Thumbnail

ბარსელონასთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, მადრიდის რეალმა თავისი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი გაათავისუფლა. ლოპეტეგის ხელში "სამეფო კლუბს" კატასტროფული შედეგები ჰქონდა და ფლორენტინო პერესის ეს გადაწყვეტილება არავის გაუკვირდა. რეალში მწვრთნელის მოვალეობას ახლა სანტიაგო სოლარი ასრულებს - კაცი, რომელიც მადრიდში ჯერ თამაშობდა შემდეგ კი, ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

ვინ იყო ლოპეტეგი

ხულიენ ლოპეტეგის წარმატებები სანაკრებო ასპარეზზე ჰქონდა, საკლუბო ასპარეზზე კი იგი არცთუ ისე წარმატებული მწვრთნელია. 2003 წელს რაიო ვალეკანოს წვრთნიდა და 10 თამაშის მერე დაკავებული პოსტი დაატოვებინეს - იმ წელს რაიო მესამე დივიზიონში გავარდა, ხოლო 2014-2016 წლებში კი პორტუში მუშაობდა, თუმცა ასევე წარუმატებლად - ვერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი და თავის მეორე სეზონში ნაადრევად გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან. ლოპეტეგის წელი არც დაასრულებინეს, შუა სეზონში გააგდეს.

სამწვრთნელო კარიერა ლოპეტეგიმ სანაკრებო ასპარეზზე გაიკეთა. რეალის ახალგაზრდული გუნდის შემდეგ წლების მანძილზე იგი ჯერ წარმატებით წვრთნიდა ახალგაზრდულ ნაკრებებს, შემდეგ კი ორი წლის მანძილზე ესპანეთის მთავარი გუნდი ჩაიბარა და მასთან ერთად ნაკრები ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი დიდი სკანდალით ნაკრებიდან გააძევეს. მიზეზი ნაკრებთან მოქმედი კონტრაქტის პირობებში, ზედ მუნდიალის წინ, რეალთან გამართული მოლაპარაკებები გახდა.

ლოპეტეგის დანიშვნით ფლორენტინო პერესი რისკზე წავიდა - მან გუნდში ის მწვრთნელი მიიყვანა, რომელსაც საკლუბო დონეზე მხოლოდ მცირე გამოცდილება ჰქონდა, კლუბებში მუდამ წარუმატებლად მუშაობდა და არასოდეს ყოფილა რეალის კალიბრის გუნდში.

კატასტროფული შედეგები

ლოპეტეგიმ რეალის მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 137 დღე დაჰყო. მასზე სწრაფად რეალიდან მხოლოდ ერთი მწვრთნელი - ხოსე ანტონიო კამაჩო - გაუშვეს. 2004 წელს კამაჩო რეალს მხოლოდ 6 თამაშის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

ლოპეტეგის შედეგები რეალში

10 ტურის შემდეგ რეალი მე-9 ადგილზე იყო (შეხსენებისთვის ამაზე უარესი შედეგი რეალს მხოლოდ 2001 წელს ჰქონდა, როდესაც სამეფო კლუბი მეათე ადგილზე დაეშვა). ლოპეტეგი იყო მხოლოდ მესამე მწვრთნელი რეალის ისტორიაში, რომლის დროსაც გუნდს გოლი ზედიზედ ოთხი მატჩის განმავლობაში ვერ გაჰქონდა.

ბოლო 7 თამაშიდან კი რეალმა საერთოდაც 5 წააგო, ბურთების სხვაობა კი 4-13-ზე ჰქონდა.

ლოპეტეგის ეს შედეგები მოულოდნელად გამოიყურებოდა იმ ფონზე, რომ რეალმა სეზონი კარგად დაიწყო და პირველი ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, ატლეტიკოსთან კი გასვლაზე ფრედ ითამაშა.

რას ელოდა რეალი ლოპეტეგისგან?

ლოპეტეგი პირველ რიგში ახალგაზრდებთან კარგი მუშაობით გამოირჩევა. ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგისა და კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა, ახალი გუნდის მშენებლობა დაეწყო, თუმცა ახალი ფეხბურთელების შეძენის გარეშე. მისი მთავარი გათვლა ის იყო, რომ ლოპეტეგისთან ერთად რეალის ახალგაზრდა ტალანტები სწრაფად მოუმატებდნენ და გუნდის ლიდერობას შეძლებდნენ. მადრიდელთა ხელმძღვანელობას ეიმედებოდათ მარკოს ასენსიოს, ლუკას ვასკესის, დანი სებალიოსის სწრაფი პროგრესის.

განსაკუთრებული მოლოდინი იყო, რომ ისკო გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდებოდა. ისკომ ადრეული ასაკიდანვე ლოპეტეგის ხელში ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები გაიარა და ყოველთვის ამ მწვრთნელის საყვარელი ფეხბურთელი იყო. ისკოს კარიერაში ლოპეტეგიმ დიდი როლი ითამაშა.

მადრიდელთა ხელმძღვანელობის გათვლით, ისკოს გარდა რონალდოს არყოფნაში მისი ფუნქცია გარეთ ბეილს უნდა ეტვირთა. ბეილი ფლორენტინო პერესის საყვარელი ფეხბურთელია. საქმე ის არის, რომ კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტი ჯერ კიდევ პერესის წინამორბედმა რაულ კალდერონმა შეათანხმა, ბეილის 100 მილიონიანი ტრანსფერი კი პირადად ფლორენტინო პერესის დამსახურებაა. ბეილმა რამდენიმე გადამწყვეტი გოლი შეაგდო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, თუმცა გამუდმებული ტრავმების გამო, სისტემატურად უმაღლეს დონეზე თამაში ვერ შეძლო. კრისტიანოს არყოფნაში მადრიდში იმედოვნებდნენ, რომ ბეილი გუნდის ლიდერი გახდებოდა და შეძლებდა მთელი სეზონის სუპერვარსკვლავის დონეზე თამაშს.

ლოპეტეგი კომბინაციური ფეხბურთის მოყვარულია და აქცენტს ერთ მოთამაშეზე არ აკეთებს. ასე იყო ესპანეთის ნაკრებში. სწორედ ამიტომ კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ გულშემატკივრის დიდი მოლოდინის მიუხედავად, მისი პირდაპირი შემცვლელი - ახალი შემტევი სუპერვარსკვლავი - პერესს არ უყიდია. მადრიდელთა ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ ლოპეტეგის კომბინაციურ ფეხბურთში ლიდერის როლს ისკო და ბეილი მოირგებდნენ, ახალგაზრდებს სწრაფი პროგრესი ექნებოდათ და გუნდი ამ ფაქტორების ხარჯზე შეძლებდა რონალდოს წასვლით გამოწვეული დანაკლისის შევსებას. ყველა ეს გათვლა არასწორი აღმოჩნდა, რეალმა სეზონი კატასტროფულად დაიწყო.

ცუდად დაკომპლექტებული გუნდი

უცნაურია, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე რეალი არცთუ ისე კარგად არის დაკომპლექტებული. გუნდის სასტარტო შემადგენლობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა რეალს ძალიან მოკლე სათადარიგო სკამი ჰყავს. დაცვაში უკვე წლებია ერთადერთი ნაჩოა, რომელსაც ძირითადის მცველების შეცვლა შეუძლია. ნაჩო ფლანგებზეც თამაშობს და დაცვის ცენტრშიც - არცერთ პოზიციაზე იგი უნაკლოდ არ გამოიყურება. რეალს განსაკუთრებით მაშინ უჭირს, როდესაც ნაჩო ფლანგზე დანი კარვახალს ან მარსელოს ცვლის. მადრიდელებს ფლანგებიდან შეტევა ძალიან უყვართ და ამისთვის ორი აქტიური და შემტევი განაპირა მცველი ჰყავთ. როდესაც მათ ნაცვლად ნელი და შეტევაში პასიური ნაჩო თამაშობს, მადრიდელებს ფლანგებიდან თამაშის გამწვავება აღარ გამოსდით.

ნახევარდაცვაში კაზემიროს, ფაქტობრივად, შემცვლელი არ ჰყავს. მისი ფუნქციისა და სტილის სხვა მოთამაშე მადრიდელთა რიგებში არ მოიძებნება. სხვა პოზიციებზე კი შემცვლელის როლში გასულ სეზონში მატია კოვაჩიჩი იყო, რომელმაც გუნდი ამ ზაფხულს დატოვა. ასევე შემცვლელი არ ჰყავს ქარიმ ბენზემას და რეალი, ფაქტობრივად, სეზონს ერთი თავდამსხმელით შეხვდა, რომელსაც შედეგიანი სეზონი უკვე დიდი ხანია არ ჰქონია.

სწორედ ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო სეზონებში რეალი ჩემპიონთა ლიგის მოგებას უფრო ხშირად ახერხებდა, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატის - ბოლო 5 სეზონში ჩემპიონთა ლიგა მადრიდელებმა 4-ჯერ მოიგეს, ესპანეთის ჩემპიონატი კი მხოლოდ ერთხელ. ამის მიზეზი ის არის, რომ რეალის ძირითადი შემადგენლობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრებში რეალი ყოველთვის ახერხებდა უძლიერესი შემადგენლობით თამაშს, ესპანეთის ჩემპიონატში კი 38 თამაშია, მუდამ ერთი შემადგენლობით ასპარეზობა შეუძლებელია და გადამწყვეტ როლს სწორი როტაცია და ე.წ. გუნდის შემადგენლობის სიღრმე თამაშობს.

შეხსენებისთვის, რეალმა გასული სეზონის პირველი ნახევარი სრულად ჩააგდო და მალევე გამოეთიშა ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ორ ფრონტზე ერთი შემადგენლობით თამაში რეალს არ გამოსდიოდა.

მადრიდელებმა მობილიზება სეზონის მეორე ნახევარში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის შეძლეს, მაშინ, როცა პრიმერადივიზიონში მნიშვნელოვანი ამოცანები აღარ ჰქონდათ.

ამ სეზონშიც რეალს სეზონის სტარტზევე რამდენიმე საკვანძო მოთამაშე (ბეილი, ისკო, მარსელო, კარვახალი) ტრავმების გამო გამოაკლდა და ლოპეტეგისაც სათადარიგო სკამზე არავინ ჰყავდა, რომ დანაკლისი სრულფასოვნად შეევსოთ.

ჩავარდნილი სატრანსფერო კამპანია

გუნდის დაკომპლექტების პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა ცუდად ჩატარებულმა სატრანსფერო კამპანიამ. გუნდმა ერთადერთი სერიოზული შენაძენი მეკარის პოზიციაზე გააკეთა და ჩელსიდან ტიბო კურტუა გადმოიყვანა. ეს უცნაურია, რადგან მეკარის პოზიციაზე წინა სეზონებში კეილორ ნავასი ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

რეალის საზაფხულო ტრანსფერები

გუნდმა ორი ახალგაზრდა განაპირა მცველი გაუშვა (ჰაკიმი, თეო ერნანდესი) და მათ ნაცვლად ერთი ახალგაზრდა მცველი ოდრიოსოლა დაიმატა. შუა ხაზში წავიდა მატია კოვაჩიჩი, რომელიც, როგორც როტაციის მოთამაშე, ძალიან სასარგებლო იყო და რაც მთავარია გუნდი დატოვა კრიშტიანო რონალდომ.

ლოპეტეგი ყველას არწმუნებდა, რომ პასიური სატრანსფერო კამპანია პრობლემა არ იყო და რეალი მაღალი კლასის ფეხბურთს ითამაშებდა, თუმცა აქედან რა გამოვიდა, ყველამ ვნახეთ.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი. რეალის ამ შემადგენლობამ, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგო და ამოწურა თავისი პოტენციალი. ზიდანის წასვლის ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს იყო.

ლოპეტეგი ზიდანის მსგავსი ავტორიტეტი არასოდეს ყოფილა და ძალიან საეჭვოა, თუ როგორ უნდა მოეხერხებინა ამ ფორმაციის შემადგენლობისთვის ახალი მოტივაციის მოძებნა.

გასათვალისწინებელია მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორიც. სეზონის სტარტზე განსაკუთრებით სუსტად რეალის ორი ლიდერი - ლუკა მოდრიჩი და რაფაელ ვარანი - გამოიყურებოდნენ. ამ ორივემ მოთამაშემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სეზონისთვის მომზადება გვიან დაიწყო და სეზონის სტარტი სრულად ჩააგდო.

ვარანის შეცდომა და ლევანტეს გოლი

რაფაელ ვარანის შეცდომები რეალს რამდენიმე გაშვებულ გოლად დაუჯდა, ლუკა მოდრიჩი კი უკვე 34 წლის არის და, სავარაუდოა, რომ მისი კარიერის პიკი გასული სეზონში იყო და ამ დონეზე მეტი ვეღარ ითამაშებს.

კრიშტიანო რონალდოს ფაქტორი

44, 42, 51, 61, 51, 55, 60, 53 - ეს კრიშტიანო რონალდოს მიერ რეალში თითოეულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობაა. მისი პირველი სეზონის შემდეგ ყოველ წელს მას სულ მცირე 40-ზე მეტი გოლი გაჰქონდა, უმეტეს შემთვევაში კი 50-გოლიან ნიშნულსაც სცდებოდა. კრიშტიანო მხოლოდ გოლებით არ გამოირჩევა, თითოეულ სეზონში იგი საშუალოდ თამაშში საშუალოდ 6.5-ჯერ უტყამდა მეტოქის კარისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი თამაშის მანძილზე იგი ძალიან აგრესიული იყო. ასეთი აქტიური მოთამაშე მოწინააღმდეგის დაცვის ყურადღებასაც იპყრობს და თავის პარტნიორებს თამაშს უადვილებს.

ამ ფორმაციის რეალში არცერთ სხვა მოთამაშეს არ შეუძლია, არათუ კრიშტიანოს შეცვლა, არამედ სტაბილურად თამაშიდან თამაშამდე გატანა. მოედნის ცენტრში რეალს ბურთის კონტროლზე ორიენტირებული ფეხბურთელები (მოდრიჩი, ისკო, კროოსი) ჰყავს, ასენსიო და ბეილი ფლანგიდან თამაშობენ და გოლის გატანა მათი ძირითადი ფუნქცია არ არის, ბენზემა კი გოლზე ორიენტირებული ფორვარდი ახალგაზრდობის შემდეგ არ ყოფილა. სხვა შემტევი კი ამ ფორმაციის რეალში არც არის.

ბოლო ორ სეზონში გატანილი გოლების მაჩვენებელი

ამ სამივე მოთამაშეს ერთად უფრო ნაკლები გაჰქონდა, ვიდრე რონალდოს. ძალიან მარტივი სტატისტიკური ანალიზი გვარწმუნებს, რომ ლოპეტეგის როგორც არ უნდა გადაეწყო გუნდი, მას შემადგენლობაში უბრალოდ არ ჰყავდა ისეთი მოთამაშეები, რომელთაც რონალდოს წასვლით გამოწვეული დანაკლისის შევსება შეეძლოთ.

ამის შედეგი ის იყო, რომ რეალი თითოეულ თამაშში ფლობდა ბურთს, თუმცა გოლებამდე ვერ მიდიოდა. მას აკლდა სტაბილურად გამტანი ფეხბურთელი, რომელიც საჯარიმოში მუდამ საფრთხეს უქმნის მეტოქის კარს - მოკლედ რომ ვთქვათ კრიშტიანო რონალდო. რონალდოს გარეშე და ლოპეტეგისთან ერთად რეალმა თავისი ყველა ანტირეკორდი მოხსნა მშრალად ნათამაშები შეხვედრების მიხედვით.

ბურთის ფლობის და კარში დარტყმების მაჩვენებელი

ეს სტატისტიკა გვაჩვენებს.რომ იმ შეხვედრებში, როდესაც რეალმა ან საერთოდ ვერ გაიტანა, ან მხოლოდ 1 გოლი შეაგდო (ლევანტესთან), მათ ბურთი თამაშის დიდი ნაწილი ჰქონდათ და კარებშიც ხშირად არტყამდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ლოპეტეგის გუნდები ყოველთვის ბურთის ჭერაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდნენ. გამონაკლისი არც რეალი აღმოჩნდა, მადრიდელებს ბურთის კონტროლის პრობლემა არ ჰქონიათ, საშუალოდ რეალი 62 % ფლობდა ბურთს და პასების სიზუსტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 89.6 პროცენტი ჰქონდა, კარში საშუალოდ 17.6 არტყამდნენ, თუმცა უპირატესობის გოლებად რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.

შედარებისთვის, ამ სეზონში ბარსელონა დაახლოებით იმდენივეს ფლობს ბურთს, რამდენსაც რეალი - 64 %, პასების სიზუსტეც ოდნავ ნაკლები აქვს - 88.6 %, კარებშიც ოდნავ იშვიათად არტყამს 16.7, თუმცა რეალზე თითქმის ორჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი (ბარსელონა - 31, რეალი -16).

პრობლემები დაცვაში

თუკი შემტევ ხაზში პრობლემები მეტწილად გუნდის ცუდად დაკომპლექტებით უნდა აიხსნას, ის რაც რეალის დაცვაში ხდება, პირადად ლოპეტეგის ბრალია. ლოპეტეგი მაღალი პრესინგის მოყვარულია. მისი ყველა გუნდის პრესინგს მეტოქის მცველებიდან იწყებს. მაღალი პრესინგისთვის აუცილებელია, რომ გუნდი ბევრს და სინქრონულად მოძრაობდეს. რეალის ეს შემადგენლობა ბევრი მოძრაობისთვის ადაპტირებული არ არის. ტონი კროოსი არასოდეს არ ყოფილა მოძრავი და დინამიური, დაცვითი სამუშაო არც ისკოს ძლიერი მხარეა, ლუკა მოდრიჩი ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, ხოლო კაზემირო კი არჩევს, რომ თავის პოზიციაზე, მცველებთან ერთად ითამაშოს და პრესინგის დროს მაღლა აწევა არ მოუწიოს.

ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ რეალის განაპირა მცველები, განსაკუთრებით მარსელო, შეტევაში ხშირად ერთვება. რეალს ძალიან უჭირდა შეტევიდან დაცვაში გადმორთვა, ე.წ. defensive transition-ი და პრესინგის დროს დიდი სივრცეები რჩებოდა თავის ნახევარზე.

რეალის მეტოქეები პრესინგის დროს გრძელი პასით ამოდიოდნენ და ადვილად პოულობდნენ სივრცეებს მადრიდელთა ნახევარზე. შედეგად რეალი ძალიან ბევრ გოლებს უშვებდა კონტრშეტევების შედეგად.

კონტრშეტევების დროს რეალს ბევრი სივრცეები რჩებოდა

ზიდანი გუნდის ამ თავისებურებას კარგად ხვდებოდა და არჩევდა, რომ რეალს პრესინგი არ დაეწყო ასე მაღლა და ნახევარმცველებსა და მცველებს შორის სივრცეები არ დარჩენოდა. გადამწყვეტ შეხვედრებში მადრიდელებს არც მეორე ნომრად თამაში ერიდებოდათ. მაგალითისთვის, ასე ითამაშა რეალმა შარშანდელი ნახევარფინალები ბაიერნთან და ტურინში იუვენტუსთან გამართული მეოთხედფინალი.ლოპეტეგიმ კი თავისი შემადგენლობის თავისებურებები არ გაითვალისწინა.

რა ელის რეალს ლოპეტეგის შემდეგ?

შუა სეზონში მაღალი კლასის მწვრთნელის პოვნა ძალიან რთულია. ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. ეს ალბათ ლოგიკურიც იყო, რეალში კონტეს ტიპის მწვრთნელი რთული წარმოსადგენია. კონტე თავის გუნდებს ერთპიროვნულად მართავს, რეალის მწვრთნელებს კი ყოველთვის შეზღუდული ძალაუფლება აქვთ. მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი შეუთანხმებლობა სწორედ ის იყო, რომ კონტე გუნდის სატრანსფერო კამპანიის ერთპიროვნულად განკარგვას მოითხოვდა, რაზეც რეალი არ დათანხმდა.

სანტიაგო სოლარი დროებით ასრულებს მოვალეობას. თუკი გუნდს საქმეები უკეთესობისკენ წაუვიდა, რაც ალბათ სულ მცირე ოთხეულში გარანტირებულ ადგილს გულისხმობს, მაშინ, შესაძლოა, სოლარის სეზონი დაამთავრებინონ. სხვა შემთხვევაში კი რეალს ახალი მწვრთნელის მოძებნა შუა სეზონშივე მოუწევს.

წლევანდელი შედეგები მხოლოდ ლოპეტეგის ცუდი მუშაობის ბრალი არ არის. ვინც არ უნდა იყოს ამ სეზონში რეალის მწვრთნელი, ეს წელი რეალისთვის, ფაქტობრივად, დაკარგულია. პრიმერაში ჩამორჩენა უკვე ძალიან დიდია, გუნდი ცუდად არის დაკომპლექტებული და რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ფორმაციის რეალმა თავისი თავი უკვე ამოწურა. როგორ ჩანს, მადრიდელებს ზაფხულში ახალ მწვრთნელთან ერთად ახალი გუნდის მშენებლობა მოუწევთ და ამისთვის აქტიური სატრანსფერო კამპანიაც დასჭირდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები