Thumbnail

ერთა ლიგა | რას მოუტანს საქართველოს ნაკრებს ყაზახეთის დამარცხება

  • ⚽ საქართველო V ყაზახეთი 📅 ორშაბათი ⌚ 21:00 📺 პირველი არხი
  • 'დინამო არენაზე' სამი გადამწყვეტი ქულისთვის

19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველ ჯგუფში ბოლო მატჩს ატარებს, ყაზახეთის ნაკრებს მასპინძლობს. ვლადიმირ ვაისის გუნდს უკვე გარანტირებული აქვს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში თამაში, მაგრამ გუნდს ჯერ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჯგუფში არ ჩაუტარებია.

საქმე იმაშია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოიგებს თუ ვერა საქართველოს ნაკრები დღეს (ფრეს და მარცხს თითქმის ერთი ფასი აქვს). რატომ?

თუ საქართველოს ნაკრები მოიგებს

► გუნდი გაინაღდებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო წილისყრაში (რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება) მე-4 კალათს. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ეტაპზე გარანტირებულად შეხვდება, ორი მასზე სუსტი ნაკრები. 

► მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ასევე გაინაღდებს ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში უკეთეს პოზიციას - მასპინძლის უფლებას. 

თუ საქართველოს ნაკრები ვერ მოიგებს

► გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო წილისყრაში მე-5 კალათში მოხვდება და შესაბამისად, უფრო მეტ ძლიერ ნაკრებთან მოუწევს პაექრობა.

► ვერმოგების შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმის, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ნახევარფინალს სტუმრად ითამაშებს. 

რომ სათვლელად არ გაგვიხდეს საქმე

6 სექტემბერს მერებაშვილმა და კომპანიამ სტუმრად 2:0 დაამარცხა ყაზახეთი

D ლიგაში ერთ ჯგუფში უკვე დასრულდა ტურნირი - მე-2 ჯგუფში ბელარუსის ნაკრებმა 14 ქულით გაიმარჯვა და ეს გუნდი ჩვენსავით 2020 წლის მარტში პლეი ოფში ითამაშებს.

მოგების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი 16 ქულას აგროვებს და ვერც ერთი ჯგუფის გამარჯვებული ვერ დაეწევა მას - მე-4 კალათიც ჩვენი იქნება და პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობაც.

გასარკვევია კიდევ ორი გუნდის ვინაობა - მე-4 ჯგუფის თამაშები დღეს არის და მაკედონია გიბრალტარს მასპინძლობს. შეიძლება ითქვას, 99%-იანი ალბათობით, რომ მაკედონიასაც გარანტირებული აქვს პლეი ოფის საგზური. ის სავარაუდოდ 15 ქულას მოაგროვებს. მე-3 ჯგუფის თამაშები ხვალ გაიმართება, ფავორიტი კოსოვოა 11 ქულით, თუმცა შანსი 9-ქულიან აზერბაიჯანსაც შერჩა. კოსოვო აზერბაიჯანს მასპინძლობს და უბრალოდ არ უნდა წააგოს. 

თუ ჩვენი ნაკრები ყაზახეთს ვერ მოუგებს, ფრის შემთხვევაში - ყველა ვარიანტში ჩამორჩება რეიტინგში ბელარუსს. ამიტომ ეს გუნდი მოხვდება მე-4 კალათში (ამ ლიგიდან მე-4 კალათში მხოლოდ ერთი გუნდი ხვდება).

თუმცა ფრისა და წაგების შემთხვევაში გვრჩება შანსი, რომ 2020 წლის მარტის ნახევარფინალი შინ ვითამაშოთ. მაგრამ ეს შანსი თეორიულია - კოსოვომ ვერ უნდა მოუგოს აზერბაიჯანს და მაკედონიამ ვერ უნდა დაამარცხოს გიბრალტარი (თან ეს ორივე პირობა უნდა შესრულდეს).

ამ შემთხვევაში D ლიგის რეიტინგში მეორეადგილოსანი გუნდის სტატუსით ვითამაშებთ ნახევარფინალს თბილისში, მეტოქე კი მესამეადგილოსანი გუნდი იქნება. სხვა შემთხვევაში, ნახევარფინალის სტუმრად გამართვა მოგვიწევს. 

საინტერესოა, რა ხდება ფინალის შემთხვევაში - ნოემბერშივე ჩატარდება წილისყრა ნახევარფინალურ წყვილებში და ის გუნდი უმასპინძლებს ფინალს, რომლის წყვილსაც წილისყრაში გაუმართლებს და თავად ნახევარფინალს დაძლევს. 

ასე რომ, ყაზახეთთან გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვებით ვლადიმირ ვაისი ორ კურდღელს დაიჭერს. 

კომენტარები

ბოლო ამბები