Thumbnail

'ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ' - კაშია და გვილია ანდორასთან მატჩზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგაში სტუმრად ანდორას ეთამაშება
  • ნაკრების ფეხბურთელებმა ერთა ლიგაში დარჩენილი მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში სტუმრად ანდორას დაუპირისპირდება. "ესტადი ნასიონალზე" შეხვედრა თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება, მის ტელერეპორტაჟს კი "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში გამართა, გუნდის ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ვაკო გვილიამ კი სფფ-ის პრესსამსახურთან ანდორასა და ყაზახეთთან დარჩენილი მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გურამ კაშია: "როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრისთვის, მომავალი ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას შინ ვთამაშობთ. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, რომ ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ და რეიტინგი გავიუმჯობესოთ, რათა ერთა ლიგის პლეი ოფს საკუთარ სტადიონზე ვუმასპინძლოთ.

ეროვნულ ნაკრებში დიდი კონკურენციაა, ბევრი მოთამაშე იმსახურებს თამაშს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 11 ფეხბურთელის ადგილია. აქედან გამომდინარე, მწვრთნელმა უნდა გააკეთოს არჩევანი და დააბალანსოს შემადგენლობა ისე, რომ მომავალ ორ თამაშში მაქსიმალური ენერგია გვქონდეს".

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში ოთხივე მატჩი მოიგო. ბურთები: 9-0.

ვაკო გვილია: "100-პროცენტიანი შედეგი გვაქვს, მაგრამ ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ და წარმატებული თამაშის გაგრძელება გვსურს. ანდორის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვება გვსურს და ასევე არ გვინდა გოლის გაშვება. ყველამ ვიცით, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს შინ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებთ, თუ ქულათა შესაბამის რაოდენობას დავაგროვებთ".

ანდორასთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში ყაზახეთს (19 ნოემბერს) უმასპინძლებს. ანდორასა და ყაზახეთთან დარჩენილი მატჩების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად აქ წაიკითავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები