Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
  • ვაისი ყაზახეთთანაც აპირებს ექსპერიმენტებს
ვაისის გუნდის სერია ანდორაში შეწყდა - ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგა

15 ნოემბერს უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა საგარეო მატჩში 1:1 ითამაშა ანდორასთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა ტურნირზე ვერ მოიგო და თან გოლი გაუშვა. პირველ ტაიმში გიორგი ჩაკვეტაძემ ნაკრებში თავისი მე-4 გოლი გაიტანა, მაგრამ მეორეში ანდორელებმა ქულა იხსნეს. 

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა შემდეგი თქვა: 

არაბულს უნდა გაეტანა

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "რა თქმა უნდა ეს ის შედეგი არ არის, რასაც ვისურვებდით. ერთი ქულით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. მასპინძელმა გუნდმა ფრეს დიდი ბრძოლის უნარიანობისა და ტაქტიკურად გამართული თამაშის წყალობით მიაღწია. ჩვენ ვიცოდით, რომ ანდორა ასე ითამაშებდა. ასეთ თამაშებში მეორე გოლი აუცილებლად უნდა გაიტანო. არაბულს მართებდა გოლის გატანა, 2:0-ზე კი სულ სხვა ფეხბურთის თამაში შეიძლებოდა. ვერ მოვიგეთ ორთაბრძოლა, თან ასეთი გოლი გავუშვით. არ ვიცი, კარამდე 40 თუ 42 მეტრი იყო. ამიტომაც ძვირად დაგვიჯდა შეცდომები, გამოუყენებელი მომენტები. არ მინდა ცხელ გულზე რაიმე გადაწყვეტილება მივიღო.

არც ყაზახეთთან გველის გასეირნება

ჩვენ უკვე გავედით ჯგუფიდან, მაგრამ მოგება გვსურდა, რადგან გვინდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრაზე მე-4 კალათში მოვხვდეთ. რეზერვში ერთი მატჩი გვრჩება, გვინდა ყაზახეთს შინ მოვუგოთ, მაგრამ არც ეს თამაში იქნება იოლი.

შეტევაში შეზღუდული არჩევანი გვაქვს, რადგან ტრავმირებულები გვყავს. დღეს არაბულმა და კაჭარავამაც შანსი ვერ გამოიყენეს, ვერ ითამაშეს სათანადოდ. არ შეიძლება იმის იმედად ვიყოთ, რომ ერთი ჩაკვეტაძე გაქაჩავს საქართველოს მთელ ნაკრებს. 19 წლის ბიჭია. მაშ რად გვინდა სხვა ფეხბურთელები?

კვასხვაძე ყაზახეთთან?

დღეს შემადგენლობაში ტაბიძე, ხოჭოლავა, კიტეიშვილი და არაბული დავაყენე. კარში ერთხელ დაგვირტყეს და გაგვიტანეს. ეს კი მეკარის პრობლემაა. ლორიას არ აქვს პრაქტიკა. მან დღეს გუნდი ვერ გადაარჩინა. ლორია კარგი მეკარეა, მაგრამ ეტყობა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. შესაძლოა, ყაზახეთთან კვასხვაძე დავაყენო. ვნახოთ, ჯერ ორი-სამი დღე მრჩება გადაწყვეტილების მისაღებად. 

ნაკრების მთავარი პრობლემა

მთავარი პრობლემა მაინც შეტევაში გვაქვს - შეტევის ცენტრში. ქვილითაია და მჭედლიძე ტრავმირებულები არიან. ჩვენ არ გვყავს არც ოქრიაშვილი. ის ხარისხი, რაც გვსურს, მათმა შემცვლელებმა ვერ გვაჩვენეს. ახლა კიდევ უნდა მივცე ფეხბურთელებს შანსი, რადგან ერთი თამაშიც და მერე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები გველის მარტიდან, ამხანაგური შეხვედრები კი არ არის. 

ხელოვნური საფარი

რაც შეეხება ხელოვნურ საფარს, ის შეიძლება ორივე ნაკრებისთვის ხელისშემშლელი გამოდგეს, ან დამხმარე. ასე რომ, ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

შანსი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს

რა თქმა უნდა ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის გაბედავას თამაშსაც, თუმცა ვფიქრობ, რომ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები უფრო ძლიერები არიან. მაგრამ თუ სიტყვაზე, კაჭარავა ასევე გააგრძელებს, მე შანსი ვინმე სხვას უნდა მივცე საქართველოს პირველობიდან". 

კომენტარები

ბოლო ამბები