Thumbnail
  • ევრობასკეტი 2017 დასრულებულია. დროა, შევაჯამოთ ქართველ კალათბურთელთა გამოსვლა.
  • გუნდური წარუმატებლობის მიუხედავად, ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის სტატისტიკურ ლიდერთა შორის მოხვდნენ
  • ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2021 წელს გაიმართება. საქართველოს ამ ტურნირის მასპინძლობა სურს

ევრობასკეტი 2017 უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ისრაელში საქართველოს ნაკრების გამოსვლას, ლიტვასთან ხმაურიანი მოგებების მიუხედავად, წარმატებულს ვერ დაარქმევ - ილიას ზუროსის გუნდი ჯგუფში ჩარჩა.

მიუხედავად ამისა, ეროვნული ნაკრების ზოგიერთ კალათბურთელს ევროპის ჩემპიონატზე ურიგოდ არ უთამაშია. მეტიც, ტურნირზე გამორჩეულთა შორის ქართველებიც მოხვდნენ. 

ქულები

თორნიკე შენგელია ჩვენი ნაკრების ლიდერი იყო, იგი საშუალოდ 18,8 ქულას აკეთებდა თამაშში, რაც ევრობასკეტზე მე-8 შედეგია. მეორე ჩვენებური მაიკლ დიქსონი (13,8 ქულა თამაშში) უკვე 31-ე ადგილზეა. ზაზა ფაჩულია 13,4 ქულა) 35-ე პოზიციაზეა. 

საქართველოს ნაკრების მთავარი ბომბარდირები ევრობასკეტზე
მოხსნები

ზაზა ფაჩულია ფარზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპის ჩემპიონატზე - იგი საშუალოდ 9,2 მოხსნას აკეთებდა თამაშში და ამ მაჩვენებლით მესამე (!) ადგილზე იყო ჩემპიონატში. თანაც, პირველ-მეორე ადგილზე გასულები - იონას ვალანჩუნასი (ლიტვა, 12,0 მოხსნა) და გეიბ ოლასენი (ბრიტანეთი, 11,2 მოხსნა) ზაზაზე მეტ ხანს თამაშობდნენ საშუალოდ. 

თორნიკე შენგელიაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოხსნებში - 7,8 მოხსნა მატჩში - ეს ევროპის ჩემპიონატზე მე-6 შედეგია. გიორგი შერმადინი (4,6 მოხსნა) მე-40 ადგილზეა. 

თამაშში მოხსნების რაოდენობით ზაზა ფაჩულია ევრობასკეტზე მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩა
პასები

პასებში საუკეთესო ჩვენგან დიქსონი იყო - 5,2 პასი საშუალოდ - ეს მაჩვენებელი მე-11 ადგილის ტოლფასია ევრობასკეტზე. შემდეგ მოდიან შენგელია და გიორგი ცინცაძე (3,2-3,2 პასი) - საზიარო 38-ე ადგილი.

დაფარებები

გიორგი შერმადინი საშუალოდ 0,8 ბლოკით თამაშში ევრობასკეტზე მე-19 ადგილზეა. 50-ეულში სხვა არავინ გვყავს.

ჩაჭრები

აქაც პირველი ჩვენში დიქსონია - 1,4 ჩაჭრა თამაშში - მე-16 პოზიცია. შემდეგ მოდან მარკოიშვილი, ცინცაძე და დუდა სანაძე - 1,2-1,2 ჩაჭრა - 26-ე საზიარო პოზიცია. 

დაკარგვები

ამ მაჩვენებლით ლიდერობა საამაყო არ არის, თუმცა ზუსტად დაკარგვებში გვყავს ტოპ-სამეულში ორი კაცი - დიქსონი საშუალოდ 4-ჯერ კარგავდა ბურთს და მხოლოდ დენის შრიოდერს (გერმანია) "ჩამორჩებოდა", შენგელია 3,6 დაკარგვით მესამე ადგილზეა.

ჯარიმები

დუდა სანაძე საშუალოდ 3,2 ფოლს იღებდა თამაშში, რაც ევრობასკეტზე მეხუთე საზიარო შედეგია. 

წუთები

თორნიკე შენგელია მოედანზე საშუალოდ 35,9 წუთს ატარებდა, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე მთელ ევრობასკეტზე მარკოიშვილია - 35,3 წუთი, მეოთხეზე დიქსონია - 33,7 წუთი. ამ სამეულს უბრალოდ ვერ ვცვლიდით. 

ეფექტურობა

ეფექტურობის კოეფიციენტი ქართველთა შორის საუკეთესო შენგელიას ჰქონდა - 18,6. ეს კი ევრობასკეტზე მე-14 შედეგია. 15,2 კოეფიციენტით 23-ე პოზიციაზეა ზაზა ფაჩულია.

გიორგი შერმადინი საჯარიმოებს თითქმის არ აცილებდა
იცით თუ არა რომ...

გიორგი შერმადინი საჯარიმოებს 93,1% სიზუსტით ესროდა (29-დან 27 ჩააგდო). მასზე ზუსტი მხოლოდ ისლანდიელი ჰაუკურ პალსონი იყო - 94,1%.

საქართველოს ნაკრები საშუალოდ 78 ქულას აგდებდა თამაშში, ეს კი მე-12 მაჩვენებელია ევრობასკეტზე. 

იცით თუ არა რომ...

საქართველოს ნაკრები საშუალოდ 16,2-ჯერ კარგავდა თამაშში ბურთს. სამწუხაროდ, ეს ყველა გუნდს შორის უარესი შედეგია ევრობასკეტზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები