Thumbnail
  • ესპანეთის ლიგის მე-8 ტურში ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს
  • თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი ანდორასთან უშანსოდ დამარცხდნენ
  • გიორგი შერმადინის უნიკახამ საკუთარ მოედანზე ბრეოგანს სძლია
  • ბექა ბურჯანაძემ და დუდა სანაძემ ჩემპიონატში მეორე მოგება იზეიმეს 

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის ბასკონია სტუმრად ანდორას დაუპირისპირდა და ანგარიშით 73:93 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელების გუნდს შანსი არ ჰქონია, ოთხივე პერიოდი დათმო და ჩემპიონატში მეორე მარცხი იწვნია.

ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 20 წუთამდე გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ სამივე ორქულიანი ჩააგდო, ორი სამქულიანი კი გაუცუდდა. შენგელიამ 6 საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. მისმა თანაგუნდელმა კლუბსა და ნაკრებში მეტ ჯენინგმა 21:05 წუთში 5 ქულა, 2-2 პასი და მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ერთი ორქულიანი წარმატებით ტყორცნა, 4 სამქულიანიდან კი მხოლოდ ერთი ჩააგდო. ბასკონიას 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი გრან კანარიას მიიღებს. 

ქართული დროშა ანდორას დარბაზში

ცხრილში მეოთხე ადგილზე 12 ქულით და ბურთების უარესი სხვაობით გიორგი შერმადინის უნიკახაა, რომელმაც ბოლო ტურში შინ ბრეოგანს ანგარიშით 78:72 მოუგო. ქართველმა ცენტრმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 18:42 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 5-იდან 2 ორქულიანი და 6-იდან 5 საჯარიმო ჩააგდო. ლიგაში მომდევნო მატჩს უნიკახა სტუმრად ანდორასთან ჩაატარებს.

გიორგი შერმადინი შეტევაში

ჩემპიონატში მეორე მოგება იზეიმა ბექა ბურჯანაძისა და დუდა სანაძის გიპუსკოამ, რომელმაც მე-8 ტურში შინ სან პაბლო ბურგოსს 92:83 სძლია. ქართველი კალათბურთელები თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ. ბურჯანაძემ, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, 27:19 წუთში 19 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ბექამ 6-იდან 4 ორქულიანი, 4-იდა 2 სამქულიანი და 7-იდან 5 საჯარიმო ჩააგდო.

დუდა სანაძის სტატისტიკა მატჩში 8:57 წუთში მოპოვებული 5 ქულა და თითო მოხსნა და პასია. გიპუსკოა 4 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომავალ ტურში კი ლიდერ მადრიდის რეალს სტუმრობს.

საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული კიდევ ერთი კალათბურთელის, თად მაკფადენის ტენერიფემ სტუმრად გრან კანარიას 91:77 სძლია. მაკფადენის ანგარიშზე 18:49 წუთში 8 ქულა, თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრაა. ტენერიფე სატურნირო ცხრილში 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი შინ ვალენსიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები