Thumbnail
  • ჩაკვეტაძის სავარაუდო ტრანსფერი ევროპული მედიისთვის საინტერესო თემა ხდება
  • ინფორმაციის პირველწყარო ნაკლებად ცნობილი გერმანული საიტია

fussballinfo.net-ის ინფორმაციით, ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძით გერმანული ფეხბურთის გრანდი დორტმუნდის ბორუსია დაინტერესდა.

"როგორც ბელგიაში იტყობინებიან, დორტმუნდის სკაუტები გენტის თამაშებს აკვირდებიან, მიკროსკოპის ქვეშ არის გიორგი ჩაკვეტაძის თამაში. ის ერთადერთი 19 წლის ქართველია, რომელმაც შეძლო და ეროვნული ნაკრების პირველ 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა. სამშობლოში ის ძირითადად შემტევი ნახევარმცველია, თუმცა ფლანგზე თამაშიც შეუძლია. ამ სეზონში ჩაკვეტაძემ, რომელიც გენტს 2020 წლამდე ეკუთვნის, ჩემპიონატის 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა", - წერს გამოცემა. 

საინტერესოა, რომელ ბელგიურ წყაროებს ეყრდნობა ეს ინფორმაცია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. fussballinfo.net თავად არის ბლოგი, ინფორმაცია ჩაკვეტაძეზე გამოქვეყნდა "სატრანსფერო ჭორების" რუბრიკაში.

სამწუხაროდ, ბელგიურ მედიაში მსგავსი არაფერი ყოფილა, თუმცა ჩვენ მაინც აღმოვაჩინეთ fussballinfo.net-ის სავარაუდო წყარო - ეს არის საქვეყნოდ ცნობილი საიტის, transfermarkt.de-ის ფორუმი. 7 ნოემბერს იქ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დორტმუნდი გენტის ვარსვკლავ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდება. ინფორმაციის თანახმად - ევროპალიგის პლეი ოფის მატჩში გენტსა და ბორდოს შორის თამაშს ესწრებოდნენ დორტმუნდის, აინტრახტისა და ლევერკუზენის სკაუტები.

"ჩაკვეტაძე ქართველთა უდიდეს ტალანტად ითვლება და მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული. მათ შორის, წარსულში ბაიერნიც. ახლა კი სცენაზე დორმტუნდი გამოდის, რომელსაც ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. ფორუმის ამ პოსტის წყაროც მითითებულია - fussballeck.com

ამ საიტზე გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია 1-ელი სექტემბრით თარიღდება. fussballeck.com საკმაოდ უცნობი და არც ისე საიმედო გერმანული საიტია. სწორედ იქ გამოქვეყნებული ინფორმაცია მოხვდა transfermarkt-ის ფორუმზე, იქიდან კი fussballinfo.net-მა "გადაბეჭდა", თუმცა წყაროდ ზოგადი "ბელგიური მედია" მიუთითა. 

ჩაკვეტაძე მართლაც დიდი ტალანტია, ეჭვიც არ გვეპარება, რომ მისით მართლაც არიან დაინტერესებული ევროპული გრანდებიც კი, შესაძლოა, მათ შორის იყოს დორტმუნდიც, თუმცა კონკრეტულად ეს ინფორმაცია საკმაოდ არასაიმედოდ გვეჩვენება.

საინტერესოა, როგორ განვითარდა დისკუსია transfermarkt-ის ფორუმზე. "ამჟამად დორტმუნდში მის ადგილს ვერ ვხედავ. ნიჭიერი ბიჭია, თუმცა არ მჯერა ამ ინფორმაციის. აქ არის როისი. ის კაგავასა და გიოტცეს შემდეგ იქნება კონკურენციაში, სერხიო გომესიც კი მასზე წინ იქნება კონკურენციაში. ჩემი აზრით, ესპანელი დაახლოებით ჩაკვეტაძის დონის ტალანტია, ან მეტიც. საერთო ჯამში, ნაკლები შანსია, რადგან დორტმუნდს ახლაც და პერსპექტივაშიც, მის პოზიციაზე საკმარისად ჰყავს ფეხბურთელები", - წერს იუზერი BolzplatzPoehler.

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები