Thumbnail

'ჩვენი მიზანი დარჩენილი მატჩების მოგებაა' - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ⚽ ანდორა V საქართველო 📅 ხუთშაბათი ⌚ 23:45 📺 პირველი არხი
  • საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს
  • მიუხედავად ამისა, ორივე დარჩენილი მატჩის მოგება მნიშვნელოვანია

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგ მატჩს გამართავს და გასვლაზე ანდორას დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ანდორას დედაქალაქში მდებარე სტადიონზე, ესტადი ნასიონალზე უკვე გამართა წინასამატჩო ვარჯიში, რასაც მწვრთნელის, ვაისის პრესკონფერენცია მოჰყვა…

ვლადიმირ ვაისი: ხალხი მუდმივად გვაკლია 

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ველოდებით ბრძოლას ანდორის ეროვნული ნაკრებისგან, რომელიც კარგად ორგანიზებული გუნდია და რომელსაც ჩემი მეგობარი უდგას სათავეში.

ანდორის ნაკრების მწვრთნელმა იცის, თუ როგორ უნდა მოამზადოს გუნდი ტაქტიკურად. მეტოქეს ორი ქულა აქვს და შეეცდება, რომ მონაგარი გაზარდოს, თუმცა ჩვენც ქულების მოსაპოვებლად ჩამოვედით. ჯგუფიდან გასვლის ამოცანა უკვე შევასრულეთ, მაგრამ ჩვენი მიზანი დარჩენილი მატჩების მოგებაა, რომ შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე კარგ ჯგუფში მოვხვდეთ. 

მუდმივად წანყვანი ფეხბურთელების გარეშე გვიწევს თამაში. ხშირად ტრავმირებულნი არიან ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე, ქვილითაია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადებითი შედეგი გვაქვს. რაც შეეხება ანდორასთან მატჩის შემადგენლობას, დიდი ცვლილებები არ იქნება, რადგან წინა შეხვედრაში, ლატვიასთან შესანიშნავად ვითამაშეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი ჩემი თავკაცობით. შესაძლოა, ორ-სამ პოზიციაზე ვნახოთ პერსპექტიული ფეხბურთელები.

რაც შეეხება მზადების პროცესს, ზუსტად ისევე მოვემზადეთ ანდორასთან მატჩისთვის, როგორც ლატვიასთან რიგაში სათამაშოდ, რადგან ვიცი, რომ ადვილი თამაში არ გველოდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულოი, როგორ შევასრულებთ ტაქტიკურ დავალებას და როგორ ვიმოქმედებთ უბურთოდ. ევროპაში ადვილი თამაშები აღარ არის და ჩვენც ვემზადებით ბრძოლისთვის".

გიორგი აბურჯანია და ვლადიმირ ვაისი

გიორგი აბურჯანია: "ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. მოდუნებულები არ ვართ, რადგან ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. წელს ბოლო ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა და გვსურს,რომ ერთა ლიგაზე წარმატებით დაწყებული ეტაპი ასე გავაგრძელოთ. უკვე სამი დღეა ანდორაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი გარემოა, ის ფეხბურთელები ვინც ამ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვართ, თამაშის მოლოდინში ვართ და გვსურს, რომ ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ".

სრული შემადგენლობით

ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან და ყაზახეთთან მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა და თითოეული მათგანი 15 ნოემბრისთვის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. როგორც აღვნიშნეთ, ნაკრებმა უკვე გამართა ესტადი ნასიონალზე წინასამატჩო ვარჯიში, ქვემოთ კი გუნდის სრულ შემადგენლობას გავეცნოთ.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: გიორგი ლორია (უკლუბო), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), საბა კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი).   

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესტადი ნასიონალზე

სატურნირო მოტივაცია

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან კონკურენციაში, ორი ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი. მიუხედავად ამისა, ვაისის გუნდისთვის დარჩენილი ორი თამაშის მოგება მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, საქართველო ევროპის ჩემპიონატის ტრადიციული შესარჩევი ეტაპის წილისყრისას მეოთხე კალათაში იქნება. 

ამასთან, საქართველოს ნაკრებს წინ ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი ოფი ელის, დარჩენილ ორ მატჩში მაღალი შედეგი კი 1/2-ნახევარფინალში შედარებით სუსტ მეტოქეს შეახვედრებს.

ანდორასა და ყაზახეთთან დარჩენილი მატჩების მნიშვნელობის შესახებ ვრცლად აქ წაიკითავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები