Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძის გოლი არ ეყო
  • 19 ნოემბერს ვაისის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩში ყაზახეთს უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მორიგი მატჩი გამართა და პირველად დაკარგა ქულები. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ანდორასთან ფრედ, 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრები ფავორიტი იყო და მთელი თამაში ფლობდა უპირატესობას, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სამი ქულის მოსაპოვებლად.

საქართველოს ნაკრებს ჩაკვეტაძის გოლი არ ეყო

ვლადიმირ ვაისმა ძირითადი შემადგენლობა გადაახალისა. დაცვის ცენტრში საბა კვერკველიას და გურამ კაშიას ნაცვლად, ჯიმი ტაბიძე და დავით ხოჭოლავა ვიხილეთ, ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი და ვაკო გვილია, ხოლო თავდასხმაში ბაჩანა არაბული. ამ ფეხბურთელებზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ წინა შეხვედრებში ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდათ.

მატჩი ვაისის გუნდის უპირატესობით წარიმართა. მატჩის მე-9 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სტუმარმა ნაკრებმა გახსნა ანგარიში. მარჯვენა ფრთიდან ოთარ კაკაბაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა. ეროვნული გუნდის ახალგზარდა ლიდერის თამაშს ბარსას სკაუტები აკვირდებოდნენ.

0:1 გიორგი ჩაკვეტაძე (9).

ბურთს მუდმივად საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, თუმცა პირველ ტაიმში ანდორის ნაკრების კართან ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. გატანა შეეძლო ბაჩანა არაბულს, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი მიზანს. ეს იყო და ეს, შესვენებამდე მეტი მომენტი არ შექმნილა.

ბაჩანა არაბულის მომენტი

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც კუთხურს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მოჰყვა. დავით ხოჭოლავამ ახლო მანძილიდან დაარტყა და მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და ანდორის ნაკრებს სტანდარტულების შესრულების საშუალება მისცეს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ სტანდარტს მოჰყვა მასპინძელთა გოლი. 63-ე წუთზე, კრისტიან მარტინესმა მახვილი კუთხიდან პირდაპირ კარში დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა, 1:1. უნდა აღინიშნოს გიორგი ლორიას პოზიციური შეცდომა.

1:1 კრისტიან მარტინესი (63)

საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდი ძალებით გადავიდა მეტოქის ნახევარზე, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. ვლადიმირ ვაისმა კაჭარავა, ჭანტურიშვილი და ზარანდია ჩართო თამაშში, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულები დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვაისის გუნდი 13 ქულით პირველია ჯგუფში და ამ მხრივ, არაფერი შეიცვლება. საქართველომ უკვე მოიპოვა ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი ოფის საგზური. აქვე აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ყაზახეთი საკუთარ მოედანზე ლატვიას დაუზავდა, 1:1.

ანდორა 1:1 საქართველო

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 კრისტიან მარტინესი (63)

ანდორა: გომეს მორეირა, რუბიო გომესი, გონსალეს ადრიო, ნიკოლას შელენსი, კრისტიან მარტინეს (90. ემილი გარსია), ვალეს გონსალესი, რებეს რუისი, იოან სერვოსი (88. ხორდი რუბიო), ალეჰანდრე მარტინესი, რიკარდ ფერნანდესი (81. ვიკტორ როდრიგესი)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი (78. ჭანტურიშვილი), გვილია (88. ზარანდია), ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, არაბული (78. კაჭარავა)

საღამოს როტერდამში სუპერმატჩია:

კომენტარები

ბოლო ამბები