Thumbnail
  • ⚽ ხორვატია V ესპანეთი 📅 ხუთშაბათი ⌚ 23:45 📺 SILK UNIVERSAL
  • ლუის ენრიკე და ჟორდი ალბა შერიგდნენ?

15 ნოემბრიდან უეფას ერთა ლიგის მატჩები განახლდება. A ლიგის მე-4 ჯგუფში ზაგრების "მაქსიმირი" ძალიან საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია ესპანეთის ნაკრებს მასპინძლობს. ყველას ახსოვს ამ გუნდების პირველი მატჩი - 11 სექტემბერს მუნდიალის ფინალის მერე პირველივე მატჩში ხორვატია ელჩეში 0:6 განადგურდა!

ხორვატიას ყველა ლიდერი ჰყავდა - ლუკა მოდრიჩი, ივან რაკიტიჩი, ივან პერიშიჩი, გარდა მარიო მანჯუკიჩისა, რომელმაც საერთაშორისო კარიერა დაასრულა. მაშინ ლოვრე კალინიჩის კარში გოლი ყველამ გაიტანა, ვისაც არ დაეზარა - საულ ნიგესმა, მარკო ასენსიომ, როდრიგო მორენომ, სერხიო რამოსმა... თავად კალინიჩმა საკუთარ კარში. 

ხორვატიას დაუსრულდა დისკვალიფიკაცია და საშინაო არენაზე მაყურებელს დასწრების უფლება მიეცა. ეს კი დიდი შეღავათია ხორვატიის ნაკრებისთვის. 

ამ ჯგუფში 3-3 ტურის შემდეგ ესპანეთსა და ინგლისს 6-6 ქულა აქვთ, ხოლო ხორვატია აუტსაიდერია 1 ქულით, მაგრამ ზლატკო დალიჩის გუნდს მხოლოდ 1 თამაში აქვს გამართული. ასე რომ, დაკარგული არც არაფერია. 

ხორვატების ვარჯიშზე

საინტერესო ფაქტები

► ხორვატიაში გამარჯვება "ფურია როხას" A ლიგის პლეი ოფში თამაშს გაუნაღდებს.

► ხორვატიას შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად ესაჭიროება გამარჯვება.

► ხორვატიის ნაკრებს შინ 21-მატჩიანი წაუგებელი სერია (17 მოგება, 4 ფრე) აქვს. გუნდს 2013 წლის ოქტომბრის მერე არ წაუგია შინ.

► ესპანეთს ეროვნულ ნაკრებთა შორის ახლა ყველაზე გრძელი გოლიანი სერია აქვს - ბოლო 28 მატჩია, "ფურია როხას" აუცილებლად გააქვს გოლი. 

► ურთიერთშეხვედრებში ესპანეთი ჯობნის ხორვატიას 7 მატჩიდან 4 მოიგო და 2 წააგო (1 ფრე).

► ბოლო ხუთი მატჩია, ხორვატიას საშუალოდ 1.8 გაფრთხილება აქვს თამაშში. 

სასწორზეა ყველაფერი ან არაფერი

ლუის ენრიკე ზაგრებში

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "ეს არის პირველი მატჩი ნაკრებისთვის ჩემი ხელმძღვანელობით, როცა სასწორზე ყველაფერი ან არაფერია. თუ მოვიგებთ პლეი ოფში ვართ, მაგრამ თუ ვერა, ცუდი რაღაცები შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩია. ეს შეხვედრა არაფრით ჰგავს ელჩეში გამართულს, აქ სულ სხვა ისტორიაა. ახლა ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება, წინა თამაში კი უბრალოდ ისტორიაა და მეტი არაფერი". 

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი): "ხორვატიას 0:6-ის შურისძიება კი არ ამოძრავებს, არამედ, ძალზე მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვების სურვილი". 

დიდი შერიგება? ლუის ენრიკემ ალბა დააბრუნა

ესპანეთის ნაკრებში პირველად დაუძახეს ბრაის მენსესსა და მარიო ერმოსოს. რაც მთავარია, ლუის ენრიკემ პირადი წყენა დაივიწყა და ნაკრებში ჟორდი ალბას უხმო. ლუის ენრიკეს დაცვაში უჭირს, რადგან ტრავმირებული ნაჩო და კარვახალი შესაცვლელია. შუა ხაზსა და შეტევაში ბარსას ექსთავკაცს ბევრი არჩევანი აქვს, მაგრამ ალბათ საულ ნიგესს, სერხიო ბუსკეტსა და ისკოს სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვთ.

ხორვატია V ესპანეთი

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი - ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, პივარიჩი - რაკიტიჩი, ბროზოვიჩი - კრამარიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - რაბიჩი 

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ასპილიკუეტა, ერმოსო, სერხიო რამოსი, ალბა - საულ ნიგესი, ბუსკეტსი, სებალიოსი - ასენსიო, მორატა, ისკო

კომენტარები

ბოლო ამბები