Thumbnail
  • ⚽ იუვენტუსი V მანჩესტერ იუნაიტედი 📅 ოთხშაბათი ⌚ 23:59 📺 SILK UNIVERSAL
  • ტურინის იუვენტუსს შანსი აქვს 1/8-ფინალში თამაში უფლება ახლავე მოიპოვოს
  • კრიშტიანო რონალდოს იუვეს მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ჯერ არ გაუტანია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, ოთხშაბათის მთავარი მატჩი ტურინშია, სადაც იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედს მასპინძლობს. ინგლისელებს შანსი აქვთ, შური იძიონ ცოტა ხნის წინ საკუთარ მოედანზე განცდილი წაგებისთვის, იუვენტუსს კი მოგება H ჯგუფში პირველობას ახლავე  გაუნაღდებს, ფრე კი 1/8 ფინალის საგზურს მოუტანს. ყველაფერთან ერთად, ძალიან საინტერესოა, როგორ ითამაშებენ კრიშტიანო რონალდო და პოლ პოგბა იმ კლუბების წინააღმდეგ, რომლებმაც თავის დროზე ეს ფეხბურთელები მსოფლიოს გააცნეს.

იუვენტუსი

რჩება შთაბეჭდილება, თითქოს იუვენტუსს კარგა ხანია მოყირჭდა შიდა ასპერეზზე ტიტულების მოგროვება და მას შემდეგ, რაც შარშანდელი ნაპოლიც ვერ შეეცილა "სკუდეტოში", ჩემპიონობისთვის ბრძოლა იტალიაში ფორმალობად იქცა. საკამათო არაა, რომ ტურინში უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, უფრო ზუსტად კი, ოცნება - ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა. ალეგრის ხელში "ბებერი ქალბატონი" ორჯერ ძალიან ახლოს იყო ამ ოცნების ასრულებასთან, მაგრამ ორი ფინალიდან ვერცერთი მოიგო, ლეგენდა ბუფონი კი ისე წავიდა კლუბიდან, "ყურებიანი" თასი ვერაფრით აღმართა. სამაგიეროდ, ახლა კლუბში მოვიდა კრიშტიანო რონალდო, რომელმაც კარგად იცის, როგორ დაიკავოს ხელში ეს ტიტული.

დიბალას ლიგაში უკვე 4 გოლი აქვს, რონალდოს - ჯერ არცერთი

იუვემ ლიგის ჯგუფში სასტარტო მატჩები პორტუგალიელი თილისმის დაუხმარებლად მოიგო - ვალენსიასთან (2:0) რონალდო თავიდანვე გააძევეს, შემდეგ კი მის გარეშე ტურინელებმა პაულო დიბალას ჰეთ თრიქით იანგ ბოიზი (3:0) დაამარცხეს. დისკვალიფიცირებული კრიშტიანო ტურნირს "ოლფ ტრაფორდზე" დაუბრუნდა და მართალია, თავად ვერ გაუტანა ყოფილ კლუბს, მაგრამ სამაგიეროდ, დიბალას დაეხმარა ამაში (1:0). 

ახლა საკითხავი ისაა, თუ შეძლებს იუვენტუსი იმ წარმატების საკუთარ მოედანზე გამეორებას, სადაც სავარაუდოდ ფედერიკო ბერნარდესკი და დუგლას კოშტა არ ეყოლება. ტრავმები აქვთ ემრე ჯანს, მოიზე კინს, ბლეზ მატუიდის და სამი ხედირას. კლუბის ქომაგებისთვის კარგი ამბავი კი ისაა, რომ ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს მარიო მანჯუკიჩმა და ჯორჯო კიელინიმ, მაგრამ ითამაშებენ თუ არა, უცნობია.

მანჯუკიჩმა სრულფასოვნად ივარჯიშა, მაგრამ ითამაშებს თუ არა, უცნობა

მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერ იუნაიტედი ვერაფრით ელევა ჟოზე მოურინიოს. მისგან უკვე მესამე წელიწადია ელიან ფოიერვერკებს, მაგრამ მაქსიმუმი, რაც გამოვიდა, ევროპალიგაში გამარჯვება და გასულ სეზონში პრემიერლიგაში მეორე ადგილია. კლუბის ბოსებმა პორტუგალიელს ზაფხულში იმედები გაუცრუეს - არც თავდამსხმელი უყიდეს, არც მცველი. მერე იყო დაძაბულობა მარსიალთან, პოგბასთან და თუ ხმებს დავუჯერებთ, ლამის ნახევარ გუნდთან… 

ასეა თუ ისე, გულშემატკივრებში არც მანჩესტერ იუნაიტედის თამაში იწვევს აღფრთოვანებას და არც - შედეგები. მართალია, პრემიერლიგის ბოლო 4 ტურში გუნდმა 10 ქულა მოიპოვა, მაგრამ ხან ნიუკასლთან 0:2-ის ამოქაჩვა 70-ე წუთიდან მოუხდა, ხანაც - ბორნმუთთან გამარჯვების გოლის 92-ე წუთზე გატანა. მოურინიოს შეგირდებს არც ჩემპიონთა ლიგაში წაუვიდათ ყველაფერი ისე, როგორც სურდათ - იუვენტუსთან საშინაო წაგებამდე, ვალენსიას ვერ მოუგეს (0:0) და აქტივში მხოლოდ სტარტზე იანგ ბოიზთან მოპოვებული გამარჯვება (3:0) აქვთ. იუნაიტედს 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა.

