Thumbnail

Overwatch | სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Overwatch-ის მსოფლიო ჩემპიონი სამხრეთ კორეა გახდა
  • აზიელები ზედიზედ მესამედ იგებენ აღნიშნულ ტურნირს

სამხრეთ კორეელებს ელექტრონული სპორტის კუთხით უჩვეულოდ წარუმატებელი წელი ჰქონდათ. League of Legends-ის Worlds-ის ფინალში ვერც ერთი სამხრეთ კორეული გუნდი ვერ გავიდა, ხოლო StarCraft II-ს კი ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად ჰყავს არაკორეელი ჩემპიონი.

სამაგიეროდ, Blizzcon-ის ფარგლებში ჩატარებულ Overwatch-ის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული სწორედ სამხრეთ კორეა გახდა. საინტერესოა ისიც, რომ აზიელები ზედიზედ მესამედ იგებენ აღნიშნულ ტიტულს.

ნახევარფინალში მათ ბრიტანელები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და დასკვნით შეხვედრაში ჩინეთს დაუპირისპირდნენ.

შესაძლოა ბრიტანელებთან თამაშში სამხრეთ კორეელებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ, მაგრამ აღნიშნულმა ფაქტმა მოქმედ ჩემპიონებს უბრალოდ მოტივაცია შემატა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინელებმა მეტოქეს ვერანაირი წინააღგმდეგობა ვერ გაუწიეს და 4-0 დამარცხდნენ.

'თამაშის დაწყებამდეც ვიცოდით, რომ ჩვენსა და სამხრეთ კორეელებს შორის გარკვეული სხვაობა იყო, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ამდენად გვჯობდნენ. მათი უნარები და გუნდური კოორდინაცია ჩვენსაზე ბევრად წინ იყო.' - განაცხადა ჩინელთა კაპიტანმა, ტიანბინ 'LateYoung' მამ.

ჩინელები მეორე ადგილითაც კმაყოფილნი უნდა იყვნენ, რადგან შარშან ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.

რაც შეეხება კორეას - მათი დინასტია გრძელდება. ბევრჯერ დაისვა კითხვა - რატომ ხდება, რომ Overwatch-ის ტურნირებს მუდმივად კორეელები იგებენ? ამ კითხვას ყველაზე კარგად ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, სეონგ-ჰიუნ 'Jjonak' ბენგმა უპასუხა.

'კონკურენცია კორეული კულტურის ნიშაა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს თვისებაა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ჩემი აზრით, ჩვენ უბრალოდ ყველა დროის საუკეთესო გუნდი ვართ და შარშანდელი, თუ შარშანწინდელი ფორმაციის ჩვენივე ქვეყნის ნაკრებს, ასევე მარტივად დავამარცხებდით.'

 

კომენტარები

ბოლო ამბები