Thumbnail
  • ლეიკერსის გულშემატკივრებმა ატლანტასთან ბოლო წამებამდე ინერვიულეს
  • ბოლოს ლებრონმა ჩატენა და ლეიკერსმა 1-ქულიანი უპირატესობით მოიგო
  • ჯეიმს ჰარდენს ბრწყინვალე საღამო ჰქონდა

რთული წარმოსადგენი იყო, რომ ლეიკერსს ატლანტას დამარცხება ასე გაუჭირდებოდა. ლოს ანჯელესელთა გამარჯვება ბოლო წამებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და ბოლოს მატჩის ბედი ერთმა ქულამ გადაწყვიტა: ლეიკერსმა დუელი 107:106 მოიგო. სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა თავის გუნდს გამარჯვება გადამწყვეტი ჩატენვით მოუტანა და 26 ქულით მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა. გარდა ამისა, მან 7 მოხსნა და 4 პასიც დააგროვა.

სტეიპლს ცენტრში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი პერიოდი ლეიკერსმა 28:22 მოიგო, მეორეში კი 24:31 დამარცხდა და პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 1 ქულით იგებდნენ. მესამე პერიოდი ლეიკერსმა შესანიშნავად ჩაატარა და 10-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა ბოლო მეოთხედში ატლანტამ ისევ მოუმატა, ჩამორჩენა შეამცირა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა.

ბოლო ფაზა დრამატული იყო: ლებრონ ჯეიმსმა ჯერ ორი საჯარიმო ვერ გამოიყენა, მერე კი გადამწყვეტი ჩატენვით ლეიკერსს გამარჯვება მოუტანა. ლოს ანჯელესელებისთვის ეს ზედიზედ მესამე მოგებაა - 7 გამარჯვებით და 6 მარცხით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა.

ბოსტონმა წააგო, ჰიუსტონმა მოიგო

ბოსტონ სელტიკსი პორტლენდში 94:100 დამარცხდა - საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ 27 ქულით და 8 მოხსნით. კლიპერსთან წაგების შემდეგ, მილუოკი ბაქსმა დენვერის დამარცხება შეძლო (121:114). იანის ანტეტოკუნმპომ 22 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი დააგროვა, თუმცა მატჩის საუკეთესო მსროლელი ბრუკ ლოპესი გახდა 28 ქულით.

ჰიუსტონ როკეტსმა ინდიანა პეისერსი 115:103 დაამარცხა, რაც ჯეიმს ჰარდენის დამსახურებაა - მის ანგარიშზე 40 ქულაა! ასევე 9 პასი და 7 მოხსნა. კარგი იყო კრის პოლიც - 26 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები