Thumbnail

'მათ ჩემი ოჯახი და ინტერი შეურაცხყვეს' - რას ნიშნავდა მოურინიოს ჟესტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინში გამარჯვების შემდეგ, ჟოზემ იუვენტუსის გულშემატკივრებს ჟესტი უჩვენა
  • მანჩესტერელთა თავკაცის პროვოკაციულმა საქციელმა ბონუჩი და დიბალა გააბრაზა
  • პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოგვიანებით ჟესტის მნიშვნელობა განმარტა

მანესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ტურინში იუვენტუსთან გამარჯვების (2:1) შემდეგ, პროვოკაციული ჟესტით მასპინძელთა გულშემატკივრებს მიმართა. სასტვენის შემდეგ, პორტუგალიელი სპეციალისტი გაზონზე გავიდა, ტრიბუნისკენ მიბრუნებულმა კი ხელი ყურთან მიიტანა - თითქოს რაღაცის გაგონება სურდა.

"ალიანც იუვენტუსზე" პორტუგალიელის საქციელმა იქვე მყოფი იუვენტუსის ფეხბურთელები გააღიზიანა. განსაკუთრებით ლეონარდო ბონუჩი აქტიურობდა, თუმცა ეშლი იანგის, არბიტრისა და ასისტენტების დახმარებით, მოურინიომ მოედნიდან უსაფრთხოდ გააღწია.

"მთელი 90 წუთის განმავლობაში მლანძღავდნენ. აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი საქმე შემესრულებინა - სხვა არაფერი. არავისთვის არაფერი დამიშავებია, უბრალოდ, ჟესტი იმისთვის გავაკეთე, რომ მათი (იუვენტუსის ფანატების) ხმა უკეთესად გამეგო. ჩვეულებრივ, ცივი გონებით ასეთ რამეს ალბათ არ მოვიმოქმედებდი, მაგრამ ამჯერად შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს ოჯახს, ასევე ჩემს  ინტერს და რეაგირებაც შესაფერისი იყო", - უთხრა მოურინიომ Sky Sport Italia-ს.

პორტუგალიელთან ურთიერთობის გარკვევა პაულო დიბალამაც სცადა

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოურინიო იუვეს ფანატებს ჟესტს უჩვენებს. მანჩესტერში, სადაც "ბიანკონერიმ" გაიმარჯვა (1:0), პორტუგალიელმა თავკაცმა კი იტალიელი ქომაგების შეურაცხყოფას სამი თითის ჩვენებით უპასუხა. ამით პორტუგალიელმა იუვეს ფანატებს 2010 წელს, ინტერში მუშაობის პერიოდში შესრულებული ტრებლი შეახსენა - მოგება ჩემპიონთა ლიგაში, ჩემპიონატსა და იტალიის თასზე.

გასული ოთხი ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს 9 ქულით კვლავ იუვენტუსი ლიდერობს. მანჩესტერ იუნაიტედს 7 ქულა აქვს და მეორეა. 5 ქულა აქვს ვალენსიას, იანგ ბოიზს - 1.

მომდევნო ტურში იუვენტუსი ვალენსიას უმასპინძლებს, მანჩესტერ იუნაიტედი კი "ოლდ ტრაფორდზე" იანგ ბოიზს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები