Thumbnail

'ოცნებას ორი ნაბიჯი გვაშორებს' - ამბობს ვლადიმირ ვაისი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა მერებაშვილის და ჩაკვეტაძის გოლებით მოიგო
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი ჯგუფის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩში ყაზახეთს უმასპინძლა და 2:1 სძლია მეტოქეს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და D დივიზიონის ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს. ყაზახეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და სხვა თემებზეც ისაუბრა...

შესარჩევში სხვა დონის მეტოქეები გველის

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):დიდი მადლობა გულშემატკივრებს ასეთი შესანიშნავი ატმოსფეროსთვის. მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი საქართველო გავახარეთ და ამით ბედნიერი ვარ. საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი და ასეთი ქომაგების გახარება განსაკუთრებულად სასიამოვნოა. 

მომდევნო წლიდან დავიწყებთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, სადაც სხვა დონის გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება. მივიღებთ გამოცდილებას, ვისწავლით და ვიბრძოლებთ მაღალი ადგილის დასაკავებლად. 2020 წელი შორსაა, თუმცა აქედანვე სასიამოვნოა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს თბილისში ჩავატარებთ. ოცნებას ორი ნაბიჯი გვაშორებს: ნახევარფინალი და ფინალი.

ბარსელონას დაინტერესება მეც ვიცი

გიორგი ჩაკვეტაძე საოცარი ნიჭის პატრონია. ერთა ლიგის მატჩებში ის საუკეთესო იყო ჩვენ ნაკრებში და 19 წლის ასაკში ეს განსაკუთრებულად დასაფასებელია. რამდენი მილიონით გაიზარდა მისი ფასი? - ძალიან ახალგაზრდაა და მოდით, ნუ ვისაუბრებთ მის ფასზე. სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ბელგიის ჩემპიონატში გადავიდა და ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა. თუ ასე გაგრძელდა, გენტი ვერ შეინარჩუნებს და ესეც მისი წინსვლის საწინდარი იქნება.

მეც გავიგე მისით ბარსელონას დაინტერესების შესახებ. ნუ ჩავერევით უხეშად მის კარიერასა და საქმეში. ასეთი თამაშის ჩვენება გაცილებით რთულია შედარებით მაღალ დონეზე და ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მისი შესაძლო გადაბარგების ამბავს მსოფლიო ფეხბურთის გრანდში. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გუნდის წარმოდგენა შეუძლებელია ჯაბა კანკავას გარეშე. ჯაბა არის მოთამაშე, რომელზეც გუნდი დგას. 

40 მოთამაშეს ვაკვირდები

ავთო ებრალიძეს ვაკვირდები და ვიცი, რომ პორტუგალიაში კარგად ასპარეზობს. ყოველთვის იყო კითხვები არაბიძეზე, ზარანდიაზე და ეს გასაგებია. დაახლოებით 40 მოთამაშეს ვადევნებ თვალს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ანანიძე, ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი, ქვილითაია, ნავალოვსკი, კიტეიშვილი - ეს ფეხბურთელებიც უნდა ყოფილიყვნენ დღეს, მაგრამ ტრავმირებულნი არიან. კონკურენცია დიდია და კონკრეტულ მატჩში ითამაშებენ ისინი, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნებიან. 

დღეს ცოტა ხმასაც ავუწიე

შეგვიძლია არა მარტო ყაზახეთთან მატჩი, მთელი ჯგუფი შევაფასოთ. შედეგის მხრივ, უკმაყოფილო ვარ მხოლოდ ანდორაში გამართული თამაშით. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, იყო პრობლემები მომენტების რეალიზებასთან დაკავშირებით.

დღეს, შესვენებაზე გვილიას, ყაზაიშვილს, მერებაშვილს ცოტა სხვაგვარად ველაპარაკე, ხმას ავუწიე და ამანაც მოიტანა შედეგი. პერიოდულად, ეს მოტივაციისთვის არის საჭირო. რაც შეეხება ჩემ კონტრაქტს, 2020 წლამდეა გათვლილი, თუმცა დღეს ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. წინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრაა, რომელსაც დავესწრები და შემდეგ, ვისაუბროთ ყველაფერზე.

ვლადიმირ ვაისი

კომენტარები

ბოლო ამბები