Thumbnail
  • სელტა 2:4 რეალი
  • სოლარის გუნდმა ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა
  • სანტიაგო სოლარი უნდა დარჩეს!

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მე-12 ტურის მორიგი მატჩი ვიგოში გაიმართა, სადაც სელტამ მადრიდის რეალი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. სანტიაგო სოლარის სერია კი გრძელდება - რეალმა დროებითი მთავარი მწვრთნელის ხელში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო (ორი ლა ლიგაში, თითო - ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე), ჯამში გაიტანა 15 გოლი და გაუშვა 2… 

ვიგოს არენა "ბალაიდოსზე" სტუმართა გამარჯვებას საფუძველი ქარიმ ბენზემამ ჩაუყარა და შემდეგ განამტკიცა კიდეც. ფრანგმა თავდამსხმელმა ანგარიში სიღრმიდან ლუკა მოდრიჩის გამოზომილი გადაცემის შემდეგ გახსნა - ბურთი მარჯვენათი ჩამოიღო, გაისწორა და იმავე ფეხით კარში გაუშვა. ეს ბენზემას მეხუთე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

ქარიმ ბენზემამ სეზონის ყველა ტურნირში მეათე გოლი მიითვალა

მომენტების მიუხედავად, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, სანტიაგო სოლარის კი ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა - მოედანი ნაადრევად ჯერ კაზემირომ, შემდეგ კი სერხიო რეგილონმა დატოვა.

მასპინძელთა კარში მეორე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა და ისიც ბენზემას დამსახურება იყო, რომელმაც სელტას მცველებს თავგზა აურია და მახვილი კუთხიდან კარში ძლიერად დაარტყა. ბურთი ჯერ მეკარე სერხიო ალვარესს მოხვდა, შემდეგ ძელს, ბოლოს კი ვიგოელთა მცველ გუსტავო კაბრალს და კარში შევარდა.

სელტას თამაშის გადარჩენის იმედი 61-ე წუთზე უგო მალომ ჩაუსახა, რომელმაც ფლანგიდან ბრაის მენდესის მშვენიერი პასისა და სერხიო რამოსის დაგვიანებული რეაქციის შემდეგ, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში. 

მაგრამ ვიგოელებს ყველანაირი იმედი იმავე რამოსმა მოუსპო. მადრიდელთა კაპიტანმა ალვარო ოდრიოზოლას წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ცინიკურად, მაგრამ ზუტად შეასრულა. მანამდე წესები კი კარატის ილეთით სელტას მცველმა დავიდ ხუნკამ დაარღვია. მანამდე ტრავმის გამო მოედანი ნაჩომ დატოვა... 

რეალის კაპიტანმა ლა ლიგაში მეოთხე პენალტი გაიტანა

მასპინძლებმა უხეშობას უმატეს, ავტოგოლის ავტორმა კაბრალმა კი იმდენი მოახერხა,  უწყინარ სიტუაციაში რამოსზე იუხეშა და არბიტრს მეორე ყვითელი ბარათი გამოსტყუა.  

ამის შემდეგ კიდევ ორი გოლი გავიდა. კომპენსირებულ დროში ჯერ შეცვლაზე შემოსულმა დანი სებალიოსმა გამოიდო თავი - საჯრიმოს მისადგომებიდან ისე ძლიერად დაარტყა, ალვარესს შანსი არ ჰქონდა. ორიოდ წუთის შემდეგ კი უკვე საპირისპირო მხარეს ბრაის მენდესმა გაისროლა ზუსტად.

საბოლოოდ, სანტიაგო სოლარის მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სასიამოვნო გამარჯვება გამოუვიდა. ეს კი კარგი არგუმენტია იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ არგენტინელი სპეციალისტი გუნდში მინიმუმ სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს. 

სოლარი რეალის პირველი მწვრთნელია მანუელ პელეგრინის შემდეგ (2009), ვინც სასტარტო 4 მატჩის მოგება შეძლო 

რეალმა ამ გამარჯვების შემდეგ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. ლიდერ ბარსელონას კი, რომელმაც ბოლო ტურში წააგო, სულ 4 ქულით ჩამორჩება. "სამეფო კლუბს" ლა ლიგაში მომდევნო შეხვედრა ეიბართან სტუმრად, სანაკრებო პაუზის შემდეგ უწევს.

სელტა 2:4 რეალი

გოლები: 0:1 ბენზემა (23’), 0:2 კაბრალი (ავტ. 56’), 1:2 მალო (61’), 1:3 რამოსი (პენ. 83’), 1:4 სებალიოსი (90+1’), 2:4 მენდესი (90+4).

გაძევება: გუსტავო კაბრალი (სელტა, 87’)

სელტა (4-4-2): ალვარესი - მალო, კაბრალი, რონკალია, ხუნკა - მენდესი, იოკუშლუ, ბელტრანი (63' მორი), ბუფალი (63' ჰიულსაგერი) - ასპასი, გომესი.

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ნაჩო (71' ასენსიო), რამოსი, რეგილონი (45+1' სანჩესი)- კროოსი, კაზემირო (19' სებალიოსი), მოდრიჩი - ვასკესი, ბენზემა, ბეილი.

კომენტარები

ბოლო ამბები