Thumbnail
  • ⚽ ბოკა ხუნიორსი V რივერ პლეიტი 📅 შაბათი ⌚ 23:59 📺 SILK UNIVERSAL
  • ლიბერტადორესის თასის ისტორიული ფინალის პირველი რაუნდი
  • “ბომბონერაზე” ფავორიტი ბოკაა, მაგრამ რივერისგან ყველაფერი მოსალოდნელია

რატომ უწოდებენ ლიბერტადორესის თასის ამ ფინალურ დაპირისპირებებს ეპოქალურს? მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში სუპერკლასიკო ჩატარებულიყო.

ყოფილა მადრიდული დერბი, იყო შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს მილანი და იუვენტუსი შეხვდნენ, გვახსოვს ბაიერნისა დორტმუნდის ფინალიც, მაგრამ არც ერთი იყო იმ სტატუსის მატჩი, როგორიც ბოკა-რივერის დაპირისპირებაა.

წელს, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული 2-მატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდება. ეს კი იმას ნიშნავს რომ ორკვირიან ინტერვალში, ბუენოს აირესში ბაზირებული მოსისხლე მტრები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდებიან, პირველად ბოკას სტადიონზე, ხოლო შემდეგ კი - რივერის არენაზე.

გალიარდოს დისკვალიფიკაცია

არცერთ ამ თამაშში მილიონარიოსს სათადარიგოთა სკამზე არ ეყოლება მარსელო გალიარდო - რივერის მთავარი მწვრთნელი დისკვალიფიცირებულია. იგი პორტუ ალეგრიში გრემიოს წინააღმდეგ განმეორებით თამაშშიც, სტადიონის ტრიბუნების, ერთ-ერთ ყველაზე არაკომფორტულ და მოედიდან ერთ-ერთ ყველაზე მოშორებულ ადგილას იჯდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ პირველი თამაშის მეორე ტაიმში რივერი მოედანზე დაგვიანებით გავიდა.

რივერ პლეიტის მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო დისკვალიფიცირებულია

გარდა საფეხბურთო სანქციებისა, გალიარდო 1500 დოლარითაც დაჯარიმდა, მაგრამ რივერის თავკაცმა იმდენი მოახერხა, რომ კიდევ ერთი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამჯერად კონმებოლმა იგი იმისთვის დასაჯა, რომ პორტუ ალეგრიში ჩატარებული მატჩის შესვენებაზე გუნდის გასახდელში ჩავიდა. მარცხის შემდეგ, ბრაზილიურმა მხარემ საპროტესტო ნოტაც კი დაწერა, მაგრამ გრემიოს პროტესტი სერიოზულად არც კი განუხილავთ.

ბომბონერა და ფანები

სტუმარი გუნდის გასახდელის თემა “ბომბონერაზე” ჩასატარებელი მატჩის წინ აქტუალურია. ბოკას სტადიონის ერთ-ერთი სპეციფიკურობა ის გახლავთ, რომ ტრიბუნები ვიბრირებს. ეს არაა არც ალეგორიული ნათქვამი და არც ბოკას ფანების მიერ შეთხზული მითი - ტრიბუნები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვიბრაციას განიცდის. ადვილი გამოსაცნობია, რომ ყველაზე მეტად ამ „უნარით“ ის ტრიბუნაა “დაჯილდოებული”, რომელზეც მასპინძელი კლუბის ულტრა ულტრასები იკრიბებიან. და რა არის ამ ტრიბუნის ქვემოთ? რა თქმა უნდა მოწინააღმდეგის გასახდელი!

ულტრა ულტრასებს შორის იქნებიან ე.წ. GHOST ფანები. გულშემატკივრობის თვალსაზრისით, მათი როლი სხვა ფანებისგან არაფრით განსხვავდება - ისინი 2011 წლის აჩრდილს განასახიერებენ. 7 წლის წინ, რივერი არგენტინული პრიმერადან გავარდა, ხოლო ბოკა კი ჩემპიონი გახდა. ამავე თარიღის აღსანიშნავად, “ბომბონერას” სტადიონზე აუცილებლად იქნებიან ქათმის ფორმაში გამოწყობილი ფანებიც. „ქათმებს“ მილიონარიოსის წევრებს ბოკელები რივერის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და მოუშორებელი შავი ლაქის არსებობის გამო უწოდებენ, რაც, რა თქმა უნდა, მოსისხლე მტრის პრიმერადან გავარდნაა.

რივერი პრიმერადან 2011 წელს გავარდა, ბოკა კი ჩემპიონი გახდა - ბოკელები ამ ფაქტის გამო მეტოქეს დღემდე დასცინიან

პრაქტიკულად, ამაზე დიდი საშინელება მართლაც არ შეიძლება მოხდეს. იმისთვის, რომ რივერის ქომაგებს ტოლფასი კონტრარგუმენტი ჰქონდეთ, ბოკა ამჟამინდელი სუპერლიგიდან უნდა გავარდეს და მათი საყვარელი კლუბი ჩემპიონი უნდა გახდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიის გამეორება იქნება და არა იმაზე ცუდი რამ, რაც 7 წლის წინ მოხდა. 

