Thumbnail

'ნატო ჩემს სამშობლოს ბომბავდა!' - ნემანია მატიჩმა მაისურაზე ყაყაჩო არ გაიკეთა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა ბორნმუთთან განსხვავებული ფორმით ითამაშა
  • სერბი ნახევარმცველი ნატოს მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივს არ მიაგებს
  • ნემანია მზადაა, სულ დატოვოს ინგლისი

მანჩესტერ იუნაიტედის სერბმა ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა, ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩის წინ, რომელშიც მისი გუნდი ბორნმუთს ხვდებოდა, მაისურაზე წითელი ყაყაჩოს მიმაგრებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

Telegraf-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი ჯერ კიდევ გასახდელში დაინტერესდა, თუ რატომ უნდა ჩაეცვა მაისური ასეთი სიმბოლოთი. მატიჩს იქვე განუმარტეს, რომ ამით პატივს მიაგებენ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის ნატოს მისიებში დაღუპულ ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს. ნატოს გაგონების შემდეგ, სერბმა ფეხბურთელმა უარი თქვა სიმბოლოს გაკეთებაზე და განაცხადა, რომ ვერ მიაგებს პატივს მათ, ვინც მის ქვეყანას ბომბავდა.

მატიჩმა დასძინა, რომ ის მზადაა, დაუყოვნებლივ დატოვოს გუნდი და ინგლისი, თუ ეს საჭირო გახდება. საბოლოოდ ფეხბურთელს მოედანზე ჩვეულებრივი მაისურით გასვლის საშუალება მისცეს.

აღსანიშნავია, რომ უწინ, ჩელსისა და მანჩესტერ იუნაიტედში გამოსვლისას, მატიჩს არაერთხელ უთამაშია ამ სიმბოლოთი. კლუბში კი განმარტეს, რომ ფეხბურთელმა ყვავილის გაკეთებაზე ამჯერად უარი პირადი მიზეზით თქვა.

"ჩემთვის გასაგებია, ადამიანები რატომაც იკეთებენ ყაყაჩოს და პატივს ვცემ თითოეულის არჩევანს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც ახლობელი დაკარგა კონფლიქტებში. მაგრამ ჩემთვის ეს - შეხსენებაა იმ თავდასხმის, რომელიც ვრელოში მცხოვრებმა 12 წლის ბიჭმა გადავიტანე. ჩემი სამშობლო 1999 წელს დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს... 

არ მსურს ბრიტანეთში მიღებული სიმბოლოს მიმართ უპატივცემულობა გამოვავლინო ან შეურაცხვყო ვინმე, მაგრამ ეს ყველას პირადი არჩევანია. იმედია, გამიგებთ და შევძლებ, ყურადღება გუნდისთვის მომავალ მატჩებში დახმარებაზე გავამახვილო", - დაწერა მატიჩმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში.

მანჩესტერ იუნატედმა ბორნმუთს ანგარიშით 2:1 მოუგო, ნემანია მატიჩმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

სერბეთის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის 30 წლის ნახევარმცველი სერბეთის პატარა სოფელ ვრელოში გაიზარდა. მატიჩს მანამდე ჩელსიში, ვიტესში და ბენფიკაში უთამაშია.

ნატომ ყოფილ იუგოსლავიაში სამხედრო ოპერაცია 1999 წლის 24 მარტიდან 10 ივნისამდე ჩაატარა. იერიშის მიზეზი რეგიონში ეთნიკური წმენდა გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები