Thumbnail

'საღამოს ყველაზე საშინელი ამბავი' - დენი უელბეკის ტრავმამ ყველა შოკში ჩააგდო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონის არსენალის თავდამსხმელმა სპორტინგთან მატჩში კოჭი მოიტეხა
  •  27 წლის ფეხბურთელმა მოედანი ჟანგბადის ნიღბითა და საკაცით დატოვა
  • ტრავმა იმდენად მძიმე სანახავი იყო, რომ მოთამაშეები ემოციებს ვერ მალავდნენ  

ლონდონში გამართულ არსენალი-სპორტინგის მატჩში მასპინელთა ფორვარდმა დენი უელბეკმა სარაზელი ტრავმა მიიღო. შეხვედრის 26-ე წუთზე ფეხბურთელი მაღალი ბურთისთვის იბრძოდა, თუმცა მიწაზე ცუდად დაეშვა და მარჯვენა ფეხი კოჭში მოიტეხა. უელბეკს ჟანგბადის ნიღაბი დასჭირდა, მოედნიდან კი საკაცით გაიყვანეს.

დენიმ მაღალ ბურთზე ორთაბრძოლის შემდეგ ფეხი კოჭში მოიტეხა

დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მოედანზე მყოფი სხვა მოთამაშეები დაზაფრულები შეყურებდნენ ტკივილისგან გამწარებულ 27 წლის ინგლისელს. მატეო გენდუზის რეაქცია კარგად ასახავს ვითარებას.

უელბეკის ნაცვლად თამაში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გააგრძელა. არსენალმა კი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩი სპორტინგთან ფრედ 0:0 დაასრულა. "მეთოფეებმა" 10 ქულა მოაგროვეს და პლეი ოფში გასვლა გაინაღდეს.

დაშავებულ ფეხბურთელს თანაგუნდელებიც ამხნევებდნენ და მეტოქეებიც

დენი უელბეკის კარიერაში ეს მე-12 ტრავმაა, ჯამში კი ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერაში 707 დღე აქვს გაცდენილი. დენის ყველაზე სერიოზული პრობლემები 2015-16 წლებში ჰქონდა. არსენალში გატარებული პირველი სეზონის ბოლოს (2014/15), უელბეკმა მუხლის ტრავმა მიიღო, რის მკურნალობასაც მთელი ზაფხული მოანდომა, მაგრამ სექტემბერში ოპერაციის გაკეთება მაინც მოუხდა. რეაბილიტაციას 5 თვე დასჭირდა, 2016 წლის გაზაფხულზე კი ფეხბურთელს მუხლმა ისევ უმტყუნა. შედეგი - კიდევ ერთი ოპერაცია, ევრო 2016-ის გამოტოვება და 9 თვე ფეხბურთის გარეშე. როგორც ჩანს, ვითარება ამჯერად არანაკლებ მძიმეა...

სავარაუდოდ, უელბეკი ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა 

თამაშის შემდეგ არსენალის თავკაცმა უნაი ემერიმ ფორვარდის ტრავმაზე ისაუბრა.

"უელბეკის ტრამა - ამ საღამოს ყველაზე საშინელი ამბავია. ჩვენ მის გვერდში ვართ. კარგად თამაშობდა, რამდენჯერმე გატანის შანსიც ჰქონდა. ამ ტრავმამ ფეხბურთელებზეც იმოქმედა, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად სერიოზული იყო დაზიანება. ტრავმა არავის გვინდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი პროფესია და ამისგან დაზღვეული არასდროს ვართ.როდესაც ფეხბურთელი მსგავს ტრავმას იღებს, იმ წუთში მოედანზე ყველა დაზაფრულია ხოლმე, მაგრამ შემდეგ თამაში გრძელდება და უკვე მომდევნო წუთს ყველას ავიწყდება მომხდარი. ახლაც ასე იყო, მაგრამ თამაში რომ მორჩა, პირველი, რაც ფეხბურთელებს აინტერესებდათ, უელბეკის მდგომარეობა იყო. ის საავადმყოფოშია და ველით ცნობებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ტრავმა სერიოზულია".

დენის მხარდაჭერა, სხვებთან ერთად, მესუთ იოზილმა და მატეო გენდუზიმ გამოუცხადეს: 

კომენტარები

ბოლო ამბები