Thumbnail

'ერთ-ერთი რთული ჯგუფი შეგვხვდა' - ენრიკეს ესპანეთის ნაკრებიდან მაინც არ უშვებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცოგოვინას მოუგო
  • ლუის ენრიკე აცხადებს, რომ ერთა ლიგაში ერთ-ერთი რთული ჯგუფი შეხვდა
  • ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც უეფას ერთა ლიგაში გამოსვლა ცოტა ხნის წინ წარუმატებლად დაასრულა, ამხანაგური მატჩი ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებთან გამართა. ლას პალმას დე გრან კანარიაში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით, სელტას ნახევარმცველის ბრაის მენდესის მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.

21 წლის მენდესმა ეროვნულ ნაკრებში გოლის გატანა სადებიუტო მატჩშივე შეძლო

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში, A დივიზიონის მეოთხე ჯგუფში გამოსვლა 6 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა. ტურნირის პლეი ოფში თამაშის უფლება ამ ჯგუფში ინგლისმა (7 ქულა) მოიპოვა, B ლიგაში კი ხორვატია (4) დაქვეითდა.

ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის ერთა ლიგაში გამოსვლაც შეაფასა:

"მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ტურნირში ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი გვერგო. სტარტზე მოპოვებული ორი მოგების შემდეგ, ყველას გვეგონა, რომ ფინალურ სტადიაზე გავიდოდით, მაგრამ ესეთია ფეხბურთი - უიღბლობლამ და გარკვეული შეცდომებმა წინ წასვლის საშუალება არ მოგვცა. ახლა მთელი ყურადღება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უნდა დავუთმოთ და ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები კარგად გამოიყურება".

ენრიკეს ხელმძღვანელობით ნაკრებმა ჯამში 6 მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო და 2 დათმო

48 წლის ენრიკემ, რომელიც ესპანეთის ნაკრებს სათავეში უეფას ერთა ლიგის დაწყებამდე ჩაუდგა, პირველი მიზანი ვერ შეასრულა, თუმცა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა მხარდაჭერა მაინც გამოუცხადა:

"რა თქმა უნდა, ფინალურ სტადიაზე გასვლა გაგვახარებდა, მაგრამ უარეს შემთხვევაში, შევძელით და A ლიგაში ადგილი მაინც შევინარჩუნეთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გუნდში გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს - ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგრძელებთ წინსვლას და გვჯერა ნაკრების ფეხბურთელებს.

ფედერაცია აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ ნაკრებს ამ მწვრთნელთან ერთად შეუძლია წარმატების მიღწევა. ჩვენ კმაყოფილი ვართ მისი საქმიანობით და მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს", - აქვეყნებს რუბიალესის ნათქვამს Football Espana

კომენტარები

ბოლო ამბები