Thumbnail
  • ბაიერნი საკუთარ მოედანზე ფრაიბურგსაც ვეღარ უგებს
  • სალიჰამიჯიჩი კოვაჩის შესახებ დასმულ კითხვებს სულელურს უწოდებს

ბაიერნი ზედიზედ ექვსჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, წინა სეზონში კი ბუნდესლიგა 21-ქულიანი უპირატესობით მოიგო. მიუნხენური გრანდი ბოლო წლებში გერმანიაში უკონკურენტო პირველი ნომერი იყო. იყო…

წელს რეკორდმაისტერი ძალიან არასტაბილურია, ფრაიბურგთან საკუთარ მოედანზე დაკარგული ქულების შემდეგ კი (1:1), ბაიერნის გულშემატკივრები უკვე სერიოზულად შიშობენ, რომ მათი საყვარელი გუნდი წელს ბუნდესლიგას ვეღარ მოიგებს. ამ სეზონში ბავარიულ გრანდს ნიკო კოვაჩის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ცხადია, ბევრი რამ მას ბრალდება, მაგრამ ყველაფერი კოვაჩის ბრალი ვერ იქნება.

მომდევნო შაბათს ბაიერნს დორტმუნდში ურთულესი მატჩი ელის. ახლა გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სწორედ ბორუსია ლიდერობს და თუ მიუნხენელები დორტმუნდში წააგებენ, რაც აბსოლუტურად რეალურია, ლიდერთან ჩამორჩენა 7 ქულამდე გაიზრდება.

“ჩვენ ძალიან ვწვალობთ, დორტმუნდის ბორუსია კი შესანიშნავ ფორმაშია და ლაღ ფეხბურთს თამაშობს. სასწრაფოდ გვჭირდება მოგებათა სერია, რომ ყველაფერი სწრაფად გამოსწორდეს,” - განაცხადა თომას მიულერმა ფრაიბურგთან მატჩის შემდეგ.

“უკვე რამდენიმე კვირაა, ვეღარ ვბრწყინავთ და ეს ყველამ კარგად ვიცით. კრიზისი გვაქვს,” - ეს მანუელ ნოიერის სიტყვებია.

თანაც, ეს უკვე აღარ არის მინი-კრიზისი. შაბათს, რეკორდმაისტერმა ფრაიბურგთან ქულები ისე დაკარგა, როგორც იმ იშვიათ სეზონებში კარგავდა ხოლმე, როცა ბოლოს ჩემპიონი ვერ ხდებოდა. მე-80 წუთამდე 0:0 იყო, მერე სერჟ გნაბრიმ ანგარიში გახსნა და ბაიერნის 3 ქულა თითქოს გადაარჩინა, მაგრამ 9 წუთის შემდეგ, ფრაიბურგელმა ლუკას ჰიოლერმა ანგარიში გაათანაბრა და ფრაიმ “ალიანც არენიდან” ქულა წაიღო.

“ჩვენი მხრიდან ეს არ იყო კარგი თამაში. ჩანს, რომ სიმსუბუქე გვაკლია, გუნდი ძალიან დამძიმებულია. თამაშის ტემპის სათანადოდ მომატებასაც კი ვერ ვახერხებთ!” - წუხს სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი და კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში კოვაჩის გათავისუფლების საკითხი, თუკი ბაიერნი ერთ კვირაში დორტმუნდში წააგებს, ასე პასუხობს: “ასეთ სულელურ კითხვას ნუ დამისვამთ, ძალიან გთხოვთ!”

სალიჰამიჯიჩი კოვაჩის შესახებ დასმულ კითხვას სულელურს უწოდებს, ჩვენი გერმანელი კოლეგები კი სხვაგვარად ფიქრობენ - მათ მიაჩნიათ, რომ ახლა სწორედ ეს კითხვაა ყველაზე ლოგიკური, რადგან რაც დრო გადის, კოვაჩს პრობლემები ემატება და მათ მოგვარებას ვერ ახერხებს. ფაქტია ისიც, რომ ხორვატი უკვე ძალიან ბევრ ფრონტზე იბრძვის. ფრაიბურგთან მატჩის დროს თვალშისაცემი იყო უკმაყოფილო არიენ რობენის რეაქცია და გარდა ამისა, კოვაჩი თომას მიულერის ცოლმა, ლიზა მიულერმაც კი გააკრიტიკა. თომასი 70 წუთი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ლიზამ შეცვლის დროს დაპოსტა, როგორც იქნა, გონება გაუნათდაო...

გერმანიის თასზე, რიოდინგჰაუზენთან წვალებით მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ, კოვაჩმა ფრაიბურგთან ძირითადი შემადგენლობა 6 პოზიციაზე შეცვალა. უშედეგოდ. პირველ ტაიმში მიუნხენელებმა კარში მხოლოდ სამჯერ დაარტყეს. ჯოშუა კიმიხი საკადრო პრობლემების გამო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და 16-დან 14 ორთაბრძოლა წააგო.

სხვა საყურადღებო ფაქტები:

► ბაიერნის ფეხბურთელებმა (117,6) ფრაიბურგელებზე ნაკლები ირბინეს (121,8).

► 4-მატჩიანი მოუგებელი სერია საკუთარ მოედანზე ოფიცილურ შეხვედრებში (მხოლოდ 3 გოლი) - ბოლოს ბაიერნს ასეთი რამ 2001 წელს დაემართა.

► მხოლოდ 20 ქულა 10 ტურის შემდეგ - ასეთი ცუდი სტარტი ბაიერნს 8 წელია, აღარ ჰქონია. მაშინ ჩემპიონი დორტმუნდის ბორუსია გახდა.

თომას მიულერი: “დორტმუნდს 4 ქულით ჩამოვრჩებით და, რა თქმა უნდა, ლიდერობის დაბრუნება გვინდა. დარწმუნებულები იყავით, რომ დავბრუნდებით!”

კომენტარები

ბოლო ამბები