანდრე ჯორდანსა (17 ქულა, 20 მოხსნა) და 2018 წლის დრაფტის მესამე ნომერ ლუკა დონჩიჩს (15 ქულა, 10 მოხსნა) ჰქონდათ. მემფისი დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, დალასი კი - მეცამეტეზე.

ნიუ ორლეანში პელიკანსმა (10-7) სან ანტონიო სპურსი დაამარცხა - 140:126, მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი მასპინძელთა ცენტრი ენტონი დევისი გახდა - 29 ქულა. სამმაგი დუბლი შეასრულა ჯულიუს რენდლმა - 21 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი. სპურსში 21 ქულა დემარ დეროზანის ანგარიშზეა.

მორიგი გამარჯვება იზეიმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა მილოუკი ბაკსმა (12-4), რომელმაც შინ დენვერ ნაგეტსს (10-7) სძლია - 104:98. ყველაზე შედეგიანი გამარჯვებულთა ფორვარდი იანის ადეტოკუნბო იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა - 29 ქულა, 12 მოხსნა. 23 ქულა იყო ერიკ ბლედსოს აქტივში. დენვერში 20 ქულით ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა.

ლოს ანჯელეს კლიპერსმა (11-5) სტუმრად ატლანტა ჰოუქსს (3-14) მოუგო - 127:119. გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლით მონტრეზ ჰარელი (25 ქულა, 11 მოხსნა) და ლუ უილიამსი (16 ქულა, 11 პასი) გამოირჩნენ. ატლანტაში ორმაგი დუბლი წლევანდელი დრაფტის მეხუთე ნომერს ტრეი იანგს ჰქონდა - 25 ქულა, 17 პასი.

ინდიანა პეისერსმა (11-6) შინ დამაჯერებლად სძლია იუტა ჯაზს (8-9), რომელსაც პირველსავე მეოთხედში 13-ქულით აჯობა, საბოლოოდ კი ანგარიშით 121:94 დაამარცხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე "ჯაზმენების" მცველი რიკი რუბიო იყო, რომელმც 6-იდან 5 სამქულიანი ჩააგდო და ჯამში 28 ქულა მიითვალა. ინდიანაში 21 ქულა ბოიან ბოგდანოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა დომანტას საბონისს, რომლის აქტივში 19 ქულა, 9-9 მოხსნა და პასია.

სათამაშო დღის ტოპ-10 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები