Thumbnail
  • ⚽ ნაპოლი V პსჟ 📅 სამშაბათი ⌚ 23:59 📺 SILK UNIVERSAL
  • ედინსონ კავანი ნეაპოლში ბრუნდება, ჯიჯი ბუფონი - ჩემპიონთა ლიგაში
  • გამარჯვება ანჩელოტის გუნდს პლეი ოფს თითქმის გაუნაღდებს

სამშაბათს "სან პაოლოზე" ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში ნაპოლი პარი სენ-ჟერმენს უმასპინძლებს. ორივე გუნდი მშვენიერ ფორმაშია და შიდა ასპარეზზე კარგ შედეგსაც აჩვენებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა - სხვა განზომილებაა და აქ ნეაპოლელებსა და პარიზელებს პლეი ოფის საგზურისთვის ერთმანეთში წინ დიდი ბრძოლა აქვთ გადასატანი. 

"სან პაოლოზე" განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სტუმართა ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი იქნება, რომელიც სწორედ ნეაპოლში ჩამოყალიბდა ევროპის ტოპ-ფორვარდად. 31 წლის მატადორი ამ ქალაქში სათამაშოდ პირველად ჩადის მას შემდეგ, რაც 2013 წელს ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. ბოლო ინფორმაციით, კავანიმ ტრავმა მოირჩინა (რის გამოც ლიგა 1-ში ბოლო ორი მატჩი გამოტოვა) და საერთო ჯგუფთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა კიდეც. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რასაც "სან პაოლოზე" ველით, ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ის მაისურით ჯიჯი ბუფონის დებიუტია. პარიზელთა თავკაცმა თომას ტუხელმა წინდაწინ დააანონსა, რომ ნეაპოლში კარში 40 წლის იტალიელი გოლკიპერი იდგება.

ჯიჯიმ ჩემპიონთა ლიგაში დისკვალიფიკაცია მოიხადა 

ნაპოლი

ნეაპოლელებმა ტურნირში მარცხი არ იციან. პირველ ტურში სტუმრად ცრვენა ზვეზდასთან ქულა მოიპოვეს (0:0), მეორეში - შინ ლივერპულს მოუგეს (1:0), შემდეგ კი პარიზში პსჟ-სთან ფრედ (2:2) ითამაშეს. პირველი წრის შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდს პლეი ოფში გასვლის მშვენიერი შანსი აქვს - ჯგუფში 5 ქულით მეორეა. ლიდერი ლივერპულია 6 ქულით, პსჟ-ს კი 4 ქულა აქვს. შესაბამისად, თუკი ნაპოლი "სან პაოლოზე" პარიზელებს აჯობებს, პლეი ოფში თამაშს 99%-ით გაინაღდებს.

სამხრეთელებს საქმე კარგად აქვთ იტალიის ჩემპიონატში. პარასკევს ემპოლი გაანადგურეს - 5:1. 11 მატჩში 8 მოგებითა და 25 ქულით, ანჩელოტის გუნდი ცხრილში მესამეა - ლიდერ იუვენტუსს 6 ქულით, ინტერს კი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.

ნაპოლის ტრავმირებული ჰყავს ვლად კირიკეში, სიმონე ვერდი და ალეკს მერეტი. საეჭვოა ფაუზი გულიამის თამაში. 

ლორენცო ინსინიემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩში გაიტანა

პარი სენ-ჟერმენი

პარიზელებმა პირველი წრე ისე ვერ ჩაატარეს, როგორც კლუბის ამბიციებს შეეფერება. პირველ ტურში "ენფილდზე" წააგეს (2:3), შემდეგ ცრვენა ზვეზდა კი გაანადგურეს (6:1), მაგრამ ბოლო ტურში ნაპოლისთან წაგებას მხოლოდ ბოლო წუთზე ანხელ დი მარიას მიერ გატანილი გოლის წყალობით გადარჩნენ (2:2). შედეგად, პსჟ ჯგუფში მესამე ადგილზეა და "შეიხების ეპოქაში" პირველად, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს მიღმა დარჩენა ემუქრება. თომას ტუხელის შეგირდებს ნეაპოლში არათუ წაგების ფუფუნება არ აქვთ, ფრეც ვეღარ ჩაეთვლებათ წარმატებად.

 ტურნირი, სადაც პსჟ-ს პრობლემები არ აქვს, საფრანგეთის ჩემპიონატია. პარასკევს გუნდმა ლილი დაამარცხა (2:1), მეთორმეტე მატჩში მეთორმეტე მოგება იზეიმა და ნაპოლისთან მატჩის წინ უნიკალური მიღწევით იწონებს თავს - ევროპის ტოპ-5 ლიგაში პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონატი 12 მოგებით დაიწყო (აქამდე რეკორდი ტოტენჰემის 11 მოგება იყო, 1960/61 წლების სეზონში).

CIES-ის ვერსიით, მსოფლიოს სამი უძვირფასესი ფეხბურთელიდან ორი პსჟ-ში თამაშობს

ნაპოლის წინააღმდეგ დანი ალვეში, ლაივენ კურზავა და კოლინ დაგბა ვერ ითამაშებენ. უცნობია, გავა თუ არა კარგად ნაცნობ მოედანზე ედინსონ კავანი.

საინტერესო ფაქტები

► ნაპოლისა და პსჟ-ს აქამდე სამჯერ უთამაშიათ. მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ფრე 2:2 დაფიქსირდა, მანამდე კი ამ გუნდების გზები 1992/93 წლების უეფას თასის 1/16-ფინალში გადაიკვეთა. მაშინ უფრო ძლიერი პსჟ აღმოჩნდა (2:0, 0:0). 

► პარი სენ-ჟერმენის მონაწილეობით, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 18 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი ფიქსირდება.

► პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩიდან 5-ში მინიმუმ ორი გოლი გაუშვა.

► პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაში სამი ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.

► ნაპოლი ყველა ტურნირის ზედიზედ ექვსი შეხვედრაში დაუმარცხებელია, საკუთარ მოედანზე კი 15 მატჩია, არ წაუგია.

► CIES Football Observatory-ს ვერსიით, კილიან მბაპე მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელია (216,5 მლნ ევრო). რეიტინგის სამეულშია ნეიმარიც (197 მლნ)
 
► ედინსონ კავანი პსჟ-ისა და ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირია ჩემპიონთა ლიგაში. ფრანგულ კლუბში მის ანგარიშზე ტურნირში გატანილი 28 გოლია, იტალიურში - 19.

კომენტარები თამაშის წინ

კარლო ანჩელოტი 2011-2013 წლებში პარი სენ-ჟერმენს წვრთნიდა

კარლო ანჩელოტი (ნაპოლის მთავარი მწრთნელი): "თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. პირველ თამაშში მეტოქემ ორი სქემა გამოიყენა და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ამჯერად რომელს აირჩევს, მაგრამ ნებისმიერი შემთხვევაში, პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის წინააღმდეგ გაგვიჭირდება. მაგრამ ის თამაში, რომელიც პირველ მატჩში ვაჩვენეთ, თავდაჯერებას გვმატებს".

 ედინსონ კავანი (პსჟ-ს თავდამსხმელი): "ნაპოლიში სამი დიდებული წელიწადი გავატარე და ამ კლუბთან ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ეს იქნება ბრწყინვალე მატჩი, რადგან ჩვენც და ნაპოლისაც მოგება გვჭირდება, რათა ჯგუფში უპირატესობა მოვიპოვოთ. ჩემთვის კი ის კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება. პირველ რიგში იმის გამო, რომ იქ მოსაგებად მივდივართ. მეორეც - ნეაპოლთან ბევრი დაუვაწყარი წუთი მაკავშირებს. ნაპოლისთან სტუმრად მოგება ძნელია, მაგრამ არა - შეუძლებელი". 

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიუ რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, რუისი - ინსინიე, მერტენსი

პსჟ (3-4-3): ბუფონი - მარკინიოსი, ტაიგო სილვა, კიმპემბე - მონიე, რაბიო, ვერატი, ბერნატი - მბაპე, კავანი, ნეიმარი.

კომენტარები

ბოლო ამბები