Thumbnail

ბაიერნს ბუნდესლიგის 20 წლის ბომბარდირი სურს - კოვაჩმა იცის, ვინაა იოვიჩი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს ლუკა იოვიჩი თავისთან მიყავს
  • კოვაჩი 20 წლის სერბს აინტრახტში მუშაობის პერიოდიდან იცნობს
  • იოვიჩი ბუნდესლიგის ისტორიაში უკვე ჩაიწერა

მიუნხენის ბაიერნი აინტრახტის ახალგაზრდა სერბი თავდამსხმელით, ლუკა იოვიჩით ინტერესდება. ამის შესახებ Bild იუწყება, რომლის ცნობით, ფეხბურთელის შეძენით პირადად მიუნხენური გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კავაჩია დაინტერესებული. ხორვატი სპეციალისტი იოვიჩს აინტრახტში მუშაობის პერიოდიდან იცნობს, ტრანსფერი კი შესაძლოა მომავალ ზაფხულს განხორციელდეს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა სერბმა გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 მატჩში ამდენივე გოლი შეაგდო და ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მის ანგარიშზე ასევე სამი საგოლე პასია.

20 წლის ლუკა იოვიჩი ფრანკფურტის კლუბში 2017 წელს, ბენფიკადან იჯარით გადავიდა. ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის, აინტრახტს კი მოთამაშის გამოსყიდვის უფლება 8 მილიონ ევროდ აქვს. დიდი ალბათობით, გერმანული კლუბი სერბი ფორვარდის ტრანსფერს გამოისყიდის კიდეც, შემდეგ კი ბაიერნს გაცილებით ძვირად დაუთმობს.

პორტუგალიაში დაწუნებული გერმანიაში გაიხსნა

იოვიჩი ყველზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ბუნდესლიგის ერთ მატჩში 5 გოლი გაუტანია

ლუკამ, რომელსაც 21 წელი დეკემბერში შეუსრულდება, პროფესიონალურ დონეზე თამაში ცრვენა ზვეზდაში სასკოლო ასაკში დაიწყო - ოფიციალური დებიუტი 16 წლისას, 5 თვისა და 5 დღისას ჰქონდა.

ლისაბონის კლუბში ის 2016 წლის ზამთარში აღმოჩნდა, მაგრამ იქ კარიერა წარმატებული არ გამოუვიდა, თამაშობდა სარეზერვო გუნდში, მთავარში კი სულ 4 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც აინტრახტში აღმოჩნდა.

სერბი გერმანიაში სწორედ ნიკო კოვაჩის ხელში გამოცოცხლდა - ბუნდესლიგის წინა სეზონის 22 მატჩში (9 ძირითადში) 8 გოლი შეაგდო, მიმდინარეში კი უკვე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა, განსაკუთრებით ფორტუნასთან ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩის (7:1) შემდეგ, რომელშიც ერთბაშად ხუთი გოლი გაიტანა.

ლუკას ამ შემოდგომაზე სერბეთის ეროვნული ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, რომლის ღირსება უკვე ორ მატჩში დაიცვა.

კომენტარები

ბოლო ამბები