- whoscored.com-ის შეფასებები
- ჩაკვეტაძე საუკეთესო მატჩშიც და ჯგუფშიც
უეფას ერთა D ლიგის პირველი ჯგუფის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა 2:1 დაამარცხა ყაზახეთის ნაკრები და ტურნირი 6 თამაშიდან 16 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. ახლა საქართველოს ნაკრები, როგორც არასდროს, ახლოსაა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან. ამისთვის საჭიროა: 2020 წლის მარტში საქართველოში დაამარცხოს პლეი ოფის ნახევარფინალისტი (მეტოქე ხვალ გაირკვევა) და შემდეგ ფინალშიც (რომლის მასპინძლობაც ნოემბერში წილისყრით გადაწყდება) იმარჯვოს და ევრო 2020-ის სრულუფლებიანი მონაწილე გახდება.
საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის ცნობილმა საიტმა whoscored.com-მა ამ მატჩის მონაწილეების თამაში შეაფასა.
დიდი გამოცნობა არ უნდა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გოლისა და საგოლე პასის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. 19 წლის ქართველმა 8.7 ბალი მიიღო 10-ბალიანი სისტემით. მეორე-მესამე ადგილზეც ქართველები გავიდნენ: საბა კვერკველია - 7.8 და გიორგი მერებაშვილი - 7.6. მეტოქისგან საუკეთესო სერიკჟან მუჟიკოვი იყო - 7.6.
გიორგი ჩაკვეტაძემ კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, მას ერთი დარტყმით ჩამორჩა ვაკო გვილია - 4. 3-3 დარტყმა გურამ კაშიასა ოთარ კაკაბაძეზე მოდის.
ქართველთაგან ყველაზე მეტი ორთაბრძოლა ნიკა კვეკვესკირმა მოიგო - 3. ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი კი, რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძის ანგარიშზეა - 3.
whoscored.com-ის შეფასებები
საქართველო: ლორია (6.3) - კაკაბაძე (6.7), კვერკველია (7.8), კაშია (6.8), დვალი (6.9) - კანკავა (7.3), კვეკვესკირი (7.3) - მერებაშვილი (7.6), გვილია (6.2), ჩაკვეტაძე (8.7) - ყაზაიშვილი (7.4)
სათადარიგოები: ხოჭოლავა (6.1), აბურჯანია (6.0), კაჭარავა (6.0).
ჩაკვეტაძის სტატისტიკა
ზუსტი შეფასება: 8.72
დარტყმა: 5
პასი: 79%
დრიბლინგი: 3
შეხება: 58
იყო 'ათიანიც'
აღსანიშნავია, რომ 8.7 არ არის საუკეთესო შეფასება, რაც ჩაკვეტაძეს ერთა ლიგაზე მიუღია. ლატვიასთან სტუმრად 3:0 მოგებულ შეხვედრაში მან იდეალური შეფასება - 10 დაიმსახურა. სხვა შეფასებებს კი დღევანდელი ნამდვილად აღემატება.
ჩაკვეტაძე ჯგუფის MVP
8.17 საშუალო შეფასებით ის ლიგის პირველი ჯგუფის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მეორეზე ყაზახი გაფურჟან სუიუმბაევი გავიდა - 7.83, მესამეზე კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა - 7.68. საუკეთესო ათეულში 7 ქართველი და 3 ყაზახია. ზემოთ ჩამოთვლილი დუეტის გარდა: 4. საბა კვერკველია - 7.57, 7. გურამ კაშია - 7.33, 8. ნიკა კვეკვესკირი - 7.26, 9. გიორგი ნავალოვსკი - 7.26, 10. ოთარ კაკაბაძე - 7.24.
კომენტარები