Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლა ბაიერნის ოფისს ესტუმრა
  • ვიზიტი არაოფიციალურია, ამის შესახებ არავინ იცოდა

მიუნხენის ბაიერნს დღეს მოულოდნელი სტუმარი ჰყავდა. რეკორდმაისტერის ბაზაზე, რომელიც ზებენერშტრასეზე მდებარეობს, მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გამოჩნდა, რომელიც ბაიერნის ყოფილი დამრიგებელია. 

პეპის ვიზიტი არაოფიციალურია - ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. 47 წლის გვარდიოლა 11 საათსა და 20 წუთზე, გუნდის მენეჯერ კათლინ კრიუგერთან ერთად დაინახეს, რომელმაც სიტის მწვრთნელი ბაიერნის ოფისის ფარეხში შეიყვანა. სწორედ ამ დროს, ბაზაზე ბაიერნის ვარჯიში მიმდინარეობდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ნიკო კოვაჩი ხელმძღვანელობდა.

ბაიერნი კრიზისშია და კოვაჩს გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებენ. რომ არა ეს ფაქტი, გვარდიოლას ზებენერშტრასეზე გამოჩენა ასეთი განსაკუთრებული ამბავი არ იქნებოდა. პეპი რეკორდმაისტერს 2013-დან 2016 წლამდე წრთნიდა, სამჯერ გახადა გერმანიის ჩემპიონი, ერთხელ კი გერმანიის თასი მოაგებინა.

დამაინც: რა უნდოდა პეპს ბაიერნის ბაზაზე და კლუბის ოფისში? დაუდასტურებელი ინფორმაციით, რომელსაც “ბილდი” ავრცელებს, გვარდიოლამ ბაიერნში უბრალოდ შეიარა, რათა თავისი მეგობრებისთვის და ყოფილი ნაცნობებისთის გამარჯობა ეთქვა. ცნობილია, რომ მას დღემდე აქვს მუდმივი კონტაქტი ბაიერნის პრეზიდენტ ული ჰიონესთან. სხვათა შორის, პეპს მიუნხენში ჯერ კიდევ აქვს საკუთარი ბინა.

ინფორმაცია პეპის ვიზიტის შესახებ, პირველმა Sky-ს ჟურნალისტმა ტორბენ ჰოფმანმა გაავრცელა. მან "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ფოტო და პირველივე კომენტარს, სადაც ეწერა, ეს ხომ ნებისმიერი შეიძლება იყოსო, ასე უპასუხა: "ჰო, მაგრამ ეს გვარდიოლაა! სხვა ადგილზეც ვნახე."

არავინ იცის, რაზე ილაპარაკეს გვარდოლამ და რეკორდმაისტერის წარმომადგენლებმა, ჰიონესმა კი ამ დღეებში არაერთხელ გაიმეორა, რომ კოვაჩის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა ბაიერნის შედეგები იმდენად არადამაკმაყოფილებელია, რომ ასეთ დროს მოვლენები თვით ბავარიულ გრანდშიც კი ძალიან სწრაფად იცვლება ხოლმე...

კომენტარები

ბოლო ამბები