Thumbnail

NBA | ლებრონმა საკრამენტოში იფრინა, დურანტმა და კუკმა ბრუკლინი დაჩაგრეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოქმედმა ჩემპიონმა ბრუკლინს გრინისა და კარის გარეშეც მოუგო
  • კავაი ლეონარდმა და ტორონტომ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს
  • ლებრონმა საკრამენტოს უჩვენა, ვინ არის მეფე

NBA-ში რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა. 

სეზონის მე-11 მოგება იზეიმა NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტმა, რომელმაც მილუოკისთან მარცხის შემდეგ, ხასიათი ბრუკლინ ნეტსთან გამოიკეთა. ოკლენდელებმა საკუთარ არენაზე თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე აუღელვებლად მიიყვანეს - 116:100.

გოლდენ სტეიტიმა ბრუკლინს ზედიზედ მერვედ მოუგო, ბოლოს კი მასთან 2015 წლის გაზაფხულზე დამარცხდა.

თამაშის წინ კალიფორნიელებმა, რომლებსაც ტრავმების გამო დრეიმონდ გრინი, სტეფ კარი და დემარკუს კაზინსი აკლიათ, განვითარების ლიგის ფარმ-კლუბიდან მცველი ჯეიკობ ევანსი და ფორვარდი მარკუს დერიკსონი დაიმატეს. ამ უკანასკნელმა NBA-ში პირველი ქულები სწორედ ბრუკლინთან მიითვალა - 2 ქულა 6 წუთში.

"ორაკლ არენაზე" მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელთა ფორვარდი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 11 პასი. ქუინ კუკმა 27 ქულაა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა - 24.

გოლდენ სტეიტი 13 მატჩიდან 11 მოგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად 13 ნოემბერს, ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამართავს, რომელმაც დღეს მილუოკის ოვერტაიმში სძლია (128:126).

ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა დასავლეთის ლიდერმა ტორონტომ, რომელმაც საკუთარ არენაზე ნიუ იორკ ნიქსი მიიღო და ანგარიშით 128:112 გაიმარჯვა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტუმართა მცველი ტიმ ჰარდუეი გახდა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, ნიქსის ცენტრმა ენეს კანტერმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა - 15 ქულა, 15 მოხსნა.

ტორონტოს ლიდერმა კავაი ლეონარდმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა, ფორვარდმა პასკალ სიაკამმა კი 23 ქულა ჩააგდო. ორმაგი დუბლი ჰქონდა ცენტრ იონას ვალანჩუნასს - 19 ქულა, 10 მოხსნა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სტუმრად საკრამენტოში კინგსი დამაჯერებლად - 101:86 დაამარცხა. "გოლდენ  უან-ცენტრში" მთავარი გმირი ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 12 მოხსნა იყო ტაისონ ჩენდლერის ანგარიშზე, რაჟონ რონდომ კი თამაში 6 ქულითა და 7 პასით დაასრულა.

მასპინძელთა რიგებში შედეგიანობით დე'აარონ ფოქსი გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ორმაგი დუბლი ჰქონდა უილი კოლი-სტაინს - 12 ქულა, 12 მოხსნა.

ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, საკრამენტო - მერვეზე.

კომენტარები

ბოლო ამბები