Thumbnail

'ჩვენი მიზანია ასტრონომიული წონა: 500 კილოგრამი' - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეფასებები
  • ლაშა ტალახაძის რეკორდები და მისი შესაძლებლობების ზღვარი

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა, ტურნირის კულმინაცია კი ლაშა ტალახაძის ტრიუმფალური გამოსვლა იყო. ქართველმა მძიმეწონოსანმა მესამედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ერთბაშად 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქართველი ძალოსნების ბოლოდროინდელ წარმატებებში და მათ შორის, ტალახაძის მიღწევებში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ასევე ბრწყინვალე ძალოსანს, გიორგი ასანიძეს, რომელმაც popsport-თან საუბარში აშხაბადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი შეაფასა...  

popsport: როგორ შეაფასებთ თურქმენეთის დედაქალაქში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს?

ასანიძე: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ძალიან კარგი ჩემპიონატი ტრიუმფალური დასასრულით. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პლანეტის უძლიერესი ძალოსანი და ყველაზე ღონიერი სპორტსმენი ქართველი ლაშა ტალახაძეა.

popsport: სანამ ლაშა ტალახაძეზე ვიტყვით, სხვა ქართველი ძალოსნების გამოსვლა შევაფასოთ...

ასანიძე: შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე წარმატებით გამოვიდნენ. ორჭიდის ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავეს და ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები მოიპოვეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეზი დავითაძე პირველი ქართველი ძალოსანია, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკში უფროსების მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა და თან, რეკორდებიც დაამყარა. შეგახსენებთ, რომ იქამდე რეზიმ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. შემდეგ იყო ჩვენი უკრაინელი ლეგიონერი პლესნოი, რომელმაც მერვე ადგილი დაიკავა და ასევე მოიპოვა ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები. ირაკლი ჩხეიძემ მეხუთე ადგილი დაიკავა და მიუხედავად იმისა, რომ მეტი შეეძლო, მისი გამოსვლა მაინც წარმატებულია. ასევე ძალიან კარგად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ასანიძე ქართველ ძალოსნებთან ერთად თბილისის აეროპორტში
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის FB გვერდიდან

popsport: და მივადექით ლაშა ტალახაძეს, რომელმაც ბრწყინვალე შედეგები აჩვენა...

ასანიძე: ლაშამ მესამეჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ამჯერად, შვიდი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის არის უდიდესი ტალანტი და რაც მთავარია, ამ ნიჭს სწორად იყენებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ მოუმატებს და კიდევ უკეთესი შედეგები ექნება. მინდა მივულოცო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას, სპორტისა და კულტურის სამინისტროს, სპონსორებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ.

popsport: შეჯიბრის დროს იყო ეპიზოდი, როდესაც ლაშა მზად იყო კიდევ უფრო მეტი კილოგრამი აეწია, თუმცა თქვენ თავის შეკავება ურჩიეთ. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

ასანიძე: ბოლო ხუთი წელია, რაც ლაშა ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს და ჩვენ ერთად გავდივართ ამ გზას. ვიცი რა შეუძლია მას, მაგრამ არ შეიძლება აჩქარება. მით უმეტეს, ახალი წონითი კატეგორიები იყო და ახალი რეკორდები დამყარდა. ლაშას გამოსვლების დროს, უნდა იგრძნობოდეს რეზერვი, რომ მომავალში მას მეტის მიღწევა შეუძლია და ეს ასეც იქნება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ლაშამ ასწია იმდენი, რაც საკმარისი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რეკორდების დასამყარებლად.

popsport: სად გადის ლაშა ტალახაძის შესაძლებლობების ზღვარი?

ასანიძე: ყველა ადამიანს აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი, ლაშას შემთხვევაში კი ეს ზღვარი მსოფლიო რეკორდებზე გადის. ჩვენი მიზანია, რომ მივუახლოვდეთ და ავწიოთ ასტრონომიული წონა, 500 კილოგრამი ორჭიდის ჯამში, რაც აქამდე არავის წარმოედგინა. ლაშამ უკვე დაძლია 478 კილოგრამი, რაც წარმოუდგენელი შედეგია, თუმცა მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და სწორი მუშაობით ჩვენ მივაღწევთ ახალ სიმაღლეებს. ქართული ძალოსნობა აღმავლობის გზაზეა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი გაღრმავდეს. სხვათა შორის, გვქონდა შეხვედრა პრემიერმინისტრთან და ვისაუბრეთ მომავალ წელს ბათუმში დაგეგმილ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე. ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა და ჩვენი მიზანია, რომ ეს ტურნირი ღირსეულად ჩავატაროთ.

ლაშა ტალახაძის 257 კილოგრამი და მეშვიდე მსოფლიო რეკორდი

ლაშა ტალახაძემ 257 კილოგრამი აკრა და 7 მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ 257 კილოგრამი აკრა და 7 მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია <3

Posted by Silk Sport on შაბათი, 10 ნოემბერი, 2018

popsport: უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ტრიუმფს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე?

ასანიძე: გვაქვს მოლოდინი, რომ კაცებს შორის ოლიმპიადის ოთხ ლიცენზიას მოვიპოვებთ, რაც მაქსიმუმია. ასევე, იმედი გვაქვს, რომ ქალების შეჯიბრშიც გვეყოლება წარმომადგენელი. თუ გავითვალისწინებთ ქართველი ძალოსნების ასაკს და მათი პროგრესის დინამიკას, ნამდვილად გვაქვს წარმატების იმედი და მოლოდინი. ბუნებრივია, ლაშა ტალახაძე დაუმიზნებს ოლიმპიურ ოქროს და იმედია, რომ კიდევ მინიმუმ ერთი ძალოსანი იბრძოლებს ოლიმპიური მედლისთვის. იქამდე ყოველდღიური, მძიმე შრომაა საჭირო.

popsport: მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებს ჩაუდექით სათავეში, ქართველ ძალოსნებს დიდი წარმატებები აქვთ. რა არის ამ წარმატების ფორმულა?

ასანიძე: მარტო კაცი ვერაფერს გახდება და ბუნებრივია, რომ ეს წარმატება ერთობლივი მუშაობის შედეგია. იყო გარკვეული პრობლემები ქართული ძალოსნობის ოჯახში, იყო წყენაც, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გადავლახეთ, გავერთიანდით და ერთად შევუდექით შრომას. ფედერაციას კახი კახიაშვილი ჩაუდგა სათავეში, მე კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა მერგო პატივად. გამოვიყენე ძალოსნობის თანამედროვე მეთოდები, მთელი ის ცოდნა, რაც ვანო გრიქუროვისგან მერგო და შედეგიც სახეზეა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ერთობლივი შრომის შედეგია. ქართული ძალოსნობა აღმავლობის გზაზეა და ვისაც შეგვიძლია, ამ პროცესში ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი.

ლაშა ტალახაძე მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონობა მესამედ იზეიმა

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონობა მესამედ იზეიმა საქართველოს ჰიმნი <3

Posted by Silk Sport on შაბათი, 10 ნოემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები