Thumbnail
  • საქართველო 27:19 სამოა
  • საქართველოს ნაკრებმა სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეიწყვიტა
  • ბორჯღალოსნებმა სამოასთან 16-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს
  • ავჭალაში ლელოები ლობჟანიძემ, გიორგაძემ და აფრასიძემ დადეს
  • საქართველოს ნაკრებს 12 ქულა დებიუტანტმა აბჟანდაძემ მოუტანა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის სერიის მეორე ტესტ-მატჩი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართა, სადაც სამოას უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 27:19 დაამარცხა. მილტონ ჰეიგის გუნდმა ამ გამარჯვების წყალობით, წაგებათა სამმატჩიანი სერია შეწყვიტა, რომელიც ივნისში, ფიჯისთან დაიწყო და იაპონიასა და იტალიასთან გაგრძელდა. "ბორჯღალოსნებმა" მოგება გაიხსენეს და ეს ძალიან დრამატულ შეხვედრაში გააკეთეს.

კუნძულელები საქართველოს დედაქალაქში, 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოგების იმედად ჩამოვიდნენ და მატჩის დაწყებამდე ავჭალის სტადიონზე თავიანთი სარიტუალო ცეკვაც ომახიანად შეასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა კი ანგარიში თამაშის დასაწყისშივე გახსნა. უკვე მე-2 წუთზე საჯარიმოდან ზუსტად "ბორჯღალოსნების" დებიუტანტმა თედო აბჟანდაძემ დაარტყა და ეროვნულ გუნდში პირველი ქულები მიითვალა - 3:0. 

მაგრამ კუნძულელებმა სწრაფადვე გვიპასუხეს. სამოას იერიში მე-9 წუთზე ლელოს გატანით ფიდოუმ დაასრულა, პისიმ კი გარდასახა და საქართველოს ნაკრებისთვის კოშმარული პერიოდიც აქედან დაიწყო - 3:7.   

ნოდარ ჭეიშვილის შეტევა სამოელებმა მაინც შეაჩერეს

საწყის წუთებში ჩანდა, რომ წვიმისგან დამძმებულ მოედანზე ფეხის მოკიდება "ბორჯღალოსნებს" უფრო უჭირდათ, ჰქონდათ ბევრი ხარვეზი, მათ დაცვაში არსებულ სივრცებს კი სტუმრები ჭკვიანურად იყენებდნენ. შედეგად, მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ლელო გაუშვა. ჩათვლის მოედანში ბურთი პაულომ დადო, პისიმ კი შედარებით ხელსაყრელი პოზიციიდან ვეღარ გარდასახა - 3:12.

"ბორჯღალოსნებმა" თამაში ვერ დაალაგეს, ფიზიკურად ძლიერმა სამოელებმა კი 28-ე წუთზე კონტრშეტევა მესამე გატანილი ლელოთი დაასრულეს. საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედნისკენ გაქცეულ ტუალას ხელი ვერავინ შეუშალა და პისიმაც გარდასახა - 3:19.

ვასილ ლობჟანიძემ ეროვნულ ნაკრებში მეექვსე ლელო გაიტანა

თამაშის სურათიდან გამომდინარე, თითქოს შანსი აღარ იყო, მაგრამ "ბორჯღალოსნები" თამაშში ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ვასილ ლობჟანიძემ მაინც დააბრუნა - ქართველი მორაგბეების შეტევა ლელოს დადებით დაასრულა, აბჟანდაძემ კი გარდასახა და იმედი ისევ გაჩნდა - 10:19.

შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, მეორე ტაიმში კი სულ სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილეთ. "ბორჯღალოსნებმა" უფრო თამამად შეუტიეს მეტოქეს, თამაში კი დიდწილად სამოას ნახევარზე წარიმართა. კარგად შემოვიდა მოედანზე გელა აფრასიძე, ასევე ახალწვეულები: გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი.

ოთარ გიორგაძემ ნაკრებში მესამე ლელო მიითვალა

მე-60 წუთზე საქართველოს ნაკრების მრავალფაზიანი შეტევა, ბოლოს და ბოლოს ლელოთი დასრულდა. ბურთი სამოას ჩათვლის მოედანში ოთარ გიორგაძემ დადო, აბჟანდაძემ გარდასხვა კი კვლავაც ზუსტად დაარტყა და სხვაობა უკვე ორ ქულამდე შეიმცირდა - 17:19.

სამოა თითქოს შოკში იყო, საქართველოს ნაკრებმა კი ხუთ წუთში წარმატებული მეორე შეტევაც განახორციელა, რომელიც გელა აფრასიძის ნახტომში დამიწებული ბურთით დასრულდა. აბჟანდაძემ ესეც გარდასახა და "ბორჯღალოსნები" ანგარიშში წინ გავიდნენ - 24:19. 

72-ე წუთზე თედომ უკვე საჯარიმოდანაც გაიტანა, ანგარიშში სხვაობამ 8 ქულა შეადგინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამოელებს წაგებისგან ერთი ლელო და გარდასხვაც აღარ ეყოფოდათ. მაგრამ სტუმრებმა დარჩენილ დროში, დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი მოახერხეს - ქულაც ვერ მოიპოვეს, საქართველოს ნაკრებმა კი ძალიან რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება დამსახურებულად იზეიმა. 

გელა აფრასიძემ ბორჯღალოსნების მაისურით პირველი ლელო გაიტანა

ეს საქართველოს და სამოას მეხუთე დაპირისპირება იყო ისტორიაში, რომელიც 2003 წელს, მსოფლიოს თასიდან დაიწყო. მაშინ სამოამ მოიგო, მას შემდეგ კი საქართველომ სამჯერ იმარჯვა, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. 

საქართველოს ნაკრები საშემოდგომო ტესტებს 24 ნოემბერს, ვაკის სტადიონზე ტონგასთან შეხვედრით დაასრულებს.

საქართველოს ნაკრები: ლაშა ხმალაძე, გიორგი კვესელაძე, მერაბ შარიქაძე (კაპ), თამაზ მჭედლიძე, ზურაბ ძნელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დუდუ ქუბრიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: ანზორ სიჭინავა, ლაშა მალაღურაძე, გელა აფრასიძე, შალვა მამუკაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, შალვა სუთიაშვილი, ბექა ბიწაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები