Thumbnail
  • ბაიერნს ასეთი ცუდი სტარტი ბუნდესლიგაში ბოლოს 8 წლის წინ ჰქონდა 
  • მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი თამაშით მაინც კმაყოფილი დარჩა
  • მარკო როისის თქმით, ჩემპიონობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია

ბუნდესლიგის მე-11 ტურის მთავარ მატჩში ბაიერნი სტუმრად დორტმუნდთან დამარცხდა (2:3).  ახლა ნიკო კოვაჩის გუნდს 20 ქულა აქვს, რაც კლუბის ისტორიაში ბოლო რვა წლის ანტირეკორდია. ბოლოს ამდენი ქულა 11 ტურის შემდეგ მიუნხენელებს ლუი ვან გაალის დროს, 2010/11 წლების სეზონში ჰქონდათ… 

მიუხედავად ამისა, ბაიერნის თავკაცი ნიკო კოვაჩი დორტმუნდთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო:

"ეს ფანტასტიკური მატჩი იყო. თამაშს პირველ ტაიმში ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ შესვენების შემდეგ ბორუსიამ გვაჯობა, კონტრშეტევებზე დაგვიჭირა, რაც არ უნდა დაგვეშვა. ამ თამაშით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ეს ბაიერნის საუკეთესო მატჩი იყო შალკესთან შეხვედრის შემდეგ. შვიდი ქულით ჩამორჩენა ბევრია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი".

ნოიერმა ბაიერნი მარცხისგან ვერ იხსნა

ყურადღება დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერმა:

"ბაიერნის პრობლემა დაშვებულ შეცდომებშია. დორტმუნდი საკუთარ მოედანზე კონტრშეტევაზე თამაშობდა. ვიცოდით, რომ მეტოქე ამაში ძლიერი იყო, მაგრამ მაინც ვერ შევაჩერეთ". 

დორტმუნდელთა ზეიმი გასახდელში

თამაშის შემდეგ საჩემპიონო შანსებზე ილაპარაკა დორტმუნდელთა თავდამსხმელმა მარკო როისმა, რომელმაც ბაიერნთან დუბლი მიითვალა:

"კარგია, რომ ქულათა მარაგი გვაქვს, მაგრამ ბაიერნი ძველებურად ძლიერია. ჯერ ადრეა საჩემპიონო ტიტულზე ლაპარაკი. გვყავს სხვა მეტოქეებიც, მაგალითად, გლადბახი. პირველ ტაიმში ბევრი არაფერი გამოგვივიდა, ბაიერნს კი წნეხში ვყავდით. მაგრამ მეორეში უფრო თავდაჯერებულად ვთამაშბდით. ეს ბრწყინვალე მატჩი იყო".

ახლა მიუნხენის ბაიერნი სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და ლიდერ დორტმუნდის ბორუსიას უკვე 7 ქულით ჩამორჩება. მომავალ ტურში რეკორდმაისტერი "ალიანც არენაზე" ფორტუნას უმასპინძლებს. დორტმუნდი კი სტუმრად მაინცს ეთამაშება. ორივე მატჩი 24 ნოემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები