Thumbnail

2019 წელს უეფა პრეზიდენტს აირჩევს - კანდიდატი ერთადერთია

  • უეფას პრეზიდენტს მომავალი წლის 7 თებერვალს რომში აირჩევენ
  • კანდიდატი ერთია - ამჟამინდელი პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი ერთადერთია, ვინც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის არჩევნებისთვის კანდიდატურა წამოაყენა. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, განაცხადების შეტანის ვადა 7 ნოემბერს ამოიწურა, ორგანიზაციის პრეზიდენტს ოთხწლიანი ვადით კი, 2019 წლის 7 თებერვალს, რომში დაგეგმილ კონგრესზე აირჩევენ.

სლოვენიელი ფუნქციონერის კანდიდატურას მხარი სლოვენიის, ფინეთის, დანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციებმა დაუჭირეს.

სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი უეფას რიგით მეშვიდე პრეზიდენტად 2016 წლის სექტემბერში აირჩიეს. არჩევნებში მან 55-იდან 42 ხმა მიიღო და ჰოლანდიელ მიქაელ ვან პრააგს აჯობა. ჩეფერინი ავტომატურად ფიფას ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

უეფას წინა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თანამდებობა ორი წლის წინ, ფიფაში კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა.

51 წლის ალეკანდერ ჩეფერინის ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. სლოვენიური გარდა, ფლობს ინგლისურ და იტალიურ ენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები