Thumbnail
  • 33 წლის ხორვატ ნახევარმცველზე იტალიელები სერიოზულად ფიქრობენ
  • იუვენტუსს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სჭირდება

ტურინის იუვენტუსი მადრიდის რეალის კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებითაა დაინტერესებული. კრიშტიანო რონალდოს შემდეგ, "ბებერ ქალბატონში" კარიერა შესაძლოა ლუკა მოდრიჩმაც გააგრელოს.

როგორც Don Balon იუწყება, მადრიდის რეალის 33 წლის ხორვატ ნახევარმცველზე იტალიელები სერიოზულად ფიქრობენ. ტურინულ კლუბში მიაჩნიათ, რომ ლუკა, რომელიც რონალდოსთან კარგადაა შეთამაშებული, ნახევარდაცვის ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაში დაეხმარება.

ლუკას და კრიშტიანოს ერთად არაერთი ტიტული აქვთ მოგებული

ცნობილია, რომ მოდრიჩს არცთუ იდეალური ურთიერთობა აქვს რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან, რის გამოც ფეხბურთელს კარგა ხანია მადრიდის დატოვება სურს. გასულ ზაფხულში ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელით სხვა იტალიური კლუბი - მილანის ინტერი იყო დაინტერესებული, მაგრამ გარიგება არ შედგა.

 გასულ ზაფხულს რეალიდან იუვენტუსში კრიშტიანო რონალდო გადავიდა. ბოლო დროს მედია "სამეფო კლუბიდან" ტურინში მარსელოს გადაბარგების შესაძლებლობაზეც წერდა.

ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალში 2012 წლიდან გამოდის, კლუბთან ერთად მან ერთხელ ლა ლიგაში, ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

გასულ ზაფხულს ფეხბურთელი რუსეთში გამართულ მუნდიალზე ხორვატიის ნაკრებთან ერთად ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფიფამ და უეფამ ის 2018 წლის ფეხბურთელად დაასახელეს.

33 წლის ხორვატმა მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალის 15 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები