Thumbnail

ოღონდ ნუ იქნება სუპერლიგა! - უეფა მზადაა, ჩემპიონთა ლიგა გადააკეთოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევროპული ტოპ-კლუბები ფარულად სუპერლიგის შექმნაზე ფიქრობენ
  • უეფა კი უკვე საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაზე ფიქრობს
  • ჩემპიონთა ლიგა სამშაბათ-ოთხშაბათს აღარ გვექნება?

უეფა არ აპირებს გულხელდაკრეფილი შეხვდეს ევროპული ტოპ-კლუბების განზრახვის აღსრულებას - სუპერლიგის შექმნას და უკვე ფიქრობს, როგორ გადადგას საწინააღმდეგო ნაბიჯები.

როგორც AS იუწყება, სუპერლიგის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მზადაა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს მისი ეგიდით მიმდინარე ტურნირების რეგლამენტში. მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ჩემპიონთა ლიგის მატჩების სამშაბათ-ოთხშაბათის ნაცვლად, უქმეებზე გამართვის იდეაა. ამ შემთხვევაში, სანაკრებო შეხვედრები სამუშაო დღეებში ჩატარდება.

უეფას ჩანაფიქრს არ იწონებენ ევროპის წამყვანი ლიგების მესვეურები. ესპანური პრიმერის, ინგლისური პრემიერლიგის, გერმანული ბუნდესლიგისა და იტალიური სერია A-ს ხელმძღვანელებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ უარს ამბობენ ახალ განაწესზე და შესაბამისი წერილი უეფაში გადაგზავნეს.

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპის 16 ტოპ-კლუბი, უეფასგან ფარულად, სუპერლიგის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. საუბარია დახურულ კომერციულ ტურნირზე, რომელმაც 2021 წლიდან ჩემპიონთა ლიგა უნდა შეცვალოს.

Football Leaks-ის თანახმად, ევროპულ სუპერლიგაში, ტურნირის დამფუძნებელ 11 კლუბს ადგილი მუდმივად ექნება - რეალს, ბარსელონას, მანჩესტერ იუნაიტედს, ჩელსის, არსენალს, მანჩესტერ სიტის, ლივერპულს, პსჟ-ს, იუვენტუსსა და ბაიერნს. მათ მოწვეული სტუმრის სტატუსით დაემატება კიდევ ხუთი გუნდი, რომლებიც გავარდნისგან დაზღვეულნი არ იქნებიან. ესენია: ატლეტიკო, ბორუსია, მარსელი, ინტერი და რომა.

მანამდე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აღნიშნა, რომ სუპერლიგის შექმნის შემთხვევაში, ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ტურნირში ითამაშებენ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე არ დაიშვებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები