Thumbnail

ჯორჯიის შტატის 17 წლის ქართველი ჩემპიონი - ინტერვიუ ბუკა ფეიქრიშვილთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ამერიკის სასკოლო ლიგაში გამოდის
  • ბუკა ამერიკულ ყოფაზე, განვლილ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს 

ბუკა ფეიქრიშვილი 13 წლიდან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავს, 16-წლამდელთა გუნდთან ერთად კი, რომლის კაპიტანიც იყო, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა. ბუკამ, რომელიც ამჟამად 17 წლისაა, კარიერა ჰიუნდაიში დაიწყო, მოგვიანებით კი მისით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. საბოლოოდ კალათბურთელი ამერიკაში აღმოჩნდა და Holy Spirit Preparatory School-ში ჩაირიცხა, სადაც ჯორჯიის შტატის ჩემპიონი უკვე ორჯერ გახდა.

ბუკას გადატვირთული გრაფიკი აქვს, ჩვენთან საუბრისთვისაც დრო სკოლისკენ მიმავალ გზაზე გამონახა. ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს შტატის ჩემპიონობაზე, სამომავლო გეგმებსა და ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

ჰიუნდაი და ასაკობრივი ნაკრებები

ბუკა ფეიქრიშვილი: "კალათბურთის თამაში თბილისში, საკალათბურთო კლუბ ჰიუნდაიში დავიწყე. 7 წლის ვიყავი და ჩემი მწვრთნელები ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და ლაშა თოიძე იყვნენ, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი საკალათბურთო კარიერის განვითარებაში.

როდესაც სხვადასხვა ტურნირებზე გამოსვლა დავიწყე, ჩემი შესაძლებლობებით ბევრი დაინტერესდა. იმ დროისთვის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავდა. რამდენჯერმე გავხდით საქართველოს ჩემპიონები, რის შემდეგაც ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახეს, სადაც კაპიტნად დამნიშნეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც მესამე ადგილი დავიკავეთ და A დივიზიონში გადავედით".

ბუკა ფეიქრიშვილი ჰიუნდაის რიგებში
ფოტო: საქართველოს კალათბურის ფედერაცია

ევროპის ნაცვლად ამერიკაში

თავდაპირველად ევროპიდან, კერძოდ იტალიიდან მქონდა შემოთავაზება 12 წლის ასაკში, ერთ-ერთ კლუბში მეთამაშა. ჩასულიც ვიყავი რომში, გუნდზეც გარკვეული წარმოდგენა შემექმნა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ვერ წავედი.

ორი წლის შემდეგ,ერთ-ერთი ევროპული სააგენტოს დახმარებით ატლანტაში, Holy Spirit Preparatory School-ში ჩავირიცხე.

ბუკა ფეიქრიშვილი 16-წლამდე ლთა ნაკრებში

შტატის ორგზის ჩემპიონი

"რაც შეეხება ჩემს გუნდს, უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც ჯორჯიის შტატის ჩემპიონები ვხდებით. შტატში ნომერი პირველი გუნდი ვართ და ამერიკის მასშტაბით ძალიან ბევრმა იცის ჩვენი გუნდის შესახებ.

ჩემპიონობას ისიც ემატება, რომ ჩვენს გუნდში ენტონი ედვარდსი ასპარეზობს, რომელიც ამერიკის ასაკობრივი ნაკრების წევრია და ამერიკის მასშტაბით N1 რეიტინგში (High School) . მისი თამაშის გამო ჩვენი კლუბით უამრავი ადამიანი ინტერესდება".

ბუკა ფეიქრიშვილის თანაგუნდელი ენტონი ედვარდსი 📺

"2018-2019 წლების სეზონის განრიგი უკვე ცნობილია და წელს National Shedule-ზე ვიასპარეზებთ, სადაც ჩვენი შტატის ფარგლებს გარეთ, საუკეთესო გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა. დიდი იმედი გვაქვს, რომ შტატის ჩემპიონები ისევ გავხდებით და მესამე ბეჭედსაც მოვიპოვებ. ამ მომენტისთვის ამერიკის სკოლებს შორის მე-10 ადგილს ვიკავებთ.

ბუკა შტატის ჩემპიონის ტიტულით

სწავლა და ვარჯიში, ვარჯიში და სწავლა

"ყოველ დილით 6-ის ნახევარზე ვვარჯიშობ, სკოლის შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, კლუბთან ერთად 3-საათიანი ვარჯიში მაქვს. ძალიან ადრე ვიძინებ, რადგანაც დილით 5 საათზე უნდა ავდგე. ყველაზე დიდი წვლილი ჩვენი გუნდის ჩემპიონობაში დისციპლინას შეაქვს. თავისუფალი დრო არ მაქვს - ან ვვარჯიშობ, ან ვმეცადინეობ. 

კვირა არის ერთადერთი დღე, როცა ვარჯიში არ მაქვს და ვცდილობ, რომ ამ პერიოდში დავისვენო და დატვირთული კვირისთვის მოვემზადო.

საყვარელი კალათბურთელი 

"NBA-ს ვარსკლავებიდან ჩემი კუმირი ყოველთვის დუეინ უეიდი იყო. ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის შრომასა და კარიერას. აქ ბევრ ვარსკვლავს შევხვდი, მაგრამ მათგან ერთ გამოვარჩევ - სტივ სმიტს, რომელთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს. მან ამერიკის ნაკრებში მაიკლ ჯორდანთან ერთად ითამაშა, NBA-ში კი 14 სეზონი გაატარა".

Dream Team

მეჯიქ ჯონსონი, დუეინ უეიდი, ლებრონ ჯეიმსი, ტიმ დანკანი, შაკილ ო'ნილი.

Golden State Warriors

"გოლდენ სტეიტი ძალიან ძლიერი გუნდია და ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავთ. ცენტრის გარეშე ძალიან სწრაფად თამაშობენ. მოძრაობას უბურთოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას ემატება ძალიან კარგი მსროლელები და ერთობლივად იქმნება NBA-ს ჩემპიონი გუნდი".

საქართველოს ნაკრები

"ჩემი ქვეყნის სახელით თამაში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ნაკრებში ვითამაშო, მაგრამ ვნახოთ, ზაფხულამდე დიდი დროა".

კომენტარები

ბოლო ამბები