მანჩესტერული გუნდი რევანშისთვის ემზადება

ინგლისურ გუნდს ტრავმების გამო დიოგუ დალოტი, მარუან ფელაინი და ანტონიო ვალენსია აკლით. ტურინში კითხვის ნიშნის ქვეშაა რომელუ ლუკაკუს თამაში.

რა მოხდება "ალაინც იუვენტუსზე", მაინც რთული სათქმელია. ჟოზე მოურინიოს რაღაცების მოფიქრება კი სჩვევია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მასიმილიანო ალეგრის უფრო მოტივირებული და ჩამოყალიბებული გუნდი ჰყავს.

საინტერესო ფაქტები

► გამარჯვების შემთხვევაში ტურინის იუვენტუსი ვადამდე გაინაღდებს H ჯგუფში პირველ ადგილს, ⅛-ფინალში გასასვლელად კი ფრეც ეყოფა.

► იუვენტუსსა და მანჩესტერ იუნაიტედს 13-ჯერ უთამაშიათ.  6-ჯერ იტალიელებმა მოიგეს, 5-ჯერ - ინგლისელებმა. 2 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთები - 16-15. 

► ამ სეზონამდე კლუბების გზები 2003 წელს გადაიკვეთა - მაშინაც ჩემიონთა ლიგის ჯგუფში. მანჩესტერ იუნაიტედმა ორივე მატჩი მოიგო - 2:1, 3:0.

► იუვენტუსმა სეზონის 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი ვერ მოიგო. ტურინელებმა შინ ჩატარებული 7 თამაშიდან 6 მოიგეს, ბურთებით - 16:4.

► ტურინის იუვენტუსს ზედიზედ 18 ოფიციალური შეხვედრაა არ წაუგია, ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

► ტურინის იუვენტუსის მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

► ტურინის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრიდან 6-ში მინუმუმ 2 გოლი გაიტანა.

► მანჩესტერ იუნაიტედი ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში 8-ში სულ ცოტა ერთ გოლს უშვებდა. 

► მანჩესტერ იუნაიტედმა ყველა ტურნირის ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში გოლი პირველმა გაუშვა.

კომენტარები მატჩის წინ

ალეგრიმ ჩემპიონთ ლიგაში ორი ფინალი წააგო

მასიმილიანო ალეგრი: "ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კარგი შედეგის ჩვენება, თუმცა ტიტულებს ჯერ ვერ მოიგებ. გვაქვს შანსი, გავიფორმოთ ჩემპიონთა ლიგის შემდეგი ეტაპის საგზური, რაც ამ სეზონში ჩვენი უმთარესი მიზანია. თუ ამას მოვახერხებთ, წლის ბოლომდე ყურადღების სერია A-ზე გამახვილების საშუალება გვექნება. 

კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსის მაისურით ჯერ არ გაუტანია ჩემპიონთა ლიგაში გოლი? იმედია, ხვალ ის შეაგდებს".

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი): "ხვალ დიდი მატჩია, მასპინძლები კი ფავორიტები არიან. ვმეგობრობ იუვენტუსის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან. მთავარია - თამაში კარგად დავიწყოთ, შემდეგ კი ასევე დავასრულოთ. ფეხბურთი 90 წუთს გრძელდება და ამიტომ, საჭიროა, რომ მეტოქეს უპირატესობა არ დავუთმოთ".

ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი იუვენტუსის ღირსევას 2012-2016 წლებში იცავდა

პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი): "იუვე პირველი გუნდი იყო, სადაც დიდ ფეხბურთში პირველი სრულფასოვანი სეზონი გავატარე, გავიტანე პირველი გოლი. იქ ვიქეცი ფეხბურთელად და ამ კლუბის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ. ტურინში ჩასვლა ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური იქნება. რა თქმა უნდა, "ოლდ ტრაფორდზე" თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ, მაგრამ იმავეს ვიტყვი იუვენტუსის სტადიონზეც. მაგრამ ჩვენ ტურინში ექსკურსიაზე კი არ მივდივართ, არამედ - ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, რომელიც რთული და ემოციური იქნება - განსაკუთრებით ჩემთვის".

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - კუადრადო, ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - რონალდო, დიბალა.

იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ - ფრედი, მატიჩი, პოგბა - რაშფორდი, სანჩესი,  მარსიალი.

კომენტარები

ბოლო ამბები