Thumbnail

ჩვენი მეტოქე | დინამოზე უფრო მეტი ადამიანი დადიოდა, ვიდრე ანდორაში ცხოვრობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება
  • მატჩი 3 306-კაციან სტადიონზე შედგება, რომელიც არასდროს გავსებულა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მორიგი მატჩისთვის ემზადება. 15 ნოემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი გასვლაზე ანდორას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებმა სატურნირო ამოცანა უკვე გადაჭრა და ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი ოფის საგზური მოიპოვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ანდორასთან, ისე შემდეგ, ყაზახეთთან მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. ორივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრები ტრადიციული შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში იქნება.

წინ ანდორასთან მატჩია, სადაც საქართველოს ნაკრები აშკარა ფავორიტია. ანდორამ ერთა ლიგა შესანიშნავად დაიწყო, ჯერ ლატვიას დააკარგვინა ქულები, ხოლო შემდეგ ყაზახეთს და ორი სენსაცია მოახდინა. შემდეგ ორჯერ დამარცხდა, თუმცა ისეთი გუნდის სახელი დაიგდო, რომელსაც დაცვაში კარგად დგომა შეუძლია. და მაინც, ანდორის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია ევროპაში და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ანდორა ჯუჯა სახელმწიფოა დაბალი სპორტული ამბიციებით…

საქართველოს ნაკრებმა თბილისში ანდორა 3:0 დაამარცხა

მთელი მოსახლეობა ერთ სტადიონზე

სუვერენული სახელმწიფო სახელად ანდორა ესპანეთს და საფრანგეთს შორის მდებარეობს. ანდორაში სახელმწიფო ენა კატალონიურია. ქვეყნის ფართობი 468 კვადრატული კილომეტრია, რაც დაახლოებით თბილისის ნახევარს შეადგენს. ანდორაში სულ 78 000 ადამიანი ცხოვრობს, ანუ ცოტა უფრო მეტი, ვიდრე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ეტევა. რეკონსტრუქციამდე და ინდივიდუალური სკამების დამონტაჟებამდე, დინამო არენაზე უფრო მეტი ადამიანიც ეტეოდა, ვიდრე ანდორაში ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქია ანდორა ლა ველა, სადაც მხოლოდ 23 000 ადამიანი ცხოვრობს. სწორედ აქ ჩაატარებს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრას.

ანდორა ლა ველა

ესტადი ნასიონალი

ესტადი ნასიონალი არის სტადიონი, სადაც ანდორის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. სტადიონი მხოლოდ 3 306 კაცს იტევს და ტევადობით, ბოლოდან მეორეა ევროპაში, რომელზეც ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩებს ატარებს. ანდორაზე უფრო პატარა სტადიონი მხოლოდ გიბრალტარში აქვთ, სადაც ქვეყნის მთავარ არენაზე 2 000 ადამიანი ეტევა. როგორც წესი, ანდორელები ვერ ავსებენ 3 306-კაციან სტადიონს და მატჩები სანახევროდ ცარიელი ტრიბუნების ფონზე ტარდება. რეკორდი 2017 წლის 7 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც ანდორამ პორტუგალიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა, სტადიონზე კი 3 193 გულშემატკივარი შეიკრიბა. მაშინ, ანდორელთა განსაკუთრებული ინტერესი კრიშტიანო რონალდომ გამოიწვია, რომელმაც ერთი გოლი გაუტანა სუსტ მეტოქეს. ბოლოს დავძინოთ, რომ ესტადი ნასიონალზე ხელოვნური საფარია, რაც ამ სტადიონის კიდევ ერთი მინუსია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთი გასვლითი მატჩი უკვე ჩაატარა ხელოვნურ საფარზე და ასტანა არენაზე ყაზახეთს მოუგო.

ესტადი ნასიონალი მხოლოდ 3 306 კაცს იტევს, თუმცა არასდროს გავსებულა

 

კომენტარები

ბოლო ამბები