Thumbnail
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩები გაიმართა
  • დეტროიტმა პისტონსმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო
  • გოლდენ სტეიტი ისევ იგებს და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩები გაიმართა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა დეტროიტ პისტონსმა მაიამი ჰიტს უმასპინძლა და ოვერტაიმში დამარცხდა - 115:120 (105:105).

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე სულ 8:56 წუთი დაჰყო, რა დროშიც შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა. ზაზამ ერთხელ არაზუსტად ტყორცნა, 2-ჯერ კი დაჯარიმდა.

ზაზამ მიმდინარე სეზონის 9 მატჩში ყველაზე ცოტა მაიამისთან ითამაშა

მოედანზე საუკეთესო სტუმართა კალათბურთელი ჯოშ რიჩარდსონი იყო, რომელმაც 27 ქულა მიითვალა. დეტროიტში 25-25 ქულით ანდრე დრამონდი და რეჯი ჯექსონი გამოირჩნენ. მასპინძელთა ცენტრმა სულაც ორმაგი დუბლი შეასრულა - მის ანგარიშზე ასევე 24  მოხსნა იყო. 

ამ თამაშში 18 ქულა ჩააგდო მაიამის მცველმა დუეინ უეიდმა, რომელმაც კარიერაში 22 211-ე ქულა მიითვალა და NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეთა რეიტინგში 30-ე ადგილზე აინაცვლა. უეიდმა კლაიდ დრაკსლერს (22 195) გადაასწრო, მის წინ კი ელჯინ ბეილორია 23 149 ქულით.

უეიდი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში მოედანზე 25,7 წუთს ატარებს და 14,3 ქულას ითვლის.

ფაჩულიას გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა დეტროიტს 8 ნოემბერს, სტუმრად ორლანდოსთან უწევს.

გოლდენ სტეიტის ზედიზედ მერვე

ზედიზედ მერვე მოგება იზეიმა გოლდენ სტეიტმა, რომელმაც მემფის გრიზლის აჯობა. NBA-ს მოქმედმა ჩემპიონებმა ოკლენდში გამართული შეხვედრა 117:101 მოიგეს. მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელშიც უორიორსს 19-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

გოლდენ სტეიტის შეჩერება მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ დენვერმა მოახერხა

მასპინძელთა რიგებში 27 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო, კევინ დურანტმა - 22, სტეფ კარიმ - 19. მემფისში კი ყველაზე შედეგიანი დილონ ბრუკსი იყო 18 ქულით.

გოლდენ სტეიტი 10 მოგებითა და 1 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია. მომდევნო შეხვედრა ჩემპიონებს 11 ნოემბერს, შინ მილუიკისთან უწევთ.

ჯამალ მარეის სურვილი და რეალობა

დენვერ ნაგეთსის გამთამაშებელმა ჯამალ მარეიმ, ბოსტონ სელტიკსთან საშინაო მატჩი (115:107) 50-ქულიანი ზღვარის გადალახვა სცადა. მარეიმ, რომელსაც აქტივში 48 ქულა ჰქონდა, ბოლო წამებზე 3-ქულიანი სირენასთან ერთად ტყორცნა. არადა, ამ დროს გუნდები უკვე აღარ თამაშობდნენ. მოედანზე ვითარება დაიძაბა.

ნაგეთსის კალათბურთელის საქციელი განსაკუთრებით სელტიკსის გამთამაშებელი კაირი ირვინგი გააღიზიანა, რომელმაც მომხდარის შემდეგ ბურთი ტრიბუნებისკენ მოისროლა.

"როგორც ხდება ხოლმე, ემოციებმა ამიყოლია, მაგრამ იმ სროლით სულაც არ მსურდა უპატივცემულობა გამომეხატა ბოსტონისა და მისი გულშემატკივრების მიმართ. უბრალოდ, 50 ქულაზე ვფიქრობდი. მგონი, ყველა ხვდება, რაც მინდოდა", - თქვა მოგვიანებით კალათბურთელმა.

მარეისთვის 48 ქულაც შედეგიანობის პირადი რეკორდია. თამაშიდან ჯამში მან 30 ტყორცნიდან 19 ჩააგდო, მათ შორის 5 სამქულიანი, რასაც 5 ზუსტი საჯარიმოც დაუმატა. მის ანგარიშზე ასევე 5 მოხსნა და 4 პასი იყო.

დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, ბოსტონი კი აღმოსავლეთში მე-4 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები