Thumbnail
  • NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა მეოთხე მარცხი იწვნია
  • ჰიუსტონმა გოლდენ სტეიტი 107:86 დაამარცხა
  • უორიორსს სტეფ კარის გარეშე უჭირს

გოლდენ სტეიტმა წუხელ სერიოზული დარტყმა მიიღო. NBA-ს მოქმედი ჩემპიონი და უმთავრესი ფავორიტი წინა სეზონის კონფერენციის ფინალის “რიმეიქში”, ჰიუსტონთან 86:107 დამარცხდა. სტივ კერის გუნდისთვის, რომელსაც კვლავ არ ჰყავდა სუპერვარსკვლავი სტეფ კარი, ეს ამ სეზონში უკვე მეოთხე წაგებაა. როკეტსმა კი, რომელმაც სეზონი კატასტროფულად დაიწყო, ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და ფორმაში შედის.

ჯეიმს ჰარდენმა 27 ქულა ჩააგდო

ჩემპიონს ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, ჯეიმს ჰარდენმა ჩაუგდო. წინა სეზონის MVP-მ 27 ქულა დააგროვა და ამ შედეგს 3-3 მოხსნა და პასიც შემატა. გოლდენ სტეიტიდან კი ნორმალური შედეგი მხოლოდ კევინ დურანტს ჰქონდა - 20 ქულა (5 მოხსნა, 2 პასი).

საინტერესოა, რომ უორიორსმა თამაში გამთამაშებლის გარეშე დაიწყო. ნაცვლად იმისა, რომ ტრავმირებული კარის ნაცვლად, მისი შემცვლელი ქუინ კუკი გაემწესებინა, სტივ კერმა სასტარტო ხუთეულში ანდრე იგუდალა ათამაშა, მაგრამ მსროლელმა მცველმა თითქმის ვერაფერი გააწყო - 5 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი.

“არც ფიზიკურად ვართ კარგ ფორმაში და მენტალურადაც გვიჭირს. ენერგია უნდა აღვიდგინოთ და მოტივაცია დავიბრუნოთ. სეზონი გრძელია, ახლა რთულ სიტუაციაში ვართ,” - განაცხადა კერმა მატჩის შემდეგ.

უდიდესი იმედგაცრუება იყო დრეიმონდ გრინი, რომელმაც 23 წუთში ვერაფერი ჩააგდო (!). მატჩის შემდეგ მას ისევ კევინ დურანტთან დაპირისპირებაზე ჰკითხეს, რაზეც მკაცრად უპასუხა, ეგ მეორედ აღარ მკითხოთო. დურანტის გარდა, 10 ან მეტი ქულის ჩაგდება მხოლოდ კევინ ლუნიმ (12), კუკმა (11) და კლეი ტომპსონმა (10) მოახერხეს.

აქვე ვთქვათ, რომ ჰიუსტონ როკეტსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარმელო ენტონი გუნდს დატოვებს - ათგზის ოლ სტარი სხვა გუნდში გადადის.

📺 ჰიუსტონი 107:86 გოლდენ სტეიტი - მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები