Thumbnail
  • 📅 11 ნოემბერი ⌚ 23:30 ⚽ მილანი V იუვენტუსი
  • გატუზოს შემადგენლობაში პრობლემები აქვს, მაგრამ არ წუწუნებს 

კვირას "სან სიროზე" დიდი მატჩია - სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს მილანი და იუვენტუსი ხვდებიან. ტურინელები დიდებულ ფორმაში არიან, გუნდმა იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული 11 მატჩიდან 10 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ. სეზონში ერთადერთი მარცხი კი ახლახან, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში, მანჩესტერ იუნაიტედთან იწვნია. მილანმა სერია A-ში ბოლო სამი შეხვედრის მოგება კი მოახერხა, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და თან, გადამწყვეტი გოლებიც წვალებით გაჰქონდა.

"სან სიროზე" ფავორიტი მასიმილიანო ალეგრის გუნდია, რომელიც იუნაიტედთან მწარე მარცხის შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებული იქნება. მაგრამ როგორც უნდა იყოს, მილანისა და იუვეს შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია და კვირის თამაშიც არ უნდა გახდეს გამონაკლისი. შეხვედრას ინტრიგას მილანიდან ტურინში დაბრუნებული ლეონარდო ბონუჩი და საპირისპირო მიმართულებით გადაბარგებული გონსალო იგუაინი მატებენ. ოღონდ, არგენტინელი თავდამსხმელის თამაში, რომელსაც ზურგი აწუხებს, ჯერაც საეჭვოა. 

მილანი

"სან სიროზე" თამაშამდე ევროთასპარეზზე მილანიც წარსდგა - ხუთშაბათს ევროპალიგის მატჩში სტუმრად ბეტისს დაუპირისპირდა (1:1). ჯენარო გატუზოს გუნდმა პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ მეორეში სუსოს გოლით ქულა მაინც მოიპოვა. 

იქამდე კი მილანელებმა მინიმალური უპირატესობით სამპდორიას (3:2), ჯენოას (2:1) და უდინეზეს (1:0) აჯობეს. საინტერესოა, რომ გუნდმა ბოლო ორ მატჩში გადამწყვეტი გოლები კომპენსირებულ დროში გაიტანა. ასეა თუ ისე, მილანი წარმატებულმა სერიამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩართო - მე-12 ტურს 21 ქულითა და ცხრილში მეოთხე ადგილით შეხვდა.

მილანი საკმაოდ ბევრს იტანს. "როსონერის" ანგარიშზე 21 გოლია, უფრო მეტი კი მხოლოდ იუვესა და ნაპოლის აქვთ. პრობლემა ისაა, რომ ბევრსაც უშვებს - 14. მილანს საშინაო მატჩში ჯერ არ წაუგია - ხუთიდან 4 თამაში მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, ბურთები 12:7. ამ მაჩვენებლით გუნდი ლიგაში პირველ ადგილს ნაპოლისა და იუვენტუსთან იყოფს.

იუვენტუსთან თამაშს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება ჯენარო გატუზო. ვერ ითამაშებს ჯაკომო ბონავენტურა, მატია კალდარა, დავიდე კალაბრია, ივან სტრინიჩი და ლუკას ბილია. ამ უკანასკნელმა ახლახან ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა და ოპერაცია დასჭირდა. მილანელთა სამედიცინო შტაბის ცნობით, არგენტინელ ნახევარმცველს ოთხ თვემდე გაუცდება. რაც შეეხება მასპინძელთა მთავარ იმედს - იგუაინის თამაშის საკითხი ალბათ ბოლო მომენტში გადაწყდება. 

იგუაინის ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებულ 9 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე პასია

იუვენტუსი

ტურინელებმა ოთხშაბათს მიკრო-ინფარტქი მიიღეს. "ალიანც იუვენტუსზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩი, კრიშტიანო რონალდოს ეფექტური გოლის შემდეგ, დამაჯერებლად მიყავდათ საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ ბოლო ხუთ წუთში მანჩესტერ იუნაიტედისგან ორი ალიყური მიიღეს. შედეგი - პირველი წაგება სეზონში. 

რა თქმა უნდა, მარცხი ყოველთვის საწყენია, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იუვენტუსისთვის კატასტროფული არაფერი მომხდარა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ისევ პირველია და პლეი ოფში გასვლის ბრწყინვალე შანსს ინარჩუნებს, შიდა ჩემპიონატში კი მასიმილიანო ალეგრის კომფორტი არც აქამდე აკლდა. წინა უქმეებზე კალიარი (3:1) გავლის შემდეგ, 31 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებთან 6-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა.

იუვენტუსი სერია A-ში გატანილი გოლების რაოდენობით (24), ნაპოლისთან პირველ ადგილს იყოფს, გაშვებული გოლებით კი მეორე საუკეთესო შედეგი აქვს - 8. უფრო კარგი დაცვით მხოლოდ ინტერი ამაყობს (6). "ბიანკონერიმ" სტუმრად გამართული ხუთი მატჩიდან ყველა მოიგო - ბურთები 11:4, რაც სერია A-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

იუვენტუსის ბანაკში ტრავმები აქვთ ფედერიკო ბერნარდესკის, ემრე ჯანსა და მოიზე კინს, კითხვის ნიშნის ქვეშაა "სან სიროზე" დიეგო კოშტას თამაშიც. 

ლეონარდო ბონუჩიმ წინა სეზონი მილანში გაატარა

მატჩის წინ

ჯენარო გატუზო (მილანის მთავარი მწვრთნელი): "აზრი არ აქვს ტრავმებზე წუწუნს, გამოვიყენებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენ განკარგულებაში იქნებიან. ვიბრძოლებთ ბოლომდე, თავის მართლებისთვის მიზეზების ძებნა კი არაფერს გვარგებს. იუვენტუსი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომ არაფერი ვთქვათ იტალიაზე. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ცხვირსახოცების მომარჯვებასა და ტირილს არ ვაპირებთ. გავალთ და ვითამაშებთ".

ჯენარო გატუზო შემადგენლობაში პრობლემების გამო წუწუნს არ აპირებს

პაულო დიბალა (იუვენტუსის თავდამსხმელი): "მოუთმენლად ველი კიდევ ერთხელ შეხვედრას რინოსთან, თუმცა მიხარია ის, რომ მოედანზე არ იქნება და ფეხებში არ ჩამარტყამს".

იუვეს არგენტინელ ფორვარდს  გატუზო 2013 წელს, პალერმოში წვრთნიდა 

საინტერესო ფაქტები

► მილანი და იუვენტუსი ერთმანეთს 59-ჯერ დაუპირისპირდნენ. უპირატესობა ტურინელთა მხარესაა: 29 მოგება, 14 ფრე, 16 მარცხი. ბურთების შეფარდება - 85:59.

► მხოლოდ მილანში გამართულ მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, უპირატესობა მაინც იუვეს მხარესაა - 10 მოგება, 9 ფრე, 9 მარცხი. ბურთები - 35:30.

► გასულ სეზონში გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სამჯერ ითამაშეს და ყველა შემთხვევაში გამარჯვება ტურინელებს დარჩათ - 3:1 და 2:0 ჩემპონატში, 4:0 თასზე.

► იუვენტუსმა მილანს ზედიზედ ბოლო ხუთი დაპირისპირება მოუგო, ამ გუნდებს შორის ფრე სერია A-ში კი ბოლოს 2012 წლის თებერვალში დაფიქსირდა. 

► ყველა ტურნირში მილანის ბოლო 7 საშინაო შეხვედრაში სტაბილურად ფიქსირდება 2,5 გოლზე მეტი.

► ტურინის იუვენტუსი სერია A-ში ჩატარებულ ბოლო 12 მატჩიდან 11-ში მინიმუმ 2 გოლს იტანს.

მილანი V იუვენტუსი - ძველი, კარგი დრო...

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - სუსო, კესიე, ბაკაოკო, ლაქსალტი - იგუაინი, კუტრონე.

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები