Thumbnail

დრო ამოიწურა - მადრიდის რეალმა მთავარი მწვრთნელი უკვე შეარჩია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დროებით მწვრთნელ სანტიაგო სოლარის პოსტზე მუშაობის 15-დღიანი ვადა გაუვიდა
  • "სამეფო კლუბში" არგენტინელით კმაყოფილები არიან და მას სეზონის ბოლომდე ტოვებენ
  • სელტასთან გამარჯვების შემდეგ, რეალმა ნაჩო და კაზემირო გარკვეული დროით დაკარგა

12 ნოემბერი მადრიდის რეალისთვის მნიშვნელოვანი დღეა - გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა დაუნიშნონ. ესპანური ლა ლიგის წესების თანახმად, დროებით მწვრთნელს თანამდებობაზე დარჩენა 15 დღეზე მეტი ხნით არ შეუძლია, შესაბამისად, რეალის მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებელ სანტიაგო სოლარის ვადა 13 ნოემბერს ეწურება.

ესპანური მედია კი წერს, რომ რეალის მთავარი მწვრთნელის სრულფასოვან პოსტს სწორედ არგენტინელი სპეციალისტი დაიკავებს და მასთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდება.

Marca-ს ცნობით, "სამეფო კლუბმა" სანტიაგო სოლარის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნა ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციაში და დანიშვნის შესახებ ოფიციალურად უახლოეს საათებში უნდა გამოცხადდეს. 

სოლარიმ მადრიდის რეალი, წინა თვეში, ბარსელონასთან 1:5 განადგურებისა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხულიენ ლოპეტეგის გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა. დროებითი თავკაცის ხელმძღვანელობით სამეფო კლუბმა ყველა ტურნირში ოთხი მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო (ბურთები 15:2). ბოლოს კი მადრიდელებმა ლა ლიგაში სტუმრად სელტას მოუგეს - 4:2.

არგენტინელი ნახევარმცველი რეალის ღირსებას 2000-05 წლებში იცავდა

სელტასთან მოგების შემდეგ რეალი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს, ლიდერ ბარსელონას კი სულ 4 ქულით ჩამორჩება.

საერთო კმაყოფილება სამეფო კლუბში

რეალში კმაყოფილები არიან არგენტინელი სპეციალისტის მუშაობითა და შედეგებით და ამას კლუბის ერთ-ერთი დირექტორი ემილიო ბუტრაგენიოც ადასტურებს: 

"სოლარის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვართ. ის რთულ დროს მოვიდა და კარგი შედეგის ჩვენება შეძლო. სელტასთან შეხვედრა ძალიან რთული გამოვიდა, რადგან ტრავმების გამო გადაწყობა გახდა საჭირო, მაგრამ რეალმა ხასიათი აჩვენა და ყველა შანსი გამოიყენა. ძალიან გახარებული ვართ და იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ".

კაზემირო და ნაჩო ლაზარეთში

26 წლის ბრაზილიელს მოედნის დატოვება თამაშის დასაწყისშივე მოუხდა

მართალია, სოლარის ხელში რეალის წარმატებული სერია გრძელდება, მაგრამ სელტასთან მატჩის შემდეგ გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე დადგა.

მადრიდელთა დაშავებულ ნახევარმცველ კაზემიროს, რომელმაც ვიგოს მოედანი უკვე მე-18 წუთზე დატოვა, მარჯვენა კოჭის მყესები დაჭიმვა დაუდგინდა და სავარაუდოდ, სამი კვირა გაუცდება.

უფრო რთული ტრავმა აქვს ნაჩოს, რომელმაც ასევე ვერ მოახერხა სელტასთან თამაშის ჩამთავრება. მედიკოსებმა ესპანელ მცველს მარჯვენა მუხლის მყესების დაზიანება დაუდგინეს, რის მორჩენასაც დაახლოებით ორ თვემდე სჭირდება.

რეალის 28 წლის მცველს ორ თვემდე მკურნალობა სჭირდება

მადრიდის რეალს უახლოესი მატჩი 24 ნოემბერს უწევს - ლა ლიგაში, სტუმრად ეიბართან. სწორედ ამ შეხვედრაში ექნება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დებიუტი 42 წლის არგენტინელს.

კომენტარები

ბოლო ამბები