Thumbnail

გერმანიამ რუსეთს სამი ბურთით მოუგო - სანემ პირველად გაიტანა, ნოიერს არ გაუშვია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთს სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა
  • ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ბუნდესგუნდმა მატჩის მოგება შეძლო

ერთა ლიგაზე ზედიზედ ორი წაგებული მატჩის შემდეგ, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ლიოვის გუნდმა რუსეთის ნაკრებს ლაიპციგში, 'რედ ბულ არენაზე' უმასპინძლა.

ლეროი სანემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ შედეგი მალევე მოიტანა. შეხვედრის მე-8 წუთზე გნაბრის გადაცემით სანემ გაიტანა.

გერმანელებს პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, 25-ე წუთზე ნიკლას ზიულემაც გამოიჩინა თავი, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა და გერმანია წინ ორი ბურთით გაიყვანა.

მასპინძლებმა ტაიმი 3:0 მოიგეს - ლევერკუზენის ნიჭიერმა ფეხბურთელმა კაი ჰავერცმა, რომელიც ნაკრებში მეორე შეხვედრას ატარებდა, გნაბრიზე გააკეთა ზუსტი გადაცემა და 23 წლის ფეხბურთელს ნაკრებში მეოთხედ გაატანინა.

მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. გერმანელებმა მეტოქეს მეტი ვეღარ გაუტანეს. 72-ე წუთზე კიოლნის მოთამაშემ, იონას ჰექტორმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად მინდორზე ნიკო შულცი გამოვიდა.

გერმანიამ 3:0 მოიგო და მომდევნო მატჩს ერთა ლიგაზე, 19 ნოემბერს, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ლიოვის ნაკრებს ერთი გამარჯვება აქვს და ჯგუფში ბოლოა. იმ შემთხვევაში თუ ხვალ ჰოლანდია საფრანგეთს მოუგებს, გერმანიის ნაკრები B ლიგაში გავარდება.

ლეროი სანემ ნაკრების მაისურით მე-16 შეხვედრა ჩაატარა და პირველად გაიტანა.

გნაბრის ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები