Thumbnail

'ეს იყო სტრესი, პასუხისმგებლობა და დიდი ემოცია' - ინტერვიუ ირმა ხეცურიანთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებულია
  • ქართველი სპორტსმენის დიდი წარმატება

თბილისში გაიმართა მსოფლიო თასი პარაფარიკაობაში, რომელშიც ბრწყინვალედ იასპარეზა ირმა ხეცურიანმა (ხმალი, ბ-კატეგორია). ტიტულოვანმა ქართველმა სპორტსმენმა მთელი გზა ტრიუმფით გაიარა, ფინალში ბელარუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. თბილისური მსოფლიო თასის შესახებ ირმა ხეცურიანი popsport-ს ესაუბრა...

popsport: რამდენად მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო თასზე ასპარეზობა საკუთარ ქვეყანაში?

ხეცურიანი: საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო იყო მსოფლიო თასზე ასპარეზობა. პარასპორტის ისტორიაში, საქართველოსა და მთელ რეგიონში ასეთი მასშტაბის ტურნირი პირველად ჩატარდა. ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო თბილისში ასპარეზობა და თავიდან გამიჭირდა კიდეც ძალების მობილიზება. თუმცა, საბოლოოდ მაინც დიდი ძალაა, როდესაც შენი გუნდის და გულშემატკივრების მხარდაჭერას გრძნობ. სწორედ ეს იყო ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

popsport: როგორ შეაფასებთ ტურნირის საორგანიზაციო მხარეს?

ხეცურიანი: მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მსოფლიო თასის ორგანიზებაში. მოხალისეებით დაწყებული, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, რომ ეს 5-დღიანი ტურნირი უმაღლეს დონეზე ყოფილიყო ორგანიზებული. განსაკუთრებული მადლობა მძღოლებს, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებდნენ პარასპორტსმენების მომსახურებაში. განსაკუთრებული მადლობა პარაფარიკაობის და პარაოლიმპიური კომიტეტის მთელ გუნდს. თითოეულმა მათგანმა დიდი შრომა გასწია, რომ მსოფლიო თასი მაღალ დონეზე ყოფილიყო ორგანიზებული. აბსოლუტურად ყველა სპორტსმენი და დელეგატი კმაყოფილი წავიდა საქართველოდან. მსოფლიო თასს მსოფლიოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დაესწრო, ჩვენთან ერთად გაიარა მთელი ეს პროცესი და ვფიქრობ, ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ირმა ხეცურიანის ტრიუმფი თბილისის მსოფლიო თასზე

popsport: მსოფლიო თასის არაერთგზის გამარჯვებული ხართ. რით იყო თბილისის ტურნირი გამორჩეული და გაიხსენეთ გზა, რომელიც ტრიუმფით გაიარეთ?

ხეცურიანი: ეს იყო ჩემი მე-12 მსოფლიო თასი, თბილისის ტურნირი კი პირველ რიგში სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით მეც და ჩემი თანაგუნდელებიც. უფრო სტრესული იყო თბილისში გამოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გავართვი თავი დასახულ ამოცანას. ასევე, მაქსიმალურად მოინდომეს ჩვენმა გოგონებმა და მთლიანობაში, კარგად წარმოაჩინეს თავი. გვანცა ზადიშვილმა და მირანდა გიგაშვილმა დიდი გამოცდილება მიიღეს, ნინა თიბილაშვილს კი საუკეთესო 8-ში გადასასვლელად მძიმე ორთაბრძოლა გადახდა. დარწმუნებული ვარ, ნინა კიდევ არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას. რაც შემეხება მე, გავიარე ქვეჯგუფი, რომელშიც შვიდი მოფარიკავე ვასპარეზობდით. 5 ორთაბრძოლა მოვიგე და გადავედი მომდევნო ეტაპზე, სადაც 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოსახვედრად ბელარუსი მეტოქე დავამარცხე. შემდეგ იყო ნახევარფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა უკრაინელ მოფარიკავესთან, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, 15:13 მოვიგე. შედარებით იოლი გამოდგა ნახევარფინალური ორთაბრძოლა ასევე უკრაინელ მეტოქესთან, რომელშიც 15:8 გავიმარჯვე. ფინალი ყველაზე მარტივი გამოდგა, რადგან ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. იქ უკვე დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში და საბოლოოდ, 15:3 დავამარცხე ბელარუსი პარამოფარიკავე ანასტასია კასტიუჩკოვა.

popsport: ტიტულოვანი სპორტსმენი ხართ და თითქმის ყველაფერი გაქვთ მოგებული. როგორია სამომავლო გეგმები და რას უმიზნებთ სპორტულ კარიერაში?

ხეცურიანი: 2018 წლის სეზონი იაპონიაში, კიოტოს მსოფლიო თასით მთავრდება, 2019 წლიდან კი დაიწყება ახალი ციკლი. 2018 და 2019 წლები გადამწყვეტი იქნება ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად. გვჭირდება მაქსიმალური მონდომება, ბევრი შრომა და აუცილებლად მოვიპოვებთ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს.

კომენტარები

ბოლო ამბები