Thumbnail
  • ბუფონის ევრო-კარიერა არ უნდა დამთავრებულიყო ისე, როგორც აპრილში მთავრდებოდა
  • 40 წლის ლეგენდა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის სცენაზე დაბრუნდა
  • ნეაპოლში ჯიჯის მაგრად უსტვინეს, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა

11 აპრილს, ჯანლუიჯი ბუფონის კარიერა ძალიან ცუდად მთავრდებოდა. იტალიის ნაკრების რეკორდსმენმა (175 მატჩი) მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, მეექვსე მუნდიალზე ვერ მიდიოდა და უნიკალური რეკორდი ხელიდან გამოეცალა, უშუალოდ 11 აპრილს კი, მადრიდში, რეალთან მატჩის ბოლო წუთებზე მოედნიდან გააძევეს. გეხსომებათ: იუვეს შინ 0:3 ჰქონდა წაგებული და “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0-ს იგებდა. მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი მიმდინარეობდა, როცა მედჰი ბენატიამ ლუკას ვასკესის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, ინგლისელმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა კი ტურინელთა კარში საკმაოდ საკამათო პენალტი დანიშნა.

ბუფონი შეიშალა, მსაჯს მივარდა, უყვიროდა და, როგორც გაირკვა, მიაძახა, შენი ადგილი ჯოჯოხეთშიაო. ოლივერმა მას ამისათვის წითელი ბარათი აუფრიალა. სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ კრიშტიანო რონალდოს პენალტი ვერ მოიგერია, “გრანდე ჯიჯი” კი ისევ ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე დარჩა.

ბუფონის ევრო-კარიერა ასე ნამდვილად არ უნდა დამთავრებულიყო. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა, იუვენტუსს ცრემლებით დაემშვიდობა და პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. მადრიდული მატჩის გამო ჯიჯის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგაში სამშაბათს, მეოთხე ტურში დაბრუნდა - ეს გახლდათ ბუფონის 118-ე მატჩი ევროპის ელიტარულ საკლუბო ტურნირში.

მართალია, ნეაპოლიც იტალიაა, მაგრამ იქ ჩრდილოელები და, მით უმეტეს, იუვენტუსის ლეგენდები არ უყვართ. ამიტომაც მოუწყვეს ნაპოლის ფანებმა ჯოჯოხეთური დახვედრა - ბურთთან ყოველი შეხებისას ჯიჯის მთელი “სან პაოლო” უსტვენდა. თუმცა 40 წლის ლეგენდაზე ამ ამბავმა არ იმოქმედა - ბუფონს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ პსჟ ნეაპოლში არ დამარცხდა. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი სეივები გააკეთა, ჯიჯი ლორენცო ინსინიეს პენალტის მოგერიებასთანაც ძალიან ახლოს იყო.

ბუფონმა ინსინიეს პენალტი კინაღამ მოიგერია

“ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოედანზე მოსმენა ძალიან მენატრებოდა. აზრი არ შემიცვლია: დღემდე მიმაჩნია, რომ მადრიდში წითელ ბარათს არ ვიმსახურებდი. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ამაზე აღარ მიწუწუნია - ჩუმად ვიტანჯებოდი და მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როცა ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ვითამაშებდი... ნაპოლიმ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფრე სამართლიანი შედეგია,” - განაცხადა ჯიჯიმ მატჩის შემდეგ.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ საკუთარ მომავალზე მატჩის წინ, Sky-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აშკარაა, რომ 23-წლიანი კარიერის სარულებას არც ამ სეზონის შემდეგ აპირებს: “სანამ მაღალ დონეზე ვთამაშობ, არ ვაპირებ, რომ ჩარჩოებში მოვექცე. ფეხბურთს მანამდე ვითამაშებ, სანამ არ ვიგრძნობ, რომ ამ დონეზე თამაში აღარ შემიძლია,” - აღნიშნა ჯიჯიმ, რომელსაც პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი 1995 წელს, პარმაში ჰქონდა.

ასეთ სეივებს აკეთებს 40 წლის ასაკში...

ბუფონი თავის ძველ და უდიდეს სიყვარულს, იუვენტუსს, ძალიან მაგარ სეზონს უწინასწარმეტყველებს: “ჩემპიონთა ლიგაში 2 ან 3 ფავორიტია. ჯერ ბარსელონაზე უნდა ვთქვა - მათ ხომ ლიონელ მესი ჰყავთ, რომელიც მსოფლიოში პირველი, ან მეორე ფეხბურთელია. ჩემი აზრით, უმთავრესი ფავორიტია იუვენტუსიც, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად პროგრესირებს, უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდა და, თანაც, წელს კრიშტიანო რონალდო დაიმატა, რომელიც ასევე მსოფლიოს პირველი, ან მეორე ფეხბურთელია!”

ერთი წამით წარმოიდგინეთ: იუვე ჩემპიონთა ლიგას იგებს და ბუფონი ამ დროს პსჟ-ს მეკარეა...

კომენტარები

ბოლო ამბები