Thumbnail
  • 📅 10 ნოემბერი ⌚ 21:30 ⚽ დორტმუნდი V ბაიერნი
  • თუ ბაიერნი დორტმუნდში წააგებს, შესაძლოა ნიკო კოვაჩი გაათავისუფლონ
  • გერმანული “ელ კლასიკოს” წინ ბორუსია ბაიერნს ბოლოს რომ უსწრებდა, ჩემპიონიც გახდა

დღეს გერმანული “ელ კლასიკოა” - დორტმუნდის ბორუსია მიუნხენის ბაიერნს მასპინძლობს. მატჩი, რომელსაც მთელი საფეხბურთო გერმანია მოუთმენლად ელის ხოლმე, ახლა განსაკუთრებით დამაინტრიგებელია, რადგან 10 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს არა ბაიერნი, არამედ ბორუსია ლიდერობს და რეკორდმაისტერს 4 ქულით უსწრებს.

ბაიერნმა წინა ტურში ფრაიბურგს ვერ მოუგო (1:1), რითაც მანამდე, კრიზისიდან გამოსვლის ორი მატჩის მოგებით გამოწვეული შეგრძნება ისევ გააქრო. გერმანული მედია წერს, რომ თუ ბავარიული გრანდი დორტმუნდთანაც დამარცხდება და ლიდერთან ჩამორჩენა 7 ქულამდე გაიზრდება, ხელმძღვანელები გუნდის მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს გაათავისუფლებენ.

დორტმუნდი ბრწყინვალე ფორმაშია. მართალია, ბორუსია შუა კვირაში ატლეტიკოსთან 0:2 დამარცხდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან ეს ამ სეზონში დორტმუნდელთა პირველი წაგება იყო. ლუსიენ ფავრის გუნდმა მადრიდში ცუდად ითამაშა, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა დიდი ხნის შემდეგ.

ბაიერნი უფრო ცუდად გამოიყურება და, თანაც, უკვე დიდი ხანია. რეკორდმაისტერის შეფებს უჭირთ იმის აღიარება, რომ ნიკო კოვაჩში შეცდნენ. ოთხშაბათს, აეკ-თან დაფიქსირებული 2:0 კოვაჩს აქტივში ვერ ჩაეთვლება, რადგან კარგ ფორმაში მყოფი მიუნხენური გრანდი აეკ-ს უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა უგებდეს და გაცილებით აზრიან ფეხბურთსაც უნდა თამაშობდეს.

ამ გუნდებს შორის ბოლო 12 დუელის წინ, ბაიერნი ცხრილში ყოველთვის დორტმუნდზე წინ იყო ხოლმე. გერმანული “ელ კლასიკოს” წინ დორტმუნდელები მიუნხენელებს ცხრილში ბოლოს 2011/2012 წლების სეზონში უსწრებდნენ (30-ე ტური) და იმ სეზონში გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის ბორუსია გახდა...

დორტმუნდი: ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ, მეკარე ბიურკის ტრავმა აწუხებდა. ექიმების პროგნოზი პოზიტიურია, მაგრამ შესაძლოა, მაინც ვერ ითამაშოს.

ბაიერნი: არიენ რობენი აეკ-თან დაშავდა და ბორუსიას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

საინტერესო ფაქტები

► დორტმუნდი ბუნდესლიგაში ჯერაც დაუმარცხებელია, ჩემპიონთა ლიგაში კი ატლეტიკოსთან სეზონის პირველი მარცხი იწვნია. ატლეტიკოსთან პირველად მოხდა ისე, რომ ბორუსიამ ამ სეზონში მატჩი უგოლოდ დაასრულა (0:2).

► ბორუსიას გერმანიის ჩემპიონატში საშუალოდ ერთ მატჩში 3 გოლი გააქვს, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგია.

► დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 7 მატჩი აქვთ მოგებული და აქედან 5 შეხვედრაში 2-ბურთიანი, 3-ბურთიანი ან უფრო დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

► ბაიერნი მე-3 ადგილზეა და ლიდერ დორტმუნდს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, რაც ნამდვილად არ არის კატასტროფა, მაგრამ ფაქტია, რომ რეკორდმაისტერს ასეთი ცუდი სტარტი ბუნდესლიგაში 7 წელია აღარ ჰქონია.

► სამაგიეროდ, ბაიერნმა 5 გასვლით მატჩში 12 ქულა აიღო, რაც გერმანიაში საუკეთესო შედეგია. 

► ეს დორტმუნდისა და ბაიერნის 98-ე დუელია. ბოლო 6 დაპირისპირებიდან ბაიერნმა 4 მოიგო (1 ფრე, 1 წააგო). მათ შორის იყო მარტშ დაფიქსირებული 6:0 რეკორდმაისტერის სასარგებლოდ.

► დორტმუნდისა და ბაიერნის ბოლო ექვსი დუელიდან ოთხში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, ჰაკიმი - დილეინი, ვიტსელი - პულიშიჩი, როისი, სანჩო - პაკო ალკასერი.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი - გნაბრი, მიულერი, ხამეს როდრიგესი, რიბერი - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები