Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანი გახდა
  • 2018 წელს მან ATP-ის ორი ტურნირი მოიგო - გერმანიისა და ჩინეთის ღია პირველობები

ATP-ის 2018 წლის სეზონში მხოლოდ შემაჯამებელი ტურნირი რჩება ლონდონში, რომელშიც მსოფლიოს 8 საუკეთესო ჩოგბურთელი იასპარეზებს. ასე რომ, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის 2018 წლის სეზონი დასრულებულია, სეზონი, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო იყო. 26 წლის ჩოგბურთელმა პროფესიულ ჩოგბურთში მე-10 სეზონი დაასრულა. 

დღეს ATP-ის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი 1 795 ქულით 21-ე ადგილზეა. ეს მისი კარიერის ახალი რეკორდია. ბასილაშვილის ეს რეკორდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მამაკაცთა ჩოგბურთში საუკეთესო მიღწევაა.

სეზონში 29 გამარჯვება ნიკას ახალი რეკორდია

ნიკას სულ ცოტა დააკლდა TOP 20-ში შესასვლელად. მე-20 ადგილზე გასულ იტალიელ მარკო ჩეკინატოს ქართველი მხოლოდ 24 ქულით ჩამორჩა. 

2018 წელს ნიკამ ტურზე 29 მოგება მიითვალა და ეს მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო - იანვრიდან მარტამდე 7-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა. თუმცა გერმანელ მწვრთნელ იან დე ვიტთან მუშაობამ შედეგი გამოიღო და ივლისში მან კარიერაში პირველი ტიტული მოიგო ATP-ის ტურზე - გერმანიის ღია პირველობის ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა.  

ჰამბურგის ტურნირის მოგების სემდეგ

რას მიაღწია 2018 წელს

► გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, ვინც ATP-ის ტურნირი მოიგო. ეს მან ჰამბურგში მოახერხა, სადაც საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაება!

► მოიგო კარიერაში უდიდესი მატჩი, როცა პეკინის 500-იანი ტურნირის ფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

► სეზონი ორი გამარჯვებით დაასრულა ჰამბურგისა და პეკინის ტურნირები. ორივე ATP-ის მსოფლიო ტურის 500-იანი ტურნირია. 

მსოფლიოს მე-4 ჩოგნის, ხუან მარტინ დელ პოტროს დამარცხების შემდეგ

► 5 ნოემბერს გახდა მსოფლიოს 21-ე ჩოგანი - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქართველისთვის ATP-ის რეიტინგში. 

►29 გამარჯვება ტურზე მისი კარიერის რეკორდია სეზონში.

► ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-3 წრეში გავიდა.

► ამერიკის ღია პირველობაზე მერვედფინალში გავიდა.

► ეს ბასილაშვილისთვის პირველი მერვედფინალი იყო დიდი სლემის ტურნირზე. ის ბრძოლაში რაფა ნადალთან დამარცხდა. 

► მარაკეშის, ბუდაპეშტის, ანთალიისა და მეცის ტურნირებზე მეოთხედფინალებში ითამაშა. 

ამერიკაში ნიკამ დიდი სლემის მერვედფინალში პირველად ითამაშა, მაგრამ ნადალთან დამარცხდა

2-მილიონიანი სეზონი

პარიზის მასტერსის მეორე წრეში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის საპრიზო ფონდი 2 მილიონ დოლარს გადააცილა - $2 023 705.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა იმაზე მეტი ჰონორარი იშოვნა, ვიდრე წინა 9.5 სეზონში ერთად. ჯამში ნიკამ ჩოგბურთის თამაშით $3 479 870 იშოვა. 

ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ

ნოვაკი პირველია

ATP-ის სეზონის ბოლოს მსოფლიო რეიტინგს სათავეში ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაუდგა 8 045 ქულით. მან რაფაელ ნადალს გადაუსწრო. ესპანელს 7 480 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მესამეზე როჯერ ფედერერი (შვეიცარია) რჩება - 6 020 ქულა. 

მეტი ამ თემაზე:

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები