Thumbnail

'დავივიწყოთ იტალია, გამოვასწოროთ შეცდომები' - სამოასთან მატჩის წინ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამოასთან მატჩისთვის ემზადება
  • ბორჯღალოსნებმა შევარდენის ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ თბილისში პირველი ღია ვარჯიში გამართა. 'ბორჯღალოსნები' სამოასთან თამაშისთვის ემზადებიან. შეხვედრის წინ, ლევან მაისაშვილმა და რამდენიმე მორაგბემ იტალიასთან გამართული შეხვედრაზე და სამომავლო მატჩებზე ისაუბრეს. საქართველოს ნაკრების სამოას 17 ნოემბერს შეხვდება, მატჩი ავჭალის სტადიონზე 18:00-საათზე დაიწყება.

დუდუ ქუბრიაშვილი: 'ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი პლუსი - შერკინება კარგად წარმოვაჩინოთ და ამ კომპონენტში უპირატესობა გვქონდეს. მეტოქე ძალიან ძლიერია და ჩვენი ძლიერი მხარე კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. ნაკრებში ორი წლის შემდეგ დავბრუნდი, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ თამაში ჩვენ სასარგებლოდ არ დასრულდა. კონკრეტულ ეპიზოდებში იყო ისეთი ნიუანსები, რომლებიც სწორად ვერ გავაანალიზეთ და დავმარცხდით. იტალია მოწოდების სიმაღლეზე იყო და მეტოქეს ჩვენი თამაში ვერ მოვახვიეთ. ვეცდებთ, რომ დარჩენილ ორ შეხვედრაში გამარჯვება ვიზეიმოთ.'

ლევან მაისაშვილი: 'ერთია რას თამაშობს იტალია და სამოა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გვაქვს. დიდი ქირურგიული ჩარევები არ იქნება და მხოლოდ მცირე ტაქტიკური ცვლილებებით შემოვიფარგლებით. შევეცდებით, დავხვეწოთ დეტალები და ის, რაც არ გამოგვივიდა იტალიასთან, კარგად შევასრულოთ სამოასთან. სამწუხაროდ, კვლავ გვაკლია ტრავმირებული მოთამაშეები, რომელთა რიცხვს სოსო მათიაშვილი დაემატა'.

ლაშა ლომიძე: 'იტალიასთან დასანანი თამაში წავაგეთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. დასკვნით 20 წუთში ორი ლელოს გატანა შეგვეძლო, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ეს გამოუცდელობის შედეგი იყო. წინ ძალიან მაგარი თამაში გველოდება. ამიტომ, უნდა დავივიწყოთ იტალიასთან მატჩი და გამოვასწოროთ ყველა შეცდომა. სამოა ძალიან კარგი გუნდია, ინდივიდუალურად ბრწყინვალე შემსრულებლები ყავთ და მათ ჩვენი სისტემა და ერთობლიობა უნდა დავუპირისპიროთ'.

მათიაშვილის ტრავმის გამო, ნაკრების რიგებში თედო აბჟანდაძეს ექნება დებიუტი, რომელიც გულშემატკივრს ბოლომდე ბრძოლას პირდება.

თედო აბჟანდაძე: 'სამოა ფიზიკურად და ტაქტიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც ჩვენი პლიუსები უნდა დავუპირისპიროთ. გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე და დებიუტანტები, ასევე შედარებით ახალბედა მოთამაშეები ამ დანაკლისის შევსებას ვეცდებით. პირადად მე ვეცდები, რომ ეროვნულ ნაკრებში რაც შეიძლება კარგი დებიუტი მქონდეს. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ისინი სამოასთან გამარჯვებით გავახაროთ'

კომენტარები

ბოლო ამბები