რივერის ფანები, აბა, რისი ფანები იქნებოდნენ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება უალტეარნატივოდ მიეღოთ. მათი თქმით, ლიბერტადორესის თასის მოგება ყველაფერს და მათ შორის, ამ სირცხვილსაც გადაფარავს.

როგორც “ბომბონერაზე”, ასევე “მონუმენტალზე”, სტუმარ გუნდს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნება. ვერცერთ არენაზე თამაშსს მათი თუნდაც ერთი ქომაგი ვერ დაესწრება. ამ გადაწყვეტილებამდე კლუბების პრეზიდენტები მივიდნენ და შეთანხმებაც შედგა, რომელიც სავსებით ლოგიკურია. რა სტადიონზე მისვლაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც პირველ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე, ბუენოს აირესში ბოკას მომხრეებმა უკვე მოასწრეს მეტოქე კლუბის გულშემატკივრის სახლის დაწვა...

დანაკლისი და უპირატესობები

პირველ მატჩამდე ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული შეხვედრები ორივე კლუბმა მეორე შემადგენლობით ჩაატარა. ბოკამ მოხუცი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ტიგრეს 4:1 მოუგო, ხოლო რივერმა კი ესტუდიანტესთან გასვლაზე 0:1 წააგო. მწვრთნელები მაქსიმალურად მოერიდნენ საკადრო პრობლემების გაღრმავებას. გილერმო ბაროს შელოტოს მთავარი თავის ტკივილი მეკარეა. ლიბერტადორესის თასის პირველ მეოთხედფინალში კრუზეიროს ფეხბურთელის დედეს მიერ ესტებან ანდრადას დამტვრევის კადრებმა მსოფლიო მოიარა და ისინი ძალიან შემზარავია. პრემიერლიგისგან განსხვავებით, კონმებოლი მსგავს ვიდეობს არ ბლოკავს - ამიტომ, მომენტის ნახვა ყველას შეუძლია...

სხვამხრივ, მეტოქეებს სრული საბრძოლო შემადგენლობები ჰყავთ. კლუბების ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრისას აქცენტი პირველ რიგში მათი სათამაშო სტილის განსხვავებზე კეთდება. ბოკა პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს, რივერი კი პირიქით, ფეთქებადი და უფრო ხასიათის გუნდია - გუნდი, რომელიც პირველ ნახევარფინალს სახლში მოქმედ გამარჯვებულთან 0:1 აგებს, მარცხდება საპასუხო მატჩის დროსაც, მაგრამ საბოლოოდ ფინალში მაინც გადის. 

ბოლო თვის მანძილზე “ბომბონერას” ბინადრებმა უდიდესი დივიდენდი მიიღეს - ათამაშდა დარიო ბენედეტო, რომელსაც უმძიმესი ტრავმა ჰქონდა და რომელიც პალმეირასთან ნახევარფინალური დაპირისპირებების გმირი იყო. საინტერესოა, რომ ფინალური დულის პირველი დაპირისპირების მთავარი მსაჯი ჩილელი რობერტ ტობას ვარგასი იქნება - რეფერი, რომელიც ბომბონერაზე ბოკა პალმეირასის მატჩს სჯიდა. პრეტენზიები მის მსაჯობასთან არ არსებობს, მაგრამ რივერელები გადაწყვეტილებას მაინც აპროტესტებენ. 

უსაფრთხოების ზომები

იმისთვის, რომ 10 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ის 13 კილომეტრი, რომელიც “მონუმენტალს” და “ბომბონერას” ერთმანეთისგან აშორებს, სრულფასოვანი საბრძოლო მოქმედებების ზონად არ გადაიქცეს, ბუენოს აირესის მერიამ ქალაქის ამ ნაწილში ძალოვნების საგანგებო პატრულირება შემოიღო. არგენტინის დედაქალაქი კრიმინალის ნაკლებობით არასდროს გამოირჩეოდა, ახლა კი, მაცხოვრებლებს კიდევ უფრო მეტი სანერვიულო აქვთ. 

სპეციალური კომუფლიაჟით აღჭურვილ პატრულებს უფლება აქვთ, რომ შეამოწმონ ნებისმიერი ადამიანი, საეჭვო პირებს ჯერ სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდონ, ხოლო მათი არდამორჩილების შემთხვევაში, დააკავონ. თუ დაკავებულები რამდენიმედღიანი პატიმრობისას თავს კარგად გამოავლენენ, მათ მატჩების მეორე დილას გაათავისუფლებენ, მაგრამ პირველი თამაშის წინ დაკავებულებს დიდი შანსი აქვთ, რომ საპასუხო მატჩის დღეც საპატიმროში გაატარონ...

კომენტარები

ბოლო ამბები