Thumbnail
  • რეალისა და ესპანეთის ნაკრების მცველს კრიტიკაზე ჯანსაღი რეაქცია აქვს
  • 32 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მას ვეღარაფერი შეცვლის

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა. 

ლა ლიგის მე-11 ტურში, ვალიადოლიდთან საშინაო მატჩის (2:0) დროს, რეალის გულშემატკივრებმა 32 წლის მცველს უსტვინეს. ცნობილია, რომ "სამეფო კლუბის" ფანატთა ნაწილი კაპიტანს გუნდში არაჯანსაღი ატმოსფეროს შექმნაში ადანაშაულებს.

"არასდროს მითქვამს, რომ კრიტიკა ჩემი მისამართით უსამართლოა. თუკი "სანტიაგო ბერნაბეუს" ასეთი რეაქცია აქვს, ეს ნიშნავს, რომ მოედანზე უფრო მეტადაც შეგიძლია დაიხარჯო. მინახავს, როგორ უსტვენდნენ ლეგენდებს. მე კი თითქმის 14 წელიწადია ამ სტადიონზე ვთამაშობ და მხოლოდ ერთ მატჩში მოხდა, რომ მისტვინეს. შესაბამისად, შემიძლია ფანების მადლობელი ვიყო. კრიტიკას ყოველთვის გაგებით ვეკიდები, ის მე გულთან ახლოს არ მიმაქვს და არ მთრგუნავს. 

სამწუხაროდ, ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად ეძლევა დავიწყებას და რაღაც ყოველდღიურად უნდა ამტკიცო. ამ კუთხით ფეხბურთი ზოგჯერ დაუნდობელია", - თქვა რამოსმა ხორვატიასთან უეფას ერთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სერხიო რამოსი მადრიდის რეალში, სადაც სევილიადან გადავიდა, მე-14 სეზონს ატარებს

რამოსი ლივერპულის ფეხბურთელის დეიან ლოვრენის გამონათქვამსაც გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ სინამდვილეში ის სერხიოზე უკეთესი მცველია.
 
"რაც შეეხება ჩემი მისამართით ლოვრენისა და სხვების მიერ გამოთქმულ კრიტიკას, ამას უპასუხოდ დავტოვებ. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. ესა ვარ, რაც ვარ და ვერაფერი შემცვლის", - აქვეყნებს რამოსის ნათქვამს Marca.

კომენტარები

ბოლო ამბები