Thumbnail
  • როჯერ ფედერერმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა
  • შვეიცარიელმა დომინიკ ტიმს შანსი არ დაუტოვა
  • დღეს კუერტენის ჯგუფის ლიდერების დუელია

წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი, ATP-ის ფინალი ძალიან დამაინტრიგებლად მიმდინარეობს. კეი ნიშიკორისთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, რეკორდსმენმა როჯერ ფედერერმა პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა - 8 საუკეთესოს ტურნირის წაგებით დაწყებიდან 2 დღის შემდეგ, როჯერმა თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ავსტრიელი დომინიკ ტიმი ორ სეტში, 6:2, 6:3 დაამარცხა.

ითამაშებს თუ არა ფედერერი ნახევარფინალში, ეს ჯგუფის ბოლო ტურში გაირკვევა - ხუთშაბათს შვეიცარიელი უიმბლდონის ფინალისტ კევინ ანდერსონს ეთამაშება, რომელიც ჯგუფში ორი გამარჯვებით ლიდერობს. სამხრეთაფრიკელმა, რომელიც ტურნირის დებიუტანტია, ფედერერის მძლეველი ნიშიკორი სულ რაღაც 64 წუთში, 6:0, 6:1 გაანადგურა, მანამდე კი ტიმსაც ორ სეტში მოუგო და აცხადებს, რომ კარიერის საუკეთესო ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე ჩოგბურთელს აქვს. მიუხედავად ორი მოგებისა, ანდერსონს პლეი ოფში თამაში 100 პროცენტით განაღდებული არ აქვს, მაგრამ მინიმალური და თეორიულია იმის შანსი, რომ ჯგუფში ჩარჩეს. 

“პირველ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვი, ახლა კი უბრალოდ კარგი ჩოგბურთი ვითამაშე. მიხარია, რომ ნიშიკორისთან წაგების შემდეგ, პირველივე შეხვედრაში გამოვავლინე რეაქცია და ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნე,” - განაცხადა ფედერერმა.

📺 როჯერის სუპერმომენტი ტიმთან

როჯერი ანდერსონთან რევანშის აღებას შეეცდება - გეხსომებათ, ამ უკანასკნელმა შვეიცარიელს უიმბლდონის მეოთხედფინალში თამაში 0:2-დან შემოუტრიალა. ლონდონში მიმდინარე ტურნირზე ანდერსონი ერთადერთია ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად, რომელიც ჯერჯერობით უნაკლოდ თამაშობს.

ფედერერის თამაშს გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი, მადრიდის რეალის ნახევარმცველი ტონი კროოსი დაესწრო

დღეს, ჯოკოვიჩი გუსტავო კუერტენის ჯგუფში თავის მეორე მატჩს ჩაატარებს, რომელშიც გერმანელ ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდება. ეს ჯგუფის ლიდერების დუელია - ზვერევმა პირველ შეხვედრაში ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა, ჯოკოვიჩმა კი - ამერიკელი ჯონ ისნერი.

📺 როჯერ ფედერერისა და დომინიკ ტიმის მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები