Thumbnail
  • კილიან მბაპეს მიაჩნია, რომ მესი და რონალდო კვლავ საუკეთესოები არიან
  • თუმცა, ფრანგს ოქროს ბურთის აღების იმედი აქვს

მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა სუპერვარსკვლავმა კილიან მბაპემ “ოქროს ბურთის” კანდიდატებზე ისაუბრა. 19 წლის ფრანგი ფორვარდის აზრით, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო კვლავ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მაგრამ “ოქროს ბურთს” ვერც არგენტინელი მოიგებს და ვერც პორტუგალიელი.

“არა მგონია, რომ წელს ოქროს ბურთი მესიმ ან რონალდომ აიღოს, რადგან ეს მსოფლიოს ჩემპიონატის წელი იყო, მუნდიალი კი ყოველთვის ყველა ტურნირზე მნიშვნელოვანია,” - განაცხადა მბაპემ სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში.

'საფრანგეთის ნაკრებმა წელს ისტორია დაწერა და კარგი იქნებოდა, რომ ეს “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზეც დაგვიფასდეს' - კილიან მბაპე

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელს მიაჩნია, რომ “ოქროს ბურთის” დასაკუთრების მთავარი ფავორიტი ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩია, თუმცა ფიქრობს, რომ თვითონაც აქვს შანსი: “რა თქმა უნდა, მეც მაქვს იმის იმედი, რომ ოქროს ბურთს ავიღებ. ჩვენ უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ და სამწუხარო იქნება, “ოქროს ბურთი” ფრანგმა რომ არ აიღოს. საფრანგეთის ნაკრებმა წელს ისტორია დაწერა და კარგი იქნებოდა, რომ ეს “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზეც დაგვიფასდეს,” - დასძინა მბაპემ.

“ოქროს ბურთის” მფლობელს ფრანგული ჟურნალი France Football დეკემბრის დასაწყისში გამოავლენს. 2010-დან 2015 წლამდე გამოცემა წლის საუკეთესო მოთამაშეს ფიფასთან ერთად აჯილდოვებდა, 2016 წლიდან კი “ოქროს ბურთი” ისევ მხოლოდ “ფრანს ფუტბოლის” ჯილდოა, ფიფამ კი “The Best” შექმნა.

“რონალდოზე და მესიზე უკეთესი დღეს არავინაა და ვერავინ იტყვის, რომ მათი ერა მთავრდება. ლეოს და CR7-ის ეპოქა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ვინმე მათზე უკეთ ითამაშებს. ჯერჯერობით ამას ვერავინ ახერხებს,” - ამბობს მბაპე.

ცხადია, რონალდოს და მესის ეპოქის დასრულების ყველაზე დიდი შანსი სწორედ მას აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები