Thumbnail
  • ინგლისური და ფრანგული მედია: ვენგერმა ფულემს უარი ბაიერნის გამო უთხრა
  • მიუნხენში ნიკო კოვაჩს ჯერ არ აგდებენ, მაგრამ შემცვლელზე სერიოზულად ფიქრობენ

მას მერე, რაც ლონდონის არსენალში არსენ ვენგერის ერა დასრულდა, 69 წლის ფრანგი მწვრთნელი უმუშევარია. ვენგერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მუშაობის დაწყება ახალი წლიდან უნდა. მას მილანში დანიშვნას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ვენგერმა გავრცელებული ცნობები უარყო. ახლა კი, “ტელეგრაფი” წერს, რომ დიდი შანსია, მიუნხენის ბაიერნის დამრიგებელი გახდეს.

ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, ვენგერს ფულემში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ უარი თქვა, რადგან ბაიერნიდან ელოდება შეთავაზებას. საბოლოოდ, ფულემში კლაუდიო რანიერი დაინიშნა, ვენგერი კი კვლავ უმუშევარია, მაგრამ "ტელეგრაფი" წერს, რომ ფრანგს სწორედ ბაიერნში დანიშვნის იმედი აქვს.

როგორც იცით, ბავარიული გრანდი კრიზისშია. მართალია, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები ამბობენ, ნიკო კოვაჩის გათავისუფლებას არ ვაპირებთო, მაგრამ ყველამ იცის, რომ მის შემცვლელზე უკვე ფიქრობენ. ფრანგული სპორტული მედია კი უკვე დიდი ხანია წერს, რომ ვენგერი ბაიერნში დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. “პარიზიენის” ინფორმაციით, არსენი მზადაა, სამწვრთნელო საქმიანობას ახლავე დაუბრუნდეს და სწორედ ბაიერნში მუშაობა უნდა.

საინტერესოა, რომ თავისი ყოფილი შეგირდის, პერ მერტეზაკერის გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ, ვენგერმა სწორედ ბაიერნის კრიზისზე ილაპარაკა: “მეც გაოცებული ვარ იმით, რაც ბაიერნში ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გერმანული გრანდის ფანებს სანერვიულო ბევრი არაფერი აქვთ. ახლა უყველაზე მთავარია, რომ ბაიერნში ყველამ სიმშვიდე შენარჩუნოს.”

მიუნხენური გრანდის შეფები ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ კოვაჩის შემცვლელზე ფიქრი დიდი ხანია, დაიწყეს. ესპანელმა ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ული ჰიონესი და გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ზინედინ ზიდანს დაუკავშირდნენ. ზიზუს უთქვამს, ბაიერნში მუშაობა წარმომიდგენია, მაგრამ ზაფხულამდე დასვენება მინდაო. კალეს და ულის ზაფხულამდე მოთმენა გაუჭირდებათ - მანამდე კოვაჩმა ბაიერნში, შესაძლოა, ზედმეტად ბევრი რამ გააფუჭოს...

კომენტარები

ბოლო ამბები