Thumbnail
  • დეტროიტმა კონფერენციის ლიდერის დამარცხება შეძლო
  • პისტონსმა ბალოკის ბაზერბითერით 106:104 მოიგო
  • ბლეიკ გრიფინი საუკეთესო იყო, ზაზა ფაჩულიამ 5 წუთი ითამაშა

დუეინ კეისი ახლა დეტროიტის მთავარი მწვრთნელია, მანამდე კი, 7 წელი უთავკაცა ტორონტოს, სადაც ბოლოს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, მაგრამ პლეი ოფში კლივლენდ კავალიერსთან წაგება ვერ აპატიეს და გაათავისუფლეს. 61 წლის კეისიმ წუხელ ყოფილ გუნდზე შური იძია - მისმა დეტროიტმა ტორონტო სტუმრად 106:104 დაამარცხა.

დუეინ კეისი

აღსანიშნავია, რომ ტორონტოს ფანებმა კეისი ძალიან თბილად მიიღეს. თამაშის დროს იყო მომენტი, როცა დეტროიტი 19 ქულითაც კი აგებდა, მაგრამ ბლეიკ გრიფინი და კომპანია არ დანებდნენ. გრიფინი შემთხვევით არ გვიხსენებია - სწორედ ის იყო საუკეთესო (30 ქულა, 12 მოხსნა, ორმაგი დუბლი). მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების ჩამონათვალში, გრიფინის შემდეგ 5 ტორონტოელი მოდის - მათ შორის კავაი ლეონარდი, რომელმაც 26 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლი კი შეასრულა, მაგრამ მხოლოდ 11 ქულით და 14 მოხსნით. მეოთხე პერიოდის დასაწყისში დეტროიტი ტორონტოს 11 ქულამდე მიუახლოვდა, საფინალო სირენამდე დაახლოებით 5 წუთით ადრე კი დაწინაურდა კიდეც.

თუმცა მატჩის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. 104:104-ზე ტორონტოს ბურთი და 10 წამი ჰქონდა, მაგრამ კავაი ლეონარდმა დაკარგა. როდესაც ბურთი დეტროიტელებს გადაეცათ, მხოლოდ და მხოლოდ 2 წამი იყო დარჩენილი. პირველი მცდელობა დაფარებით დასრულდა, თუმცა დეტროიტს 1,2 წამი მაინც დარჩა: კალდერონის პასი, ბალოკის ტყორცნა და პისტონსმა თამაში მოიგო!

არადა, მანამდე ბალოკი ბევრს ვერაფერს ახერხებდა (5 ქულა), მაგრამ ბაზერბითერმა მატჩის ერთ-ერთ გმირად აქცია. ტორონტომ კი ამ წაგებით პირადი რეკორდის გამეორების შანსი დაკარგა - გამარჯვების შემთხვევაში ეს გუნდის საუკეთესო სტარტი იქნებოდა (2014/2015 წლებში 13-2). ტორონტომ დენი გრინი დაკარგა - მან ტრავმა მესამე მეოთხედში მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ტრავმის გამო არ თამაშობდა სერჟ იბაკაც.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას: დეტროიტის ქართველმა ცენტრმა 5 წუთში 3 ქულას და 1 მოხსნას (შეტევაში) მოუყარა თავი. ზაზამ სამიდან ერთი 2-ქულიანი ჩააგდო და ერთადერთი საჯარიმო ზუსტად ესროლა. მას ერთი დაკარგვაც ჰქონდა.

7 მოგებითა და 6 წაგებით დეტროიტი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ტორონტოსთვის ეს მხოლოდ მესამე წაგება იყო (12 მოგება აქვს) და გუნდი კონფერენციას კვლავ ლიდერობს. მომდევნო მატჩს დეტროიტი 20 ნოემბერს, კლივლენდ კავალიერსთან გამართავს.

📺 ტორონტო 104:106 